თქვენი პატარა ქლიავის ნაყოფის ზომისაა.
თქვენ ორსულობის მე-3 თვეში ხართ.
მშობიარობამდე დარჩენილია 27 კვირა.
ნაყოფის განვითარება
ამ კვირაში, თქვენი პატარას ყველა ორგანო სრულად ჩამოყალიბებულია და მზადაა სამუშაოდ. თირკმლები იწყებენ შარდის წარმოებას და გამოყოფას ამნიონურ სითხეში. ელენთა სისხლის წითელი უჯრედების წარმოებით არის დაკავებული, რომლებიც ჟანგბადს ანაწილებენ მთელ სხეულში.
თქვენი პატარას ნაწლავები მუცლის ღრუში ინაცვლებს, რადგან იქ მათთვის უკვე საკმარისი ადგილია. ზოგიერთი დიდი ძვალი, მათ შორის თავის ქალის ძვლები, გამაგრებას იწყებს.
კიდევ რა ხდება თქვენი პატარას თავს? მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მშობიარობამდე ვერ მოისმენთ მის ბგერებს და ტირილს, ნაყოფის პატარა ხმის იოგები უკვე იწყებს ჩამოყალიბებას.
დედის ორგანიზმი ორსულობის მე-13 კვირაში
თქვენ ორსულობის მეორე ტრიმესტრში გადადიხართ, მას კი ორსულების უმრავლესობა ფეხმძიმობის თაფლობისთვეს უწოდებს. ის დისკომფორტი, რომელსაც გრძნობდით პირველ ტრიმესტრში – დაღლილობის, ღებინების ან ხშირი შარდვის სახით, იკლებს და თქვენ უფრო ენერგიულად გრძნობთ თავს.
ამ პერიოდში, თქვენი სისხლით მომარაგება დაკავშირებულია პლაცენტასთან, რომელიც იზრდება თქვენი ორსულობის მიმდინარეობასთან ერთად და მშობიარობის დროს დაახლოებით 680 გრამს იწონის.
ჰორმონალური ცვლილებების გამო მკერდის მგრძნობელობა, შეკრულობა, შებერილობა და გულძმარვა ნორმად შეიძლება ჩაითვალოს ამ სტადიაზე.
თქვენი სიმპტომები
- ვაგინალური გამონადენი. გამჭვირვალე ან რძისფერი გამონადენი შეიძლება გქონდეთ მთელი ორსულობის განმავლობაში. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ამ გამონადენის დანიშნულება სამშობიარო არხის ინფექციებისა და გაღიზიანებისგან გასუფთავებაა.
- სექსის სურვილის შეცვლა. სავსებით ნორმალურია, რომ თქვენ და თქვენს პარტნიორს ორსულობის სხვადასხვა ვადაზე სექსუალური სურვილი მოგემატოთ ან შეგიმცირდეთ. თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს და ორივეს გაქვთ სექსის სურვილი, ისიამოვნეთ! ნუ იღელვებთ, თქვენი პატარა დაცულია. თქვენი საშვილოსნო და ამნიონური სითხე იცავს მას. დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ კითხვები ამის შესახებ და ჰკითხეთ რჩევა, თუ ადრე გქონდათ მუცლის მოშლის გამოცდილება ან არსებობს ადრეული მშობიარობის რისკი.
- გულძმარვა. გულძმარვა შეიძლება გაგყვეთ მთელი ორსულობის განმავლობაში. ეს, ერთი მხრივ, გამოწვეულია ნაყოფის პოზიციის შეცვლით. ის უკვე გადაადგილდება და გაზრდილი საშვილოსნო აწვება თქვენს კუჭს. ამასთანავე, ორსულობის ჰორმონები ადუნებს მუცლის ზედა კუნთებს და ამან შეიძლება გამოიწვიოს კუჭის მჟავის საყლაპავ მილში მოძრაობა, რაც თავის მხრივ გულძმარვას იწვევს. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში ხდება, თუ მსუყე საკვების მიღებისთანავე წამოწვებით. თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ დისკომფორტი, თუ ჭამის შემდეგ შეინარჩუნებთ ვერტიკალურ მდგომარეობას და თან თავს აარიდებთ ისეთ გამომწვევ პროდუქტებს, როგორიცაა შოკოლადი, ციტრუსი და შემწვარი ან ცხარე საჭმელი.
- შეკრულობა. ჰორმონები ისევ უტევენ! პროგესტერონი და ესტროგენი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ორსულობაში, მაგრამ ზუსტად ამ დროს მათ შეიძლება გამოიწვიონ საჭმლის მომნელებელი სისტემის ჩეულებრივზე უფრო ნელა მუშაობა. თქვენს მენიუში მეტი ხილის, ბოსტნეულის და მარცვლეულის შეტანით ხელს შეუწყობთ ამ პრობლემის მოგვარებას. ასევე დაგეხმარებათ შავი ქლიავის წვენის და მეტი წყლის დალევა რეგულარულ ვარჯიშთან ერთად.
- ხსენის გამოყოფა. დვრილებიდან შეიძლება წამოგივიდეთ სქელი, მოყვითალო სითხე, რომელსაც ხსენი ეწოდება და ის წარმოადგენს რძეს, რომელიც უნდა მიიღოს ბავშვმა სიცოცხლის პირველ დღეებში. მისი ამ ვადაზე გამოჩენა ნორმალურია და თუ დიდი რაოდენობითაა, გამოიყენეთ ბამბის საფენები, რათა თავი აარიდოთ ტანსაცმლის დასველებას.
რა უნდა გაითვალისწინოთ?
- თქვენმა ოჯახმა და მეგობრებმა უკვე იციან ამ კარგი სიახლის შესახებ? მეორე ტრიმესტრის დასაწყისი ამისთვის საუკეთესო დროა, რადგან პირველი სამი თვის შემდეგ მუცლის მოშლის რისკი დაბალია.
- თუ თქვენ მუშაობთ, დაგეგმეთ როდის და როგორ აცნობებთ ამ სიახლის შესახებ თქვენს ხელმძღვანელს და თანამშრომლებს, რათა მზად იყონ თქვენი დეკრეტული შვებულებისათვის.
- ვარჯიშობთ? თუ პასუხი დადებითია, განაგრძეთ! თუ არა, ესაუბრეთ თქვენს ექიმს, რათა დაიწყოთ მარტივი ვარჯიში. თუ ექიმი ნებას დაგრთავთ, შეგიძლიათ დაიწყოთ სიარული, ცურვა ან იოგა. თქვენი კუნთები “მადლობას გეტყვიან” – როგორც ორსულობის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ასევე ბავშვის დაბადების შემდეგ პირველი თვეების მანძილზე.
- თუკი ასრულებთ მუცლის ვარჯიშებს, რომელუც ზურგზე წოლას მოითხოვს, ორსულობისას ალტერნატივებზე უნდა იფიქროთ, რადგან გაზრდილმა წონამ შესაძლოა ხელი შეუშალოს გულისაკენ სისხლის დაბრუნებას.
ჰკითხეთ ექიმს
- რატომ მტკივა ხანდახან მენჯის არეში?
- საკმარისად ვიმატებ წონაში? თუ არა, რა უნდა მოვიმოქმედო სასურველი წონის მისაღწევად?
თქვენი გეგმები
დაიწყეთ მომზადება ბავშვის მოსავლელად. მიიღეთ რჩევები მეგობრებისაგან, მეზობლებისაგან, თანამშრომლებისაგან და სხვ.
თუ მუშაობთ, შეიტყვეთ მეტი მშობიარობასთან დაკავშირებული შვებულებისა და თქვენი უფლებების შესახებ. შეგიძლიათ გაესაუბროთ თქვენს დამსაქმებელს დამატებითი სარგებლის შესახებ.
დაგეგმეთ, როგორ გაუზიარებთ ამ სასიამოვნო სიახლეს ოჯახის წევრებისა და მეგობრების წრეს.
წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/13-weeks-pregnant