თქვენი პატარა წითელი წიწაკის ზომისაა.
(სიგრძე დაახლოებით 15 სმ-ია, წონა 255-312 გრამი)
თქვენ ორსულობის მე-5 თვეში ხართ.
მშობიარობამდე დარჩენილია 20 კვირა.
ნაყოფის განვითარება
თქვენ ორსულობის ნახევარი გზა გავლილი გაქვთ და ბევრი მიღწევაა აღსანიშნავი. თქვენი პატარა ახლა ყველაზე მეტად ჰგავს ბავშვს სახის ნაკვთებით. მას უჩნდება წოვის რეფლექსი და შეიძლება ამ კვირაშივე დაიწყოს საკუთარი ცერა თითის წოვა. გრძელდება ტვინის ზრდა და ეს, ძირითადად შეგრძნებებთან დაკავშირებულ ნერვულ ცენტრებს ეხება.
თქვენს პატარას ძილისა და სიფხიზლის ციკლი უყალიბდება და ის ასევე სწავლობს ხმებზე რეაქციას. ხმაურზე ზოგჯერ შეიძლება გაეღვიძოს კიდეც.
ამ დროისთვის ნაყოფის კანი სქელდება და მისი ფენებიც უკვე ჩამოყალიბებულია. კანი დაცულია ამნიონური სითხისგან ცვილისებრი საფარით – ვერნიქსით.
მე-20 კვირის ორსულობისთვის, ნაყოფის საჭმლის მომნელებელი სისტემა იწყებს მომწვანო-შავი, წებოვანი კონსისტენციის ნივთიერების, მეკონიუმის დაგროვებას ნაწლავებში, რომლისგანაც თქვენი პატარა სიცოცხლის პირველივე დღეებში გათავისუფლდება, გამოყოფს რა მას განავლის სახით.
დედის ორგანიზმი ორსულობის მე-20 კვირაში
ორსულობის ამ ეტაპზე, ან ძალიან მალე თქვენ შეიგრძნობთ თქვენი პატარას მოძრაობებს. დრო და შეგრძნებები ყველა ქალისათვის ინდივიდუალურია. მომდევნო კვირებში შესაძლოა ბავშვის სლოკინით გამოწვეული რიტმული ბიძგებიც შეიგრძნოთ.
თუკი თქვენ მე-20 კვირას შემოწმება გაქვთ დანიშნული, თქვენი ექიმი თქვენს ფუნდალურ სიმაღლესაც (fundal height – მანძილი ბოქვენიდან საშვილოსნოს ზედა წერტილამდე) გაზომავს, რაც მას აწვდის ინფორმაციას ბავშვის ზრდის შესახებ. საინტერესო ფაქტია: თქვენი ფუნდალური სიმაღლე სანტიმერებში დაახლოებით ორსულობის კვირების რაოდენობის ტოლია ხოლმე.
თქვენი სიმპტომები
- შეკრულობა. ჰორმონები და თქვენი გაზრდილი ნაყოფის დაწოლა ნაწლავებზე იწვევს შეკრულობას. მეტი სითხის და უჯრედისით მდიდარი საკვების მიღება დაგეხმარებათ ამ პრობლემასთან ბძოლაში.
- ცხვირის პრობლემები. ჰორმონების მომატებული დონე და სისხლის დამატებითი მოცულობა ორსულობის დროს იწვევს ლორწოვანი გარსის შეშუპებას და გამოშრობას, რამაც შეიძლება ცხვირიდან სისხლდენაც გამოიწვიოს. გამოიყენეთ ოთახის დამატენიანებელი ჰაერის დასატენიანებლად და რა თქმა უნდა, დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი.
- ტკივილი ზურგის ქვედა მხარეს. მუცლის გაზრდასთან და წონის მომატებასთან ერთად თქვენ შეიძლება იგრძნობთ ტკივილი ზურგის ქვედა მხარეს. მისი შემსუბუქებისთვის ატარეთ დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი, ივარჯიშეთ ქვედა კუნთების გასაძლიერებლად და ატარეთ მუცლის ქამარი.
- გულმავიწყობა. თქვენთვის რთული დროა ყურადღების კონცენტრაციის მხრივ, ასევე შეიძლება ვეღარ იმახსოვრებდეთ წვრილმანებს. ამიტომ, შეადგინეთ სიები და შეხსენებები და მიეცით თავს დამატებითი შესვენება ისეთი საქმიანობისას, რომელიც კონცენტრაციას მოითხოვს.
- ფეხების შეშუპება. ეს მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყოს წონის მატებით და სითხის შეკავებით, ასევე ჰორმონ რელაქსინის მომატებით. იმისთვის, რომ უფრო კომფორტულად იყოთ, ჩაიცვით 1 ზომით დიდი ფეხსაცმელი და როცა მოახერხებთ, ფეხები შემოაწყვეთ ბალიშზე.
რა უნდა გაითვალისწინოთ?
- ულტრაბგერითი გამოკვლევა (ექოსკოპია). თქვენი ექიმი ალბათ დაგინიშნავდათ ექოსკოპიას 18-20 კვირაზე. ულტრაბგერითი გამოკვლევა დაგეხმარებათ გაიგოთ, ყველაფერი ნორმაშია თუ არა, ბავშვის ზომის და მდებარეობის ჩათვლით. ამ ვადაზე შესაძლებელია ბავშის ყველა ძვლის და ორგანოს დათვალიერება. ასევე, ექიმი გეტყვით თქვენი ბავშვის გესტაციურ ასაკს და წონას, პლაცენტის მდებარეობის და ამნიონური სითხის რაოდენობის შესახებ ინფორმაციას. და რა თქმა უნდა, თუ მოგინდებათ, თქვენ გაიგებთ ბავშვის სქესს.
- მოგზაურობის დაგეგმვა. მეორე ტრიმესტრი კარგი დროა მოგზაურობისათვის – სიმპტომები ნაკლებ ინტენსიურია, მუცელი – არც ისე დიდი. თუმცა, მოუხმეთ საღ აზრს, ძალიან ნუ გადაიტვირთავთ თავს და კარგი იქნება, თუ წინასწარ ექიმს გაესინჯებით, რათა დარწმუნდეთ რომ ყველაფერი რიგზეა.
- თქვენი პარტნიორის ჩართვა. ორსულობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორის ჩართულობა. იარეთ ერთად ექოსკოპიაზე და გეგმიურ ვიზიტებზე. მშობელთა სკოლაში სიარული კი მშობიარობის შესახებ ინფორმაციის მიღებასთან ერთად სხვა მშობლების გაცნობის საუკეთესო გზაა.
წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/20-weeks-pregnant