თქვენი პატარა ვაშლატამას ნაყოფის ზომისაა.
(სიგრძე დაახლოებით 9 სმ-ია, წონა 42 გრამი)
თქვენ ორსულობის მე-4 თვეში ხართ.
მშობიარობამდე დარჩენილია 26 კვირა.
ნაყოფის განვითარება
თქვენი პატარა ცდილობს ახალი მოძრაობები ისწავლოს. მისი თვალები იწყებს მოძრაობას, მისი პატარა მხრები და ფეხები უკვე მოქნილია. ეს მოძრაობები ნაყოფს უვითარებს ხელის პირში ჩადების მნიშვნელოვან უნარს.
გემოსა და სუნის რეცეპტორები იწყებს ჩამოყალიბებას და ნაყოფის კანი სქელდება. თქვენ კიდევ რამდენიმე თვე უნდა დაელოდოთ იმის გასაგებად, თქვენი პატარა თმით დაიბადება თუ არა, მაგრამ ზუსტად ამ ვადაზე იწყება კანქვეშ თმის ფოლიკულების წარმოქმნა.
ყოველი კვირის გასვლასთან ერთად, თქვენი პატარა სულ უფრო მეტად ემსგავსება იმ ადამიანს, ვისაც გაიცნობთ მშობიარობის შემდეგ. მალე დასრულდება გენიტალიების ჩამოყალიბება, ამ ეტაპზე კი ჯერ ისევ ადრეა ნაყოფის სქესის გაგება.
დედის ორგანიზმი ორსულობის მე-14 კვირაში
თქვენ, როგორც იქნა, გადახვედით მეორე ტრიმესტრში! შესაძლოა თქვენმა ექიმმა დაიწყოს თქვენი მუცლისა და საშვილოსნოს ზომის ჩანიშნვა (მანძილი ბოქვენიდან საშვილოსნოს ზედა წერტილამდე). ორსულობისას საშვილოსნო ზემოთკენ იზრდება და მსგავსი გაზომვები ეხმარება ექიმს, თვალყური ადევნოს თქვენი პატარას ზრდას.
- ენერგიის მომატება. მეორე ტრიმესტრში ქალების უმრავლესობა ენერგიის მოზღვავებას გრძნობს. ეს საუკეთესო დროა იმისთვის, რომ დაგეგმოთ თქვენი სახლის მოწყობა ბავშვისთვის. მოგვიანებით, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში, შეიძლება უფრო დაღლილად და უენერგიოდ იგრძნოთ თავი, ასე რომ – გამოიყენეთ ამ პერიოდის უპირატესობა.
- არაჩვეულებრივი თმა. ეს თქვენი წარმოსახვა არ არის! ორსულობის დროს, ბევრი ქალი ამჩნევს, რომ თმა ჩვეულებრივზე სწრაფად იზრდება და სქელდება. ეს ის ფიზიკური ცვლილებაა, რომლითაც შეგიძლიათ დატკბეთ მეორე ტრიმესტრში.
თქვენი სიმპტომები
- გამონადენი მკერდიდან. შეიძლება შეამჩნიოთ, რომ სქელი, მოყვითალო სითხე მოედინება მკერდიდან. ეს არის ხსენი, მაღალკალორიული საკვები, რომლითაც გამოკვებავთ თქვენს პატარას სიცოცხლის პირველ დღეებში, სანამ რძე მოვა. სითხის გაჟონვის ასაცილებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბამბის ქსოვილის საფენები.
- ცხვირის ღრუს შეშუპება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ალერგიით, სიცივით ან წარმოადგენდეს ორსულობის კიდევ ერთ სიმპტომს. თუ ცხვირიდან სუნთქვა გიძნელდებათ, ეს შეიძლება პროგესტერონის გამოა. ამას ორსულთა რინიტს უწოდებენ და სამწუხაროდ, მის გასაქრობად ბევრი რამის გაკეთება არ შეგიძლიათ. დატენიანებამ, მარილიანმა წვეთებმა ან მარილიანი წყლით გამორეცხვებმა შეიძლება შეგიმსუბუქოთ მდგომარეობა.
- მადის მომატება. როგორც იქნა! ნაუსეა წარსულში დარჩა და თქვენ შიმშილის განცდა დაგიბრუნდათ. ჭამეთ ჯანსაღად და ბალანსირებულად, გახსოვდეთ, რომ დღეში დამატებით 300 კალორია გჭირდებათ (ტყუპებზე ორსულობის დროს, 600 კალორია). თქვენი სხეულის მასის ინდექსი 18.5-24.9 უნდა იყოს.
- ფეხების კრუნჩხვები. მეორე ტრიმესტრში ღამით ფეხის კრუნჩხვების პრობლემის თავიდან აცილებაში შეიძლება დაგეხმაროთ ძილის წინ გაჭიმვა და საკმარისი წყლის მიღება. თუ იგრძნობთ მკვეთრ ტკივილს, შეიძლება კუნთის მასაჟი ან თბილი შხაპი/აბაზანა მოგიხდეთ.
რა უნდა გაითვალისწინოთ?
- ეწვიეთ სტომატოლოგს კბილების გასაწმენდად. ორსულობის დროს თქვენს კბილებს და ღრძილებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ღრძილების ანთების თავიდან ასარიდებლად.
- ერიდეთ მიკრობებს! თქვენი იმუნიტეტი ორსულობის დროს ქვეითდება და თუ შეგხვდებათ გრიპი ან გაციება, შეიძლება უფრო რთულად გადაიტანოთ, ვიდრე აქამდე. ამიტომ, დროულად აიცერით გრიპზე, ხშირად დაიბანეთ ხელები, დაიცავით ჰიგიენა და მოერიდეთ ავადმყოფებს.
- რას ფიქრობთ ორსულთა სკოლის შესახებ? ახლა საუკეთესო დროა შესაბამისი ორსულთა სკოლის საპოვნელად.
- თუ თქვენ ტყუპებზე ხართ ორსულად, ალბათ დაინტერესდებით თქვენი წონის მატებით. ჰკითხეთ ექიმს ორსულობის დროს წონის ჯანსაღი მატების შესახებ.
ჰკითხეთ თქვენს ექიმს
- ჩემი წონის მატება ჯანსაღი და ნორმალურია? ექიმი პასუხს გაგცემთ თქვენი სხეულის მასის ინდექსის და სხვა ინდივიდუალური ფაქტორების გათვალისწინებით.
- რა აქტივობები შეიძლება დავუმატო ვარჯიშის დროს და არის თუ არა რამე, რასაც უნდა მოვერიდო მეორე ტრიმესტრის განმავლობაში?
- შემიძლია თუ არა გამოვიყენო იგივე წამლები, რომელთაც ვიყენებდი, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლოდ ვიგრძნობ თავს?
თქვენი გეგმები
- ორსულთა სკოლის მოძებნა და რეგისტრაცია.
- სტომატოლოგთან ვიზიტის დაგეგმვა.
წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/14-weeks-pregnant