Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი “გამმას” ფსიქოლოგი ბესო ჭიღვარია. 

ვესაუბრეთ ოპოზიციურგამომწვევი ქცევით აშლილობაზე, რომელიც მოზარდობისას იჩენს თავს. ას ნიშნავს ეს მდგომარეობა და რით განსხვავდება ამ ასაკისთვის დამახასიათებელი სირთულეებისაგან?

მოზარდობა მნიშვნელოვანი და სპეციფიკური ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ამ ასაკში მიმდინარე ფიზიოლოგიური თუ სოციალური ცვლილებები ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე აყენებს ბავშვს. მოზარდი იცვლება როგორც ფიზიოლოგიურად, ასევე მენტალურად, უჩნდება ახალი მისწრაფებები და იზრდება მისი დამოუკიდებლობის მოთხოვნილება. მოზარდობის ასაკში ბავშვი აღარ არის მშობლების ინსტრუქციის უსიტყვო შემსრულებელი, უჩნდება ახალი ინტერესები და უფრო აქტიურად ერთვება თანატოლებთან ურთიერთობაში. ეს ცვლილებები ხშირად მშობლებთან კონფლიქტის და უთანხმოების მიზეზი ხდება, რაც ამ ასაკობრივი განვითარების ეტაპისათვის ბუნებრივი და ჩვეულებრივი მოვლენაა. მიუხედავად ამისა, არის შემთხვევები, როდესაც მოზარდის ქცევა ხდება გამოკვეთილად გამომწვევი და ოპოზიციური უფროსებთან თუ ავტორიტეტულ ადამიანებთან მიმართებაში.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა არის განვითარების დარღვევა, რომლის დროსაც მოზარდი მუდმივად გამომწვევად იქცევა, არ უჯერებს მშობლებს, მასწავლებლებს და სხვა ავტორიტეტულ ადამიანებს. ეს მდგომარეობა განსხვავდება მოზარდობის ასაკისათვის დამახასიათებელი სტანდარტული სირთულეებისაგან და სადიაგნოსტიკო სახელმძღვანელოებში ICD 10-სა და DSM 5-ში მოწოდებულია, როგორც ფსიქოლოგიური აშლილობა. ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის მქონე მოზარდის ქცევა ნეგატიური, მტრული და გამომწვევია. მოზარდი ხშირად უხასიათოდაა, კამათობს ოჯახის უფროს წევრებთან ან პედაგოგებთან, შეგნებულად აღიზიანებს გარშემომყოფებს, შურისმაძიებელია და უარს ამბობს წესების დაცვაზე. ეს მდგომარეობა იწვევს მოზარდის დეზადაპტაციას, იწვევს ყოველდღიურ სირთულეებს სახლში, სასწავლო გარემოში და ამ გზით ხელს უშლის მოზარდის განვითარებას.

ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის მქონე მოზარდს რეგულარულად ეცვლება გუნება-განწყობა და ავლენს სიტყვიერ აგრესიას გარშემომყოფების მიმართ. უფროსებთან ურთიერთობაში თავდაუზოგავად იცავს თავს, როდესაც შენიშვნას აძლევენ. ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის მქონე მოზარდები თვლიან, რომ გარშემომყოფებს მათი არ ესმით და არ უყვართ ისინი. ჰგონიათ, რომ ცუდად ექცევიან და არ აფასებენ მათ. საკუთარი თავი მიაჩნიათ ოჯახური გარემოებების და უფროსებისგან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლად მიუხედავად იმისა, რომ მათი ქცევაა რთული და არასასურველი.

ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს როგორც გენეტიკური, ასევე გარემო ფაქტორები. გარემო ფაქტორებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასტაბილური ოჯახური გარემო, არათანმიმდევრული მოპყრობა და აღზრდის სტილი, ძალადობრივი მოპყრობის გამოცდილება ოჯახში ან ოჯახის გარეთ სხვადასხვა სიტუაციაში, სხვადასხვა ტიპის არასტაბილური სოციალური თუ ეკონომიკური ფაქტორები.

ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის მქონე მოზარდებს პრობლემები ექმნებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გუნება-განწყობის სწრაფი ცვლილების გამო. ისინი ხშირად არიან თანატოლებისგან გარიყულნი და ამიტომაც უფრო იოლად ხვდებიან არასასურველ ან დევიანტურ ჯგუფებში. ეს კი თავის მხრივ კიდევ უფრო აძლიერებს მოზარდების პრობლემურ და ოპოზიციურ-გამომწვევ ქცევას. იზრდება მოზარდის მხრიდან დანაშაულებრივი ქცევის გამოვლენის ალბათობაც. თანატოლთა დევიანტურ ჯგუფებთან კუთვნილება მოზარდებში ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორია. ეს იწვევს სასწავლო გარემოსგან კიდევ უფრო მეტ დისტანცირებას და აკადემიური მოსწრების გაუარესებას. 

მოზარდობის ასაკში მნიშვნელოვანია მშობლებისა და გარემოს მხრიდან ზომიერი, გააზრებული და ორგანიზებული რეაგირება ბავშვის ქცევაზე. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდი ავლენს ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის ნიშნებს, მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის ჩართვა და შესაბამისი მხარდაჭერის გაწევა მოზარდისათვის, რათა დროულად მოხდეს სირთულეების დაძლევა და დაიზოგოს მოზარდის ენერგია მისი განვითარებისათვის აუცილებელ სხვადასხვა საქმიანობაზე.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5