ნაყოფის გასაზრდელად მზადება
ჰორმონების ესტროგენისა და პროგესტერონის ზრდა იწვევს საშვილოსნოს კედლის, ენდომეტრიუმის გასქელებას, რათა დაეხმაროს განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს. ამავე დროს, საკვერცხეებში, სითხით სავსე “ტომრებში”, რომელთაც ფოლიკულები ეწოდება, მწიფდება კვერცხუჯრედები.
კვერცხუჯრედის გათავისუფლება
ოვულაციის დროს, მომწიფებული კვერცხუჯრედი სკდება ფოლიკულისგან და საკვერცხიდან ფალოპის მილში გადადის. ოვულაცია ყოველთვის მენსტრუალური ციკლის შუაში არ ხდება. მაგალითად, ეს შეიძლება მოხდეს მე-9-21-ე დღეების შუალედში, თუ ქალს აქვს 28 დღიანი ციკლი.
სპერმატოზოიდის მოგზაურობა
მომდევნო 24 საათის განმავლობაში, ეს კვერცხუჯრედი განაყოფიერდება, თუ დაახლოებით 250 მილიონი სპერმატოზოიდიდან, რომლებიც ეაკულაციის დროს გამოიტყორცნებიან, ერთი მაინც მოახერხებს ვაგინიდან საშვილოსნოს ყელის მეშვეობით საშვილოსნოში შეცურვას, საშვილოსნოდან ფალოპის მილამდე მისვლას და კვერცხუჯრედში შეღწევას. დაახლოებით 400 სპერმატოზოიდი გადარჩება კვერცხუჯრედისკენ 10-საათიანი მოგზაურობის შემდეგ, მაგრამ ჩვეულებრივ მხოლოდ ერთი აღწევს კვერცხუჯრედამდე.
გენების გაერთიანება
მომდევნო 10-30 საათის განმავლობაში, სპერმატოზოიდის ბირთვი უერთდება კვერცხუჯრედს და ისინი აერთიანებენ მათ გენეტიკურ მასალას. ამ დროს ხდება ნაყოფის სქესის განსაზღვრა. ქალს მხოლოდ X ქრომოსომის გაცემა შეუძლია, კაცს X-იც და Y-იც. თუ სპერმატოზოიდი Y ქრომოსომას გადასცემს, ნაყოფის სქესი იქნება მამრობითი XY. თუ X ქრომოსომას გადასცემს – XX ანუ მდედრობითი. განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს ზიგოტა ეწოდება.
იმპლანტაცია/მიმაგრება
კვერცხუჯრედს სამი ან ოთხი დღე სჭირდება ფალოპის მილიდან საშვილოსნოში გადასასვლელად, ამ დროს ის 100 ან მეტ იდენტურ უჯრედად იყოფა. საშვილოსნოში შესვლის შემდეგ, მას ბლასტოცისტა ეწოდება. ერთი ან ორი დღის შემდეგ, ის დაიწყებს საშვილოსნოს ღრუში მიმაგრებას, სადაც განაგრძობს ზრდას და დაყოფას.