თქვენი პატარა სიმინდის ტაროს ზომისაა.
(სიგრძე დაახლოებით 20 სმ-ია, წონა 567 გრამი)
თქვენ ორსულობის მე-6 თვეში ხართ.
მშობიარობამდე დარჩენილია 16 კვირა.
ნაყოფის განვითარება
ორსულობის 24-ე კვირისთვის, თქვენი პატარას მოძრაობები უფრო ძლიერი და შესამჩნევი გახდება. მისი კუნთები იზრდება და მას ახლა უფრო მეტი კუნთოვანი ტონუსი აქვს.
ამ კვირაში მთავრდება შიდა ყურის განვითარება. ეს ორგანო აკონტროლებს მისი წონასწორობის გრძნობას და ეხმარება ნაყოფს საშვილოსნოში თავისი მდებარეობის აღქმაში.
მიუხედავად იმისა, რომ ნაყოფის ფილტვები ამ კვირაში ყალიბდება, თუმცა სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საჭიროა მათ დაიწყონ ნივთიერება სურფაქტანტის გამომუშავება და ეს დაახლოებით 26-ე კვირისათვის დაიწყება.
24-ე კვირაში თქვენ ზოგჯერ იგრძნობთ ნაყოფის გააქტიურებას, განსაკუთრებით ძილის წინ, ხოლო იმ პერიოდში, როცა მოძრაობებს ნაკლებად გრძნობთ, შეიძლება თქვენს პატარას ეძინოს.
დედის ორგანიზმი ორსულობის 24-ე კვირაში
24-ე კვირისთვის თქვენ შესაძლოა მომატებული გქონდეთ 5-7 კილოგრამი და თქვენი მუცელი დღითი დღე იზრდება. თქვენ შეგიძლიათ ატაროთ საორსულე ქამარი ან ბანდაჟი, რათა მუცელი კარგად იყოს დაფიქსირებული ვარჯიშის დროს. ჯანსაღი კვება და რეგულარული ვარჯიში თავს ფიზიკურად და ემოციურად კარგად გაგრძნობინებთ ორსულობის განმავლობაში. ორსულობის დროს ჯანსაღ ფორმაში ყოფნა დაგეხმარებათ მშობიარობის შემდეგ იმ კილოგრამების მარტივად დაგდებაში, რომლებსაც ორსულობის დროს აკრეფთ.
თქვენი სიმპტომები
- კანის ცვლილებები. ჰორმონალური ცვლილებების გამო შეიძლება გაგიჩნდეთ მუქი ლაქები სხეულზე და სახის კანზე. ეს პიგმენტური უჯრედების მელანინის გააქტიურების დამსახურებაა. ყავისფერ ლაქებს თქვენს სახეზე ქლოაზმა, ხოლო მუქ ზოლს თქვენს მუცელზე ლინეა ნეგრას უწოდებენ. მშობიარობის შემდეგ ეს პიგმენტური ლაქები გაქრება. ექსპერტები ამბობენ, რომ მზისგან დამცავი კრემის გამოყენება და მზის პირდაპირი სხივებისთვის თავის არიდება ქლოაზმისგან დაცვის საშუალებაა. სხეულის ზრდის გამო თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ წითელი ხაზები, ე.წ. სტრიები მუცელზე, მკერდზე და ბარძაყებზე. მათი პრევენცია შეუძლებელია, მაგრამ ფერმკრთალდებიან მშობიარობის შემდეგ. კანის “გაწელვას” შეიძლება ქავილის გრძნობაც ახლდეს, რასაც დამატენიანებელის გამოყენება შეგიმსუბუქებთ.
- მრგვალი იოგების ტკივილი. თქვენ შეიძლება იგრძნოთ ტკივილი მუცლის ან მენჯ-ბარძაყის ერთ ან ორივე მხარეს. ამას თქვენი საშვილოსნოს დამჭერი იოგების დაძაბვა-გაწელვა იწვევს. მსუბუქი გაჭიმვამ ან მდგომარეობის შეცვლამ შეიძლება ტკივილი შეამციროს. თუ ტკივილი გახდება ინტენსიური და მას დაემატება სხვა სიმპტომები, მაგალითად ტემპერატურის მომატება ან სისხლდენა, მიმართეთ ექიმს.
- ძილის პრობლემები. 24-ე კვირაში მუცლის ზომამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ ძილისთვის კომფორტული პოზის შერჩევაში. ეცადეთ დაიძინოთ გვერდზე, ორივე ფეხი მოხაროთ, ერთი ბალიში მუხლებს შორის ბალიში მოათავსოთ, მეორე მუცლის ქვემოთ.
- წონასწორობის დაკარგვა და თავბრუსხვევა. თქვენი გაზრდილი მუცელი გავლენას ახდენს თქვენი წონის გადანაწილებაზე, რამაც ზოგჯერ შესაძლოა წონასწორობის დაკარგვა გამოიწვიოს. ამას გარდა, სისხლის მიმოქცევის ცვლილება შეიძლება თავბრუსხვევის მიზეზიც გახდეს. ამის თავიდან ასაცილებლად სასურველია ნელი მოძრაობა (განსაკუთრებით, წამოდგომის ან მდგომარეობის შეცვლისას), ბევრი წყლის დალევა და გრილი ტემპერატურის შენარჩუნება. თავბრუსხვევისას, თუ შეგიძლიათ, დაწექით გვერდზე. თუ რაიმე გაშფოთებთ, მიმართეთ ექიმს.
- ფეხის კრუნჩხვები. ბოლო დროს წვივის ან ტერფის კუნთების მტკივნეული შეკუმშვა ხომ არ გიგრძნიათ? ორსულობის 24-ე თვეს ეს უჩვეულო არ არის. ამ სიმპტომებს დროდადრო შესაძლოა ბავშვის გაჩენამდე განიცდიდეთ. მართალია, ექსპერტებმა ზუსტად არ იციან ამის მიზეზი, მაგრამ იციან, რა უნდა გააკეთოთ ამ დროს. დაჭიმეთ წვივის კუნთები ძილის წინ, შეინარჩუნეთ ფიზიკური ფორმა რეგულარული ვარჯიშებით და სვით ბევრი წყალი.
რა უნდა გაითვალისწინოთ?
- მუცლის გაზრდასთან დაკავშირებით, თქვენ და პარტნიორს ალბათ გაინტერესებთ, ისევ უსაფრთხოა თუ არა სექსი. თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს, სექსი უსაფრთხოა, მაგრამ თუ რამე გართულება გაქვთ, ექიმი თავის შეკავებას გირჩევთ. რადგან თითოეული ორსულის სიტუაცია განსხვავებულია, თქვენმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს თქვენი სიტუაციის სპეციფიკიდან გამომდინარე.
- გლუკოზის სქრინინგ ტესტი, როგორც წესი, 24-27 კვირაზე ტარდება. ის ეხმარება ექიმს შეაფასოს გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკი.
- მუცლის ზრდა ყოველდღიურ ცხოვრებაში გარკვეულ ცვლილებებს შეგატანინებთ, მაგ. როგორ უნდა შეიკრათ უსაფრთხოების ღვედები თქვენი და თქვენი შვილის უკეთ დასაცავად. მოარიდეთ ღვედის ნებისმიერი ნაწილი თქვენს მუცელს.
- საკმაო რაოდენობით წყლის მიღება მნიშვნელოვანია. ექსპერტები ამ ეტაპზე დღეში 10 ფინჯნამდე სითხის მიღებას გირჩევენ. ძირითადი სითხე წყალი უნდა იყოს, თუმცა ზოგჯერ წვენის ან თუნდაც ყავის მიღებაც შეგიძლიათ. თუ დღის განმავლობაში წყლის დალევა გავიწყდებათ, დააყენეთ შეხსენება ტელეფონზე, შეგიძლიათ შესაბამისი აპლიკაციის დაყენებაც.
წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/24-weeks-pregnant