თქვენი პატარა ბადრიჯნის ზომისაა.
(სიგრძე დაახლოებით 29 სმ-ია, წონა 453 გრამი)
თქვენ ორსულობის მე-6 თვეში ხართ.
მშობიარობამდე დარჩენილია 17 კვირა.
ნაყოფის განვითარება
შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ბოლო პერიოდში ყურისა და სმენის განვითარების წყალობით, თქვენს პატარას უკვე ესმის თქვენი ხმა. გაანებივრეთ იგი ყოველდღიურად კითხვით, საუბრითა და სიმღერით. თქვენს პარტნიორს შეუძლია იგივე გააკეთოს!
ორსულობის 23-ე კვირაზე, თქვენს პატარას, დიდი ალბათობით, ბევრი სძინავს. ძილის ძირითადი ნაწილს, თუ ზუსტად ვიტყვით – 80%-ს, იგი ატარებს ე.წ. „თვალების სწრაფი მოძრაობის“, REM-ძილის ფაზაში. აღნოშნულ ფაზაში, თქვენი პატარას თვალები მოძრაობენ, ხოლო მისი ტვინი ძალიან აქტიურია.
თქვენ შესაძლოა ბევრი არ გიფიქრიათ ამნიონურ სითხეზე, რომელშიც თქვენი პატარა ვითარდება, მაგრამ რეალურად, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს: აღნიშნული სითხე ქმნის თქვენი ბავშვის ჯანმრთელ ჩვილად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელ, იდეალურ გარემოს. სითხე უნარჩუნებს მას სითბოს და უზრუნველყოფს მის კომფორტს ზრდის სრული პროცესის განმავლობაში. ექსპერტების გვირჩევენ ორსულობისას ბევრი სითხის მიღებას არა მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის, არამედ იმ მიზეზითაც, რომ თქვენს მიერ მიღებული წყალი ხელს უწყობს ამნიოტიკური სითხის ჩამოყალიბებას.
დედის ორგანიზმი ორსულობის 23-ე კვირაში
ორსულობის 23-ე კვირისთვის, თქვენ შესაძლოა მოიმატეთ 5-7 კილოგრამი. ყოველთვის მიზანშეწონილია რეგულარულად გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი მატება ჯანსაღია.
თუ თქვენი ექიმი დაადგენს, რომ თქვენ ზედმეტად ან არასაკმარისად მოიმატეთ, იგი მოგცემთ შესაბამის რჩევებს, რათა დაუბრუნდეთ ჯანსაღ ტემპს. მაგალითად, თუ თქვენ ჭარბად მოიმატეთ, თქვენი ექიმი გირჩევთ, რომ შეცვალოთ თქვენი რაციონი და ივარჯიშოთ მეტი. ორსულობის პერიოდში წონის ჯანსაღ ფარგლებში შენარჩუნება, გაგიმარტივებთ ზედმეტი კილოგრამების თანდათანობით დაკლებას ბავშვის გაჩენის შემდეგ.
ორსულობის 23-ე კვირაზე, დიდი ალბათობით, თქვენ უკვე გრძნობით თქვენი პატარას მოძრაობებს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მომავალ დედას მოუწევს კიდევ ცოტა მოიცადოს. უახლოესი თვეების განმავლობაში, თქვენი ექიმი გთხოვთ, რომ დააკვირდეთ თქვენი პატარას მოძრაობას ყოველდღიურად, მისი „გაფაჩუნებების“ დათვლით. ამისათვის, თქვენ უნდა აირჩიოთ დღის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც თქვენი პატარა, როგორც წესი, ყველაზე აქტიურია და გაზომოთ დრო, რომელიც მას დასჭირდება 10 „გაფაჩუნებისთვის“. დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ აღნიშნულს თქვენი პატარა 2 საათზე მეტ დროს მოანდომებს, ან თქვენი პატარის მოძრაობების ჩვეულ რიტმში რაიმე ზოგად ცვლილებებს შენიშნავთ.
თუ გაინტერესებთ, რამდენი თვის ორსული ხართ 23-ე კვირაზე, მაშინ პასუხი შემდეგია: დაახლოებით 6 თვის! ერთი თვეც და თქვენ შეაბიჯებთ ორსულობის მესამე ტრიმესტრში. თქვენ ყველაფერს შეძლებთ!
თქვენი სიმპტომები
- ტკივილი და დისკომფორტი. თქვენი მუცლის ზრდისა და წონის მატების გათვალისწინებით, ნორმალურია გრძნობდეთ გარკვეულ ტკივილსა და დისკომფორტს, როგორც მოძრაობის, ისე დასვენებისას. ორსულობას 23-ე კვირაზე, თქვენ, დროდადრო, შესაძლოა შეგაწუხოთ მსუბუქმა კუნთებისა ან თავის ტკივილმა. კუნთებში დისკომფორტისა და ტკივილის მოსახსნელად, მიმართეთ ისეთ საშუალებებს, როგორიცაა თბილი აბაზანა, მტკივანი ზონის მასაჟი, თბილი კომპრესი. თავის ტკივილთან საბრძოლველად დაწექით და თავზე მიიდეთ ცივი კომპრესი. გაუსაძლისი ტკივილებისა და ხანგრძლივი თავის ტკივილის შემთხვევაში, აუცილებლად დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ექიმთან კონსულტაცია ასევე აუცილებელია ისეთი ტკივილგამაყუჩებლების მიღებამდე, რომლებიც გაიცემა რეცეპტის გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ წარმატებით იყენებდით დაორსულებამდე.
- ფეხის კრუნჩხვები. დიდია ალბათობა იმისა, რომ ორსულობის 23-ე კვირაზე აღნიშნული პრობლემა გაწუხებდეთ, რადგან იგი ჩვეულებრივი მოვლენაა მეორე და მესამე ტრიმესტრებში. კრუნჩხვების მოსახსნელად შეგიძლიათ სცადოთ თქვენი ფეხის კუნთების მასაჟი ნელი დაღმავალი მოძრაობებით და თქვენი ფეხის აღმა-დაღმა დაჭიმვით, რამაც შესაძლოა სპაზმი მომენტალურად მოხსნას.
რა უნდა გაითვალისწინოთ
- აკონტროლეთ მარილის რაოდენობა თქვენს რაციონში და შეზღუდეთ მისი მოხმარება გონივრულობის ფარგლებში. ექსპერტები გვირჩევენ დღიურად არ მოვიხმაროთ ერთ ჩაის კოვზზე მეტი მარილი, ამიტომ მოერიდეთ ნატრიუმით მდიდარ საკვებს, როგორიცაა ხორცის ნახევარფაბრიკატები და დაფასოებული სუპები.
- მნიშვნელოვანია ყველა ღონე იხმაროთ, რათა თავიდან აიცილოთ საკვებით მოწამვლა და ისწავლოთ მისი ადრეულ სტადიაზე ამოცნობა, რადგან მსგავსი ჯანმრთელობის პრობლემას შეუძლია საფრთხე შეუქმნას თქვენს პატარას. საკვებით მოწამვლის ძირითადი ნიშნებია: გულისრევა, ფაღარათი, ციებ-ცხელება, ტკივილი, მუცლის სპაზმები. თუ თქვენ ჩათვლით, რომ საკვებით მოიწამლეთ, მკურნალობისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. რა თქმა უნდა, საუკეთესო სტრატეგიაა თავიდან ავიცილოთ მოწამვლა. აი რამდენიმე რჩევა, თუ როგორ მოვახერხოთ ეს:
- არ მიირთვათ უმი ან თერმულად არასათანადოდ დამუშავებული ზღვის პროდუქტები და კვერცხი;
- უმი ხილი და ბოსტნეული მირთმევამდე კარგად გარეცხეთ;
- ხელები კარგად დაიბანეთ ცხელი, საპნიანი წყლით, განსაკუთრებით სადილის მომზადების შემდეგ;
- სადილის მომზადების შემდეგ კარგად გარეცხეთ სამზარეულოს ზედაპირები;
- მოერიდეთ ძეხვეულს, ხორცის დელიკატესებსა და შებოლილ ან დამწნილებულ თევზს, თუ მომზადებისას ისინი სათანადოდ არ დამუშავდნენ თერმულად;
- გაეცანით, რა საკვები არ უნდა მიიღოთ ორსულობისას.
- თუ თქვენ აღგენიშნებათ მაღალი წნევა, თქვენი ექიმი ვალდებულია მუდმივად აკონტროლოს პრეეკლამპსიის რისკი, რომელიც წარმოადგენს ორსულობის გართულებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია მაღალი წნევა, ედემა (შესიება) და შარდში პროტეინის ჭარბი შემცველობა. მართალია, როგორც წესი, აღნიშნული გართულება გვხვდება მესამე ტრიმესტრში, მაგრამ იგი შესაძლოა განვითარდეს მე-20 კვირის შემდეგ ნებისმიერ დროს და მისი ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თქვენი ექიმი მარტივად დაგისვამთ პრეეკლამპსიის დიაგნოზს წნევის გაზომვითა და შარდში პროტეინის შემცველობის შემოწმებით. თუ თქვენ შეამჩნევთ პრეელკლამპსიის დამახასიათებელ რაიმე სიმპტომს, როგორებიცაა მხედველობის პრობლემა, კერძოდ ლაქების დანახვა, მუდმივი თავის ტკივილი, ხელებისა და ფეხების უეცარი შესიება, გულისრევის შეგრძნება, უეცარი მატება წონაში ან სუნთქვის გართულება, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. შესაბამისი მკურნალობის გარეშე, პრეეკლამპსიამ შესაძლოა გამოიწვიოს პლაცენტისათვის სისხლის მიწოდების შემცირება და დააზიანოს თქვენი თირკმლები, ღვიძლი, ტვინი და თვალები.
- ყოველი შემთხვევისთვის, გაეცანით ნაადრევი მშობიარობის ნიშნებს. ნაადრევია მშობიარობა, რომელიც დაიწყება ორსულობის 37-ე კვირის ამოწურვამდე. თუ თქვენი ექიმი დროულად შეიტყობს, რომ თქვენ დაგეწყოთ ნაადრევი მშობიარობა, მან შესაძლოა შეძლოს პროცესის გადავადება, რითაც მისცემს თქვენს პატარას ძვირფას დამატებით დროს საშოში გასაზრდელად და განსავითარებლად. სწორედ ამიტომაა აუცილებელი, რომ თქვენ მუდმივად გახსოვდეთ მშობიარობის ნიშნები, რათა დაუყოვნებლივ აცნობოთ თქვენს ექიმს, თუკი მათ შენიშნავთ. ეს ნიშნები მოიცავს: მუდმივ ტკივილს ზურგის ქვედა ნაწილში; წყლის ან ლორწოს მაგვარ, ასევე სისხლნარევ ვაგინალურ გამონადენს; დაჭიმულობას მენჯის არეში; მუცლის სპაზმებს; ფაღარათს; რეგულარულ ჭინთვებს; და წყლის დაღვრას.
- უკვე გყავთ შვილები? თუ პასუხი დადებითია, ახლა შესაძლოა დროა, რომ შეამზადოთ ისინი ახალი დაიკოს ან ძამიკოს გამოჩენისთვის. მათ შესაძლოა ბევრი კითხვები გაუჩნდეთ იმაზე, თუ საიდან მოდიან ბავშვები, ასე რომ, მოემზადეთ მოულოდნელი რეაქციებისთვის! პატარა ბავშვების შემთხვევაში, უმჯობესი იქნება გაუმხილოთ მათ თქვენი მდგომარეობა მაშინ, როდესაც ისინი დაიწყებენ კითხვების დასმას თქვენი ცვალებადი სცეულის შესახებ. თუ თქვენ ვერ ახერხებთ შეარჩიოთ საუკეთესო მიდგომა თემაზე სასაუბროდ ან მის გადასატანად, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ჰკითხეთ თქვენს ექიმს
- ხომ არ ახდენს ხმაური გავლენას ჩემი პატარას სმენის განვითარებაზე?
- რა არის კეგელის სავარჯიშოები და როგორ გავიგო, სწორად ვასრულებ მათ თუ არა?
- რა სარგებელი მოაქვს ჩემი პატარასთვის კითხვას ან მუსიკის მოსმენას?
- დაშვებულია ჩემთვის სიმძიმეების აწევა? რომელია ყველაზე უსაფრთხო მეთოდი?
თქვენი გეგმები
- ეს პერიოდი თქვენთვის მუდამ ტკბილად მოსაგონარი იქნება, ამიტომ სამახსოვროდ დაგეგმეთ საორსულე ფოტოგადაღება, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ ძალა და ენერგია. დაიქირავეთ პროფესიონალი ფოტოგრაფი ან თხოვეთ ფოტოგრაფიის ნიჭით დაჯილდოვებულ მეგობარს გადაგიღოთ საყვარელი ფოტოები. შეგიძლიათ ხელებით გამოსახოთ გული და დაილაგოთ მუცელზე. იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ ჩვილის ხელთათმანებით. ფოტოგადაღება შეგიძლიათ მოაწყოთ, როგორც ღია ცის ქვეშ, ლამაზ ადგილას, ისე თქვენი მომავალი პატარას ოთახში, თუ იგი უკვე მზად გაქვთ. ამასთანავე, თქვენ თავიდან შეგიძლიათ გადაიღოთ რამდენიმე ინდივიდუალური სურათი, ხოლო შემდეგ – ფოტოები პარტნიორთან და სხვა საყვარელ ადამიანებთან ერთად.
- თუ თქვენ ამ კვირაში გამონახავთ დროს, წაიკითხეთ ეს სტატია საგანგაშო ნიშნებზე ორსულობის დროს, რომელთა უგულვებელყოფა დაუშვებელია. ყოველთვის უმჯობესია იყო მომზადებული და იცოდე, რაზე გაამახვილო ყურადღება.
- გაინტერესებთ რამდენად მზად ხართ თქვენი პატარას მოსვლისთვის? გაიარეთ ეს ტესტი, რათა გაიგოთ! ნუ იღელვებთ შედეგზე, თქვენ ჯერ კიდევ საკმაო დრო გაქვთ ყველაფრის ჯეროვნად მომზადებისთვის.
- ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ და გსურთ რაიმე კრეატიულით დაკავდეთ? გადმოწერეთ ეს ორსულობის მნიშვნელოვანი მომენტების სამახსოვრო ბარათები და კრეატიულად აღბეჭდეთ ორსულობის თითიეული თვე. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი პატარას პირველი ფოტოალბომი, რომელშიც ჩააკრავთ თქვენი მზარდი მუცლის ფოტოებს და გააფორმებთ მათ აღნიშნული სამახსოვრო ბარათებით. თქვენ შეძლებთ ეს სიყვარულით აღსავსე მოგონებები, წლების შემდეგ, გაუზიაროთ თქვენს შვილს. თქვენ ასევე შეგიძლიათ ამობეჭდოთ ეს სამახსოვრო ბარათები და გამოიყენოთ ისინი სოციალურ ქსელში, თქვენი ორსულობის გზის თქვენს საყვარელ ადამიანებთან გასაზიარებლად.
- გამოიწერეთ კიდევ უფრო მეტი ყოველკვირეული რჩევები ორსულობის შესახებ.
წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/23-weeks-pregnant