Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცისესაუბრება კლინიკური ფსიქოლოგი, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრგამმას“ აკადემიური თერაპევტი და ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპიული სამსახურის თერაპევტი ნინო არაჩემია.

ახალი სასწავლო წლის დაწყება ბავშვების უმეტესობისთვის საინტერესოა, მაგრამ ზოგი ბავშვისთვის ის შეიძლება შფოთვის მიზეზად იქცეს. თუ ბავშვი სკოლაში მისვლის წინ შფოთავს, არც მშობელია კარგ დღეში. მისთვის საკმაოდ უსიამოვნოა ატირებული ბავშვის სკოლაში მიყვანა და ეს პროცესიც ნამდვილ გამოცდად იქცევა ხოლმე. 

ის ბავშვი, რომელსაც ისედაც უჭირს მშობლებთან განშორება, სკოლაში წასვლის წინ კიდევ უფრო შფოთავს. ამიტომაც მშობლისგან მას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება. 

გაგიზიარებთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი პირველკლასელი ბავშვის შფოთვის შემცირებაში.

პირველ რიგში, უნდა დააკვირდეთ, საკუთარ დაძაბულობას ხომ არ „გადასცემთ“ შვილს და რამდენად ეფექტურად მართავთ საკუთარ შფოთვას. მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და სახეზე ღიმილი, რითაც ბავშვის შფოთვის გაძლიერებას აირიდებთ თავიდან.

მოუსმინეთ ბავშვს! ბავშვები შფოთავენ სკოლაში წასვლის, ახალი მასწავლებლის, ახალი სოციალური გარემოს გამო. ამ შიშების უარყოფის ნაცვლად („არაფერია სანერვიულო! კარგად იქნები!“), მოუსმინეთ მათ. თქვენი შვილის გრძნობების აღიარება დაეხმარება მას, თავი უფრო დაცულად იგრძნოს. შეგიძლიათ გაიმყაროთ მისი ნდობა იმით, რომ დაეხმაროთ იმ სტრატეგიის შემუშავებაში, თუ როგორ გაუმკლავდეს იმას, რაც აწუხებს.

გამოხატეთ თქვენი ემოციები და დაეხმარეთ ბავშვსაც თავისი ემოციების ვერბალიზებაში (სიტყვებით გამოხატვაში). უმჯობესია, თუ მათ გრძნობებს დაუდასტურებთ და ეტყვით: „ვიცი, რომ რთულია“ და ამავდროულად აჩვენებთ, რომ მათ შეუძლიათ გაუმკლავდნენ ამ სიტუაციას.

თუ თქვენ  ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი  ღელავს სკოლაში პირველად წასვლის გამო, მიეცით მას დრო, რომ წინასწარ შეეგუოს ახალ სკოლას ან ახალ კლასს.  სკოლის დაწყებამდე რამდენჯერმე მიიყვანეთ სკოლაში და გაისეირნეთ დერეფანში, ოთახებში, იპოვეთ მისი მომავალი საკლასო ოთახი, საპირფარეშო, კაფე/სასადილო, სათამაშო მოედანი. თუ შესაძლებელია, გააცანით მასწავლებელი. მიეცით საშუალება, დაჯდეს თავის საკლასო ოთახში სასწავლო მაგიდასთან.

ასევე, გამოგადგებათ როლური თამაში სახლში. გამოიყენეთ თოჯინები იმ სოციალური სიტუაციების გასათამაშებლად, რაც მას განსაკუთრებით აშფოთებს. მაგალითად, გაითამაშეთ მასწავლებელთან პირველად შეხვედრა.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენს შვილს არ სურს თქვენთან განშორება, აჯობებს, მასწავლებელს პირადად მიუყვანოთ ბავშვი და ისე დატოვოთ. უფრო იოლია შეგუება, თუ მის კლასში ძველი ნაცნობი, მისი ბაღელი ან მეზობელი აღმოჩნდება. 

გზადაგზა შეაქეთ გაბედული ქცევისთვის. აუცილებლად შეახსენეთ, რომ დაბრუნდებით მის წასაყვანად. უთხარით, რომ სკოლაში საინტერესო აქტივობები იქნება და სთხოვეთ, რომ როდესაც წასაყვანად დაბრუნდებით, მოგიყვეთ, რა გააკეთეს სახალისო.  

როდესაც სკოლაში წასვლის პირველი დღე დადგება, ზოგჯერ უმჯობესია უთხრათ თქვენს შვილს, რომ გარეთ დარჩებით რამდენიმე წუთი. ეს მას დაეხმარება, რომ თავი მშვიდად იგრძნოს. გაატანეთ საყვარელი პატარა სათამაშო ან ნივთი, რომელიც შეუძლია მაშინ ამოიღოს ჯიბიდან,  თუ მოწყენილად იგრძნობს თავს.

ახალი და უცნობი სიტუაცია ყველას გვაშფოთებს, მათ შორის ბავშვებსაც. შეეცადეთ, დაეხმაროთ თქვენ შვილს, დაძლიოს უცნობ სკოლაში პირველად მისვლის შფოთვა.  

📖გამოყენებული ლიტერატურა:

Miller, C., & Abpp, R. B. P. (2023, August 17). Back to School Anxiety. Child Mind Institute. https://childmind.org/article/back-school-anxiety/

Kruger, P. (2021, May 11). School Anxiety in Children: Causes, Signs, and What to Do. Parents. https://www.parents.com/toddlers-preschoolers/starting-preschool/issues/school-anxiety/

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5