Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცისს” ესაუბრება ფსიქოლოგი ეკატერინე გელაძე.

გვესაუბრეთ მეორე ენის სწავლების დადებით და უარყოფით მხარეებზე ასაკობრივი კატეგორიზაციის მიხედვით

იქიდან გამომდინარე,  რომ არ არის შერჩეული და საბოლოო სახით მოცემული ერთი ასაკი, რომელიც მისაღები იქნება მეორე ენის შესწავლისთვის ისე, რომ არ გამოიწვიოს აზრთა სახესხვაობა, განვიხილავთ მეორე ენის დაუფლების დადებით და უარყოფით მხარეებს ადრეულ და გვიან ასაკში. დასაწყისისთვის მოვიყვან სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალში გამოქვეყნებულ ირინე შუბითიძის სტატიას სახელწოდებით „ასაკობრივი თავისებურებები მეორე ენის სწავლებისას,’’ სადაც ის აღნიშნავს, რომ ენის მკვლევართა განმარტებით, მეორე ენის სწავლებისას ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის მნიშვნელოვანია კარგად გამოცდილი და აპრობირებული სასწავლო მასალა, სწავლების მეთოდები, მასწავლებელთა მაღალკვალიფიციურობა, რაც სასურველი სასწავლო შედეგების წინაპირობაა. ირინე შუბითიძეს ამ მოსაზრებას ვეთანხმები, თუმცა უნდა აღინიშნოს,  რომ ეს მეთოდი გამართლებულია იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვებში მეორე ენის დასწავლა ხდება სასწავლო დაწესებულებებში, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს ბილინგვიზმთან რაც გარკვეულ კავშირშია მეორე ენასა და მშობლიურ ენას შორის მიმდინარე პროცესთან, აქ როდესაც ინდივიდი ორ ან მეტ ენაში ცდილობს მიაღწიოს მაღალ კომპეტენციას, არსებობს სიძნელეები და გარემოებები,  რომლებიც განსაზღვრავს შესაძლო წარმატებას. ენის სწავლის პროცესი ამ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავისთავად წარმოადგენს მრავალმხრივ პროცესს, სხვადასხვა მნიშვნელოვანი გარემოების ერთობლიობას, რომელთა გათვალისწინების გარეშეც შეუძლებელია მეორე ენის სრულფასოვანი დაუფლება და ინდივიდის ბილინგვალად ჩამოყალიბება. 

ამ გარემოებათა ჩამონათვალს განეკუთვნება ინტერპერსონალური ურთიერთობები, კულტურული გამგებიანობა, პიროვნული თავდაჯერებულობა, ეკონომიკური და სოციალური ასპექტები, დისკრიმინაციის მახასიათებლები, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებზე და ა.შ.  ბილინგვალ ბავშვებში მეორე ენის დაუფლების დროს დადებითი მხარე არის სამომავლო პერსპექტივა, ასევე სამეტყველო ლექსიკონის სიმრავლე, ხოლო უარყოფითი მხარეები არის ენაბლუობა, რომელიც ვითარდება იმ ბილინგვალ ბავშვებში, რომელთაც მეორე ენის შესწავლა დაიწყეს 3 წლამდე ასაკში და  ამის მიზეზად მკვლევართა ნაწილს მიაჩნია მშობლიური ენის ათვისების პროცესის დაუსრულებლობა.

არსებობს საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა ენის შემსწავლელებში (იგულისხმება დაბადებიდან მოწიფულობის ასაკამდე პერიოდი), გაცილებით სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს ენის ათვისების პროცესი და აქვთ უკეთესი შედეგები.  მეცნიერთა ნაწილი ამტკიცებს, რომ მეორე ენის სწავლას ადრეულ ასაკში აქვს გაცილებით მეტი დადებითი მხარე, ვიდრე უარყოფითი და ხშირ შემთხვევაში დადებით მხარეებში მოიაზრება სამომავლოდ კარიერული წინსვლის მეტი პერსპექტივა და სხვა კულტურის მიმართ მიმღებლობა, რაც დღეს ჩვენს თანამედროვე სამყაროში ადამიანის სოციალიზაციის უმთავრესი საწინდარია. რაც შეეხება ფსიქოლოგთა მოსაზრებებს, მათი ნაწილი ფიქრობს, რომ მეორე ენის სწავლებისთვის საუკეთესო პერიოდი არის დაბადებიდან 7 წლამდე, რადგან ამ დროს ბავშვის გონება ყველაზე მეტად არის მობილიზებული, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია შეითვისოს და დაილექოს მის ცნობიერებაში.  საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს მეცხრამეტე საუკუნის ფსიქოლოგს და მკვლევარს ლევ ვიგოტსკის, რომელიც მიიჩნევს, რომ ადრეულ ასაკში სწავლება არ არის გამართლებული, რადგან  აზროვნების ერთი ჩამოუყალიბებელი ფორმის შეცვლა ხდება ასევე ჩამოუყალიბებელი მეორე ფორმით. აქვეითებს ფსიქიკურ ქმედებას იქ, სადაც ის ისედაც მწირია. ვიგოტსკის ამ მოსაზრებას თუ განვავრცობთ ჩვენ მიერ განსახილველ საკითხზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადრეულ ასაკში, მაშინ, როდესაც მშობლიური ენა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია ბავშვის ცნობიერებაში ახალი უცხო ენის შემოტანით ხელს ვუწყობთ მშობლიური ენის დამახინჯებას, რაც გამოიხატება ჟარგონების გამოყენებაში, რასაც ხშირად ვხვდებით ჩვენს საზოგადოებაში.  თუმცა ლინგვისტთა არც თუ ისე მცირე ნაწილი ფიქრობს, რომ „მნემოტიკა“ ანუ დამახსოვრების უნარი ადრეულ ასაკში უფრო განვითარებული აქვს ბავშვს.  გარდა ამისა, ენების ცოდნა დღეს უკვე გარდაუვალობას წარმოადგენს და შეუძლებელია ამ გარდაუვალობიდან თავის დაღწევა.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5