თანამედროვე გარემო ითხოვს ისეთ ადამიანებს, რომლებიც აღჭურვილები არიან კომუნიკაციის, ლიდერობის, გადაწყვეტილების მიღების უნარებით. განვითარებულ ქვეყნებში ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს განათლების მიმართულებას, სადაც მთავარი აქცენტი გადატანილია მოსწავლეთა მოტივაციური სისტემების განვითარებაზე. ტრანსფორმაციული დიალოგი, რომელიც ქოუჩინგის ფორმატია, ხელს უწყობს ბავშვებს დასახონ მიზნები, შეისწავლონ და განავითარონ საკუთარი უნარები, იმუშაონ თვითშემეცნებაზე და თვითგანვითარებაზე. “ქოუჩინგ ლაბის” დამფუძნებელი და ქოუჩი ირინე ჭოჭუა გვესაუბრება თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში ამ უნარების განვითარება და რა მიღწევები აქვს ქოუჩინგს განათლების პროცესში.
რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის პიროვნული განვითარების ზრდა და ხელშეწყობა ადრეულ ასაკში?
დღევანდელ გარემოში გაცილებით დიდი ყურადღება ეთმობა კრიტიკულ აზროვნებას და იმ მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავებას, როგორიცაა კომუნიკაცია, თვითპრეზენტაცია, ლიდერობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი, მუშაობა მიზნებთან და მოტივაციასთან და ა.შ. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს განათლების მიმართულებას, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში სრულიად ახალ მიდგომებს და მიგნებებს ეფუძნება. განათლების ყველაზე წარმატებული მოდელი არის სწორედ ის მოდელი, სადაც მთავარი აქცენტი გადატანილია ინდივიდუალურ მიდგომებსა და მოსწავლეთა მოტივაციური სისტემების განვითარებაზე. თანამედროვე მასწავლებელი დღეს არის ქოუჩი, რომელიც ეხმარება მოსწავლეს პიროვნულ განვითარებაში, მოტივაციური სისტემის შექმნაში და წარმატების სტრატეგიების დანერგვაში. ამ ახალი მიდგომებით მოსწავლე აცნობიერებს საკუთარ შესაძლებლობებს, ინტერესთა სფეროებს, უნარებს, რესურსებს და ქმნის საკუთარ, უნიკალურ განვითარების სტრატეგიებს. ასეთი მიდგომებით კი უკვე მარტივი ხდება იდენტობის ჩამოყალიბება, ცხოვრებისეული მიზნებისა და პროფესიული ინტერესების განსაზღვრა.
რა ფაქტორებს ენიჭება ამ პროცესში მნიშვნელობა?
ქოუჩინგს დიდი ადგილი უკავია განათლებაში. ქოუჩთან მუშაობის შედეგია მიზნების დასახვა, ღირებულებების და შესაძლებლობების გამორკვევა, შინაგანი პოტენციალის, რესურსების, უნარების მობილიზება და განვითარება, ახალი უნარების დასწავლა, სამოქმედო ენერგიაზე მუშაობა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ქოუჩინგური დიალოგი არის მუშაობის ფორმატი, რომლის მიზანია კითხვების დასმის საშუალებით მოახდინოს ტრანსფორმაცია, თვითშემეცნება და დასწავლა. ეს არის ტრანსფორმაციული დიალოგი. მთელ ამ პროცესში თანაბრად მნიშვნელოვანია სკოლის, მასწავლებლების, მშობლის და გარემო ფაქტორების როლი. ყველა ეს მიმართულება უნდა იყოს თანხვედრაში და უნდა ემსახურებოდეს ბავშვის პიროვნული და პროფესიულ განვითარებას. სწორედ ამიტომ, უმთავრესი რეკომენდაციაა პირველ რიგში განათლების სისტემის და მიდგომების შეცვლა, რომელიც მორგებული იქნება თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზე და შემდგომ სკოლის აქტიურობა, რომელიც პროცესში ჩართავს ყველა აუცილებელ კომპონენტს.
რა გავლენას ახდენს პიროვნული ზრდის პროცესი ბავშვის მომავალზე, აკადემიურ წარმატებაზე?
ქოუჩინგი ბავშვებისთვის არის უნიკალური ინსტრუმენტი, რომელიც მოსწავლეებს ხელს უწყობს აქტიურად და გაცნობიერებულად ჩაერთონ სასწავლო პროცესში, დასახონ მიზნები, შეისწავლონ და განავითარონ საკუთარი რესურსები და უნარები, დამოუკიდებლად იმუშაონ თვით-შემეცნებაზე და თვით-განვითარებაზე, შეცვალონ და განავითარონ ქცევები, განახორციელონ კონკრეტული, შედეგზე ორიენტირებული და დროში გაწერილი ქმედებები და მიიღონ შედეგები. როდესაც მთელ ამ კომპონენტებზე მუშაობა ხდება თანმიმდევრულად, სწორ გარემოში და სწორი მიდგომებით, შედეგად ვიღებთ გაცნობიერებულ ადამიანს, რომელიც მზად არის უპასუხოს თანამედორვე გამოწვევეს.
რას ურჩევდით მშობლებს? მათზე დიდი წილია იმ პასუხისმგებლობის, რომელსაც შვილის პიროვნული განვითარების ზრდა ჰქვია…
ერთადერთი რჩევა, რაც მშობლებს შემიძლია მივცე, ეს არის მოუსმინეთ თქვენს შვილებს და დაუსვით მათ რაც შეიძლება მეტი ღია კითხვა და შემდეგ ისევ მოუსმინეთ. დღევანდელ ჩვენს გარემოში კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნარია მოსმენა და ამ უნარის თვალსაჩინო დეფიციტია, რომლის განვითარებაც აუცილებელ ამოცანად მიმაჩნია.