Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამ იცის” ესაუბრება მეტყველების თერაპევტი სოფიო ქურასბედიანი.

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა იმისთვის, რომ არ განვითარდეს ენაბორძიკობა?

ენის ბორძიკის გამომწვევი მრავალი ფაქტორი არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რომელიც იწვევს ენაბორძიკობას, არის ბავშვის მეტყველების გადატვირთვა. რასაკვირველია, მშობლებმა უნდა იზრუნონ ბავშვის მეტყველების განვითარებაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, უფროსები ხშირად ბევრს უკითხავენ და ამავე დროს მათი ასაკისათვის შეუფერებელ ზღაპრებს, მოთხრობებს, აიძულებენ ლექსების სწავლას. 

მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ადრეულ ასაკში ბავშვებს მეტყველების შესაძლებლობები შეზღუდული აქვთ. ბგერათწარმოთქმა მთლიანად არ არის ფორმირებული. სიტყვათა მარაგი ღარიბია, არასრულფასოვნად ფლობენ ენის გრამატიკულ საშუალებებს. მშობლები კი აიძულებენ მათ წარმოთქვან რთული ფრაზები, უცნობი და გაუგებარი სიტყვებით. ყველა ბგერის სწორი წარმოთქმა ბავშვებს 4 წლის ასაკის შემდეგ შეუძლიათ, როდესაც საარტიკულაციო აპარატი სრულად ჩამოყალიბებული და ძლიერია, ამიტომ ამ დრომდე არ შეიძლება ვასწავლოთ ბავშვს რთული სიტყვები და ფრაზები როგორც ბგერათწარმოთქმის მხრივ, ასევე აზრობრივად.

არანაკლებ საშიშია ორიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების გადატვირთვა ისეთი შთაბეჭდილებებით, რომლებიც იწვევს ემოციურ გადაძაბვას. ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი, მისი ბუნება, რამდენად მგრძნობიარეა, როგორია მისი ნერვული სისტემა. ზოგჯერ მშობლები მეორე უკიდურესობაში ვარდებიან, არ ზრუნავენ ბავშვის მეტყველების განვითარებაზე; არ უკითხავენ ზღაპრებს და მოთხრობებს, არ ასწავლიან ლექსებს, არ აქცევენ ყურადღებას ბგერათწარმოთქმას, არ უხსნიან უცხო სიტყვების მნიშვნელობას. ასეთ შემთხვევაში ბავშვის მეტყველების განვითარება ფერხდება და ჩამორჩება ასაკს. 1 წლის ასაკში არ შეუძლია დამოუკიდებლად  წარმოთქვას სიტყვები, 2 წლის ასაკში ვერ აგებს 2 სიტყვიან წინადადებებს, არ სვამს კითხვებს. ისინი ცალკეულ სიტყვებს წარმოთქვამენ 3 წლისათვის, ფრაზის გამოყენებას იწყებენ 5 წლისათვის ან უფრო გვიან, ღარიბი იქნება მათი ლექსიკური მარაგი, გრამატიკულად სწორად ვერ გააფორმებს წინადადებას და ბგერათწარმოთქმაც დარღვეული იქნება. ამ დროს შეიძლება ბავშვის არავერბალური ინტელექტი უკეთ იყოს განვითარებული ვერბალურზე; ბავშვს არა აქვს საჭირო სიტყვები, რომ გამოხატოს თავისი აზრი, ამიტომ მეტყველების დროს ჩნდება პაუზა, შეჩერება, წაბორძიკება, რომელიც შემდგომ შეიძლება გადავიდეს ენაბორძიკობაში.

ასეთი მდგომარეობა რომ თავიდან ავიცილოთ, მშობლებმა უნდა იზრუნონ ბავშვის მეტყველების განვითარებაზე. საჭიროა ბავშვი ჩავრთოთ მისი ასაკისთვის შესაფერის აქტივობებში.

ბავშვის მეტყველების მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს ოჯახის წევრებს შორის დაძაბული ან არასასურველი ურთიერთობა, უსიამოვნებები და კონფლიქტები ოჯახში, ბავშვის შეშინება, ცემა, მკაცრად დასჯა, ხშირი პრეტენზიები. ყოველივე ამან მგრძნობიარე ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს ენაბორძიკობა. ამიტომ ახლობლები მაქსიმალურად უნდა შეეცადონ, რომ ბავშვი არ გახდეს მათი კონფლიქტების შემსწრე. 

ენაბორძიკობა შეიძლება განვითარდეს მიბაძვითაც. თუ ბავშვს სისტემატურად უხდება ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც აქვს ენაბორძიკობა, მის მეტყველებაში შეიძლება გაჩნდეს ასეთივე წაბორძიკებები. თუ ეს შესაძლებელია, სასურველია, რომ ბავშვი აღარ ეკონტაქტოს ენაბორძიკობის მქონე ადამიანს (მაგალითად, თუ ბავშვი ჰბაძავს ჯგუფელს ბაღში, სასურველია, გადაიყვანოთ ბავშვი სხვა საბავშვო ბაღში).

ენაბორძიკობის დაწყებას მშობლები ხშირად უკავშირებენ შეშინებას, მაგრამ შიშმა შეიძლება მხოლოდ ბიძგი მისცეს მის გამოვლენას. სინამდვილეში, ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ფაქტორის გამო ენაბორძიკობა ისედაც განვითარდებოდა.

და მაინც, თუ ენაბორძიკობა განვითარდა, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ ამ შემთხვევაში არ დაუშვას შეცდომა, რომელიც არათუ დაეხმარება დაძლიოს ენაბორძიკობა, არამედ უფრო გაუძლიერებს მას?

რეკომენდაციები მშობლებს: 

  • არ შეაწყვეტინოთ საუბარი, აცალეთ ფრაზის დამთავრება; არ დაამთავროთ ბავშვის მაგივრად არც სიტყვა, არც ფრაზა; მეტყველების ხშირი შეწყვეტა სხვების მხრიდან ბავშვს აიძულებს აჩქარდეს და ანერვიულდეს; მას გაუჩნდება სურვილი, რომ უფრო სწრაფად ილაპარაკოს, რათა ყველაფრის თქმა მოასწროს, ეს კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს ენის ბორძიკის გაძლიერებას;
  • მას შემდეგ, რაც ბავშვმა წარმოთქვა რაიმე ფრაზა, გააკეთეთ მცირე პაუზა, რითაც მას მისცემთ დასვენების საშუალებას; თქვენც გააკეთეთ პატარა პაუზა მანამ, სანამ კომენტარს გაუკეთებდეთ მის ნათქვამს; 
  • ეცადეთ, რომ ოჯახში ყველამ რიგ-რიგობით ისაუბროთ, ბოლომდე მოუსმინოთ ერთმანეთს, არ შეაწყვეტინოთ ერთმანეთს ლაპარაკი, ისაუბრეთ ნელა ტემპით;
  • გამოყავით დრო, რომელსაც მთლიანად თქვენს ბავშვს დაუთმობთ.  ამ დროს ესაუბრეთ ბავშვს ძალიან ნელა, მშვიდად. დიალოგი წარმართეთ  ჩურჩულით ან წამღერებით;
  • არ მოსთხოვოთ ბავშვს სიტყვებისა ან წინადადებების გამეორება;  
  • ნუ გააკრიტიკებთ თქვენი ბავშვის მეტყველებას. ფრაზები: „შეწყვიტე“, „მოიცადე, ჯერ დაფიქრდი და მერე თქვი“ არა თუ არ ეხმარება, არამედ კიდევ უფრო აძლიერებს ენის ბორძიკს. ბავშვი იძაბება, ცდილობს არ დაებას ენა, ხოლო დამატებითი დაძაბულობა კიდევ უფრო აძლიერებს ენის ბორძიკს;
  • თავი აარიდეთ ისეთ სიტუაციებს, სადაც ბავშვი იძაბება, განიცდის ზეწოლას. ბავშვებს უძლიერდებათ ენის ბორძიკი, თუ მათ ძალიან ბევრ კითხვას უსვამენ, ან რაიმეს მოყოლას სთხოვენ (მაგ: „მოუყევი მამას, ან დეიდას დღეს რა გავაკეთეთ“); 
  • ასწავლეთ ბავშვებს სამაგიდო თამაშები (ლოტო, მოზაიკა, კონსტრუქტორი). ეს თამაშები ამშვიდებს და ავითარებს ხელის ნატიფ მოტორიკას.
  • სასარგებლოა სიმღერა და მოძრაობა მუსიკის თანხლებით. 
  • წაახალისეთ ითამაშონ წყლით და სილით. ასეთი თამაში ამაგრებს ნერვულ სისტემას.
  • ჩააბით ბავშვები ოჯახურ მშვიდ საქმიანობაში (სამუშაოში).
  • არ არის სასურველი 6 წლის ასაკამდე ხმაურიან სანახაობრივ ღონისძიებებზე დასწრება.
  • მეტად სასარგებლოა ვასწავლოთ ბავშვებს მარცვლებით კითხვა, რაც ხელს უწყობს მეტყველების რითმის ნორმალიზებას.
  • ბავშვთან მუშაობის დროს გაითვალისწინეთ მისი  შესაძლებლობები (შრომისუნარიანობა, ყურადღება, მეხსიერება). მეცადინეობები უნდა იყოს ხანმოკლე, მაგრამ სასურველია ხშირად ჩატარდეს. აუცილებელია სისტემატურობა.
  • წარუმატებლობის შემთხვევაში ნუ გაუჯავრდებით ბავშვს. მშვიდ გარემოში მისი შრომისუნარიანობა მატულობს და ადვილად უმკლავდება ინტელექტუალურ და შემოქმედებით დავალებებს.

ენაბორძიკობის დასაძლევად მშობელმა უნდა მიმართოს სპეციალისტებს – ლოგოპედს და ფსიქოლოგს, რომლებიც იმუშავებენ ბავშვთან და ახლობლებთან. მაგრამ მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ როგორი მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტიც არ უნდა იყოს, როგორი დიდი მონდომებაც არ უნდა ჰქონდეს მას, მარტო ის ვერასდროს ვერ მიაღწევს სასურველ შედეგს, თუ მშობელი აქტიურად არ იქნება ჩართული ამ მუშაობაში. 

მთავარია, გვახსოვდეს,  ენაბროძიკობის ქონა არ არის სირცხვილი. სრულიად შესაძლებელია ენაბორძიკთან ერთად წარმატებული და სრულფასოვანი ცხოვრება.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5