თქვენი პატარა ბრიუსელის კომბოსტოს ზომისაა.
(სიგრძე დაახლოებით 5 სმ-ია, წონა 9 გრამი)
თქვენ ორსულობის მე-3 თვეში ხართ.
მშობიარობამდე დარჩენილია 29 კვირა.
ნაყოფის განვითარება
ეს კვირა სავსეა დიდი და პატარა საინტერესო ცვლილებებით და ზრდა-განვითარებით. თქვენი პატარას სახის ნაკვთები ნელ-ნელა იხვეწება. ყურები თავიანთ საბოლოო ადგილს იკავებს თავზე, ხოლო თვალები შორდება ერთმანეთს და ქუთუთოები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს. ამ დროს ყალიბდება სასქესო ორგანოც, თუმცა ჯერ ისევ ადრეა იმისთვის, რომ ექიმმა გითხრათ გოგო გეყოლებათ თუ ბიჭი. მართალია, თქვენ არ იცით მომავალი შვილის სქესი, მაგრამ შეგიძლიათ გადახედოთ სახელების სიას და შეარჩიოთ ის სახელი, რომელიც მოგწონთ.
ვითარდება პატარა ჩანასახები, რომლებიც საბოლოოდ კბილებად იქცევა. ამ დროს თავი სხეულის მთლიანი სიგრძის ნახევარს იკავებს, თუმცა უახლოეს კვირებში სხეული მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამის უზრუნველსაყოფად, თქვენს პატარას ახლა მეტი საკვები ნივთიერება სჭირდება, სწორედ ამიტომ, პლაცენტა იზრდება და მისი სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობა მატულობს.
დედის ორგანიზმი ორსულობის მე-11 კვირაში
რაიმე განსაკუთრებული საჭმელი გინდებათ ამ კვირაში? ქალების 50-90%-ს აქვს ეს განცდა ორსულობის დროს, მაგრამ ჯერჯერობით ზუსტად ვერავინ გეტყვით, რა იწვევს ამას. ზოგიერთი სამედიცინო ექსპერტის აზრით, ამ გზით თქვენი ორგანიზმი გიყვებათ, რა სჭირდება, ზოგი კი მიზეზად ჰორმონალურ ცვლილებებს ასახელებს. თუ ეს სურვილი არ ეწინააღმდეგება ორსულის ჯანსაღ კვებას, თამამად მიირთვით. მაგრამ თუ გაგიჩნდათ არასაკვები პროდუქტების (თიხა, მტვერი) გასინჯვის სურვილი, მიმართეთ თქვენს ექიმს.
თქვენი სიმპტომები
- მკერდის გაზრდა. ამ კვირისთვის თქვენი მკერდი შესაძლოა ოდნავ გაიზარდოს და ორსულობის განმავლობაში კიდევ ელოდეთ ზრდას. ეს იმიტომ, რომ სარძევე ჯირკვლები ემზადება ძუძუთი კვებისთვის.
- ვაგინალური გამონადენის მომატება. თქვენი სხეული ახლა უფრო მეტ გამჭვირვალე ვაგინალურ გამონადენს გამოყოფს. თუ ის უსუნოა და გამჭვირვალე ან თეთრი ფერისაა, ნორმალურია. თუ შეამჩნევთ სისხლს, სუნს ან ქავილს, მიმართეთ ექიმს რაიმე პრობლემის გამოსარიცხად.
- მუქი ზოლი მუცელზე. თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ გრძელი, მუქი ზოლი, რომელიც ვერტიკალურად გაყვება მუცელს. მას უწოდებენ „ორსულობის ხაზს“ და ისიც დაკავშირებულია ჰორმონალურ ცვლილებებთან და ფერმკთალდება ბავშვის გაჩენის შემდეგ.
- ფეხ(ებ)ის გაკვანძვა. ხანდახან, განსაკუთრებით ღამით, შეიძლება გრძნობდეთ ფეხების მტკივნეულ, დაძაბულ კრუნჩხვებს, რამაც შეიძლება მშვიდი ძილი დაგირღვიოთ. ამის მიზეზი შეიძლება მინერალების დაკარგვა იყოს, ამიტომ დარწმუნდით, რომ კალციუმის და მაგნეზიუმის შემცველ პროდუქტებს და წყალს საკმარისი რაოდენობით იღებთ. დაჭიმვის ვარჯიშებმა შეიძლება შვება მოგცეთ.
- გადაღლილობა. ორსულობის ჰორმონის პროგესტერონის დონის მატებასთან ერთად, თქვენ შეიძლება უფრო ხშირად მოგერიოთ ძილის სურვილი. ამას ამძაფრებს ღამით გულძმარვის, ხშირი შარდვის ან ფეხების გაკვანძვის გამო არასაკმარისი ძილი. კოფეინის შეზღუდვა და ყოველ საღამოს დამამშვიდებელი ძილისწინა რიტუალი დაგეხმარებათ ორსულობის გადაღლილობასთან გამკლავებაში.
- განწყობილების ცვლილებები. ისევ და ისევ ჰორმონების დონის მატების გამო, შეიძლება გქონდეთ განწყობილების ცვლილებები. ეცადეთ, რომ თავი აარიდოთ სტრესს და დარწმუნდით, რომ საკმარისი რაოდენობით იღებთ რკინას საკვებისგან. სცადეთ იოგა, მედიტაცია ან დამამშვიდებელი მუსიკის მოსმენა. ამან შეიძლება დადებითად იმოქმედოს თქვენს განწყობილებაზე. თუ მაინც ვერ უმკლავდებით თქვენი ძალებით და ეს მდგომარეობა ხელს გიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.
- დილის გულისრევები. ორსულობის მე-11 კვირაში თქვენ შეიძლება განიცდიდეთ გულისრევის შეგრძნებას ან ღებინებას დღის ნებისმიერ დროს. ნუ მოიწყენთ, რადგან ეს სირთულე, როგორც წესი, მეორე ტრიმესტრიდან ქრება და თქვენ უკვე ძალიან მიუახლოვდით ამ პერიოდს.
რა უნდა გაითვალისწინოთ?
- ორსულობის დროს თქვენ ყოველდღიურად 80-85 მგ C ვიმატინი გჭირდებათ, რათა დაეხმაროთ ნაყოფს ჯანმრთელი ძვლების და კბილების ჩამოყალიბებაში. მისი მარაგის შესავსებად მიირთვით ფორთოხალი და სხვა ციტრუსები, ასევე მარწყვი, პომიდორი და ბროკოლი. თუ ფიქრობთ, რომ დამატებით გჭირდებათ C ვიტამინის მიღება, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ჰკითხეთ თქვენს ექიმს
- Rh ტესტის დროა და საჭიროა ჩემმა პარტნიორმაც გაიაროს ტესტი?
- მე-11 კვირის ექოსკოპიაზე თუ გამოჩნდება ბავშვის სქესი?
- რამდენია მე-11 კვირაზე მუცლის მოშლის საფრთხის ალბათობა?
წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/11-weeks-pregnant