თქვენი პატარა სიმინდის ტაროს ზომისაა.
(სიგრძე დაახლოებით 42 სმ-ია, წონა 1.700 გრამი)
თქვენ ორსულობის მე-8 თვეში ხართ.
მშობიარობამდე დარჩენილია 8 კვირა.
ნაყოფის განვითარება
თქვენი პატარა უფრო და უფრო ემსგავსება ბავშვს, რომელსაც დაბადებისას გაიცნობთ. მაგალითად, მისი წამწამები, წარბები და თმაც უკვე ადგილზეა. მისი სხეული დაფარულია თმიანი საფარით – ლანუგოთი, რომლის უმეტესი ნაწილი ამ კვირაში გაქრება, მაგრამ ზოგ ბავშვს დაბადების შემდეგაც აქვს რამდენიმე თვე.
თქვენი პატარა ახლა თავით ქვემოთაა საშვილოსნოში ან მალე ამობრუნდება. ზოგიერთი ბავშვი მშობიარობამდე დარჩენილ ბოლო კვირებში იცვლის თავით მდებარეობას. არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენი პატარა აკრობატი ბევრჯერ შეიცვლის პოზიციას დაბადებამდე. თქვენ შეიძლება მისი ბრუნები იგრძნოთ ბიძგებით.
უფრო და უფრო მეტი ცხიმი ფორმირდება თქვენი პატარას კანქვეშ. ეს ყველაფერი არ არის: მისი ფეხის ფრჩხილები იზრდება და შეიძლება მათი გარჩევა. მოამზადეთ მაკრატელი, რადგან მალე დაგჭირდებათ ამ პატარა ფრჩხილების მოჭრა.
დედის ორგანიზმი ორსულობის 32-ე კვირაში
ორსულობის პერიოდში, შეიძლება იგრძნოთ ცვლილებები პირის ღრუში, კბილებთან და ღრძილებთან დაკავშირებული დისკომფორტი. როგორიცაა:
- მგრძნობიარე ღრძილები. თუ თქვენს ღრძილებს მოემატა მგრძნობელობა ან შეამჩნიეთ სისხლი გამოხეხვის ან ძაფით გაწმენდის შემდეგ, შეიძლება მარილიანმა წყალმა და უფრო რბილმა კბილის ჯაგრისმა მოგგვაროთ შვება.
- კბილების მორყევის შეგრძნება. ჰორმონალური ცვლილებები ასუსტებს თქვენს იოგებს და შეიძლება იმ პატარა იოგებზეც იქონიოს გავლენა, რომლებიც ამაგრებენ კბილებს ადგილზე. ამის გამო, ჩნდება კბილების მორყევის შეგრძნება, რომელიც, როგორც წესი, გადის მშობიარობის შემდეგ.
- უსიამოვნო შეგრძნებები პირში. ეს შეგრძნებები დაკავშირებულია იმუნური სისტემის მუშაობასთან პირიდან მიკრობების მოსაცილებლად და ესეც გაივლის მშობიარობის შემდეგ.
მნიშვნელოვანია, რომ კბილები ყოველდღიურად გაიწმინდოთ ძაფით და გაიხეხოთ დღეში ორჯერ. ასევე, 6 თვეში ერთხელ მიხვიდეთ სტომატოლოგთან გეგმიურ ვიზიტზე.
თქვენი სიმპტომები
- ფეხების კრუნჩხვები. გრძნობთ მკვეთრ, მტკივნეულ დარტყმებს კუნთებში? თქვენ მარტო არ ხართ! სამწუხაროდ, ეს გვიანი ორსულობის გავრცელებული სიმპტომია და ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ გაურკვეველია. სცადეთ ფეხების გაწელვა დაძინებამდე.
- ფაღარათი. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, მაგრამ ორსულობის ამ ვადაზე შეიძლება დაგემართოთ ფაღარათი. დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი, რათა თავი აარიდოთ გაუწყლოვანებას. ხანდახან, დიარეა ნაადრევი მშობიარობის ნიშანია, ამიტომ, თუ ამასთანავე გრძნობთ ტკივილს მუცლის არეში, დაწოლას მენჯის არეში, ტკივილს ზურგის ქვედა ნაწილში, რეგულარულ შეკუმშვებს ან წყლის დაღვრას (დიარეასთან ან მის გარეშე) – დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
- „ორსულის ტვინი“. თქვენ შეიძლება გქონდეთ მეხსიერების და ყურადღების პრობლემები ორსულობის დროს, ეს ყველაფერი გაივლის მშობიარობის შემდეგ.
რა უნდა გაითვალისწინოთ?
- ყურადღებით იყავით ისეთი სიმპტომების მიმართ, როგორიცაა: წონის უეცარი მატება, გამუდმებული თავის ტკივილი მხედველობის ცვლილებები, ტკივილები მუცლის ან მხრის არეში და შეშუპება. ეს ნიშნები ახასიათებს მაღალი წნევით მიმდინარე დარღვევას, რომელსაც პრეეკლამფსია ჰქვია. 32-ე კვირაში ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს.
- 32-ე კვირაში შეიძლება თქვენმა ექიმმა დაგავალოთ, რომ თვალ-ყური ადევნოთ ნაყოფის მოძრაობებს, დაითვალოთ რამდენჯერ „მოგიკაკუნებთ“, რამდენ ხანს მოანდომებს 10 მოძრაობას. დააკვირდით დღის იმ მონაკვეთში, როცა განსაკუთრებით აქტიურია. მაგალითად, ჭამის შემდეგ.
- ცხოვრების გასამარტივებლად, ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:
ჰკითხეთ თქვენს ექიმს
- როდის ჩამოყალიბდება ჩემი პატარა სრულად?
- უფრო ხშირად ხომ არ მოვიდე თქვენნთან?
- მშობიარობის შესამსუბუქებლად რომელ მეთოდებს მირჩევთ?
თქვენი გეგმები
- გამოიანგარიშეთ, რამდენი დრო დაგჭირდებათ სამშობიაროში მისვლისთვის ყველაზე მოკლე გზით.
- იკითხეთ, შეიძლება თუ არა იმ კლინიკის და სამშობიარო ბლოკის დათვალიერება, რომელშიც აპირებთ მშობიარობას. ეს კარგი გზაა გაეცნოთ საავამდყოფოს პოლიტიკას და გაეცნოთ იმ ვარიანტებს, რომლებიც თქვენთვის ხელსაყრელია.
წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/32-weeks-pregnant