“დედამიცისს” ესაუბრება ქცევითი თერაპევტი ნინი ბაშელეიშვილი.
გვესაუბრეთ, როდის არის საჭირო ქცევითი თერაპიის გამოყენება და რაზე არის ის ორიენტირებული?
აუტიზმი – ეს არის მდგომარეობა, როდესაც ინტელექტუალური განვითარება დარღვეულია, რაც გავლენას ახდენს ადამიანის სოციალიზაციაზე, ურთიერთობისა და გონებრივი განვითარების პროცესებზე. ამ დროს ბავშვის აღქმა გარემოსამყაროს შესახებ განსხვავებულია და ბავშვებს ინდივიდუალური, განსხვავებული წარმოსახვა, შეგრძნებები და ინტერესები აქვთ. ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ABA) თერაპიის მეშვეობით შესაძლებელია შევცვალოთ ბავშვის სოციალური, კომუნიკაციური, თავის მოვლის, თამაშისა და შემეცნების უნარები და ასევე, რაც მთავარია, გავაუმჯობესოთ რთული ქცევა.
ქცევითი თერაპია მიმართულია ცალკეული ბავშვზე ინდივიდუალური მიდგომებითა და ინტენსიური სწავლებისა და თერაპიის მეთოდით. ამ დროს თერაპევტი ცდილობს ყოველი არსებული პრობლემის მოგვარებას. ის, რისი „ხათრითაც“ ბავშვი დავალებული მითითების შესრულებას შეეცდება, არის განმამტკიცებელი. ანუ მთავარი სტრატეგია და გასაღები, რათა ბავშვი თერაპიას ხალისიანად და მონდომებით წამოჰყვეს. არის ასევე დიდი იმედიც, რომ ბავშვი სპეციფიკურ ქცევას შეისწავლის ან უარყოფით ქცევას აღარ გაიმეორებს. სწორედ ეს ფუნქცია ეკისრება განმამტკიცებელს. სანამ ბავშვს მივცემდეთ კონკრეტულ ინსტრუქციას, რათა შეიმეცნოს ახალი უნარები და დაისწავლოს სხვადასხვა რამ ან თუნდაც ჩაანაცვლოს არასასურველი ქცევა მისაღები ქცევით, იქამდე უნდა ავარჩიოთ მისი საყვარელი საქმიანობა (იქნება ეს: ძერწვა, ხატვა თუ სხვა რამ), სათამაშო, ან ნივთი, რომელსაც იგი მიიღებს კონკრეტული აქტივობის შესრულების შემდეგ. მაგალითად, თუ ორი ბარათიდან რომელზეც გამოსახულია ხე და ბურთი თერაპევტის კითხვაზე „რომელია აქედან ხე“, ბავშვი სწორად დაადებს კონკრეტულ ბარათს თითს, ამის შემდეგ იგი მიიღებს სასურველ სათამაშოს ან აქტივობას. გარდა ამისა, შესაძლებელია ბავშვის ემოციური შექება, ასევე მიცემული ინსტრუქციის საკვების საშუალებით განმტკიცება. ეს ყველაფერი იგეგმება ბავშვის ინტერესების სფეროს შესწავლითა და გათვალისწინებით.
როდის არის ეფექტური ქცევითი თერაპია?
ქცევითი თერაპია, როგორც ვთქვით, ეფექტურია ყველა ისეთი პრობლემის დროს როდესაც არ არის განვითარებული და დასწავლილი სოციალური, კომუნიკაციური, თავის მოვლის, თამაშისა და შემეცნების უნარები და არ არის მოწესრიგებული რთული ქცევა. მაგალითად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ბავშვის წინააღმდეგობა მაღაზიაში, როდესაც მას სასურველი სათამაშოს მიღების გარეშე არ უნდა მაღაზიის დატოვება და ამ დროს მშობლებმა აღარ იციან, რა ქნან. ხშირ შემთხვევაში კი იმისათვის, რომ ბავშვმა ტირილი, ყვირილი ან ძირს გორაობა შეწყვიტოს, ისინი იძულებულები არიან ბავშვის სურვილი შეუსრულონ. ამ დროსაც ეფექტურია ქცევის თერაპიის ელემენტების გამოყენება. მშობლებს ამის შემდეგ უკვე ზუსტად ეცოდინებათ მსგავს შემთხვევებში როგორ მართონ სიტუაცია, რათა იგივე არ განმეორდეს უფრო მეტი სიჯიუტითა და სიძლიერით.
რა იქნება თქვენი რეკომენდაცია მშობლებისთვის?
- ინსტრუქციების შესრულებისას ბავშვის თქვენთვის მისაღები პასუხი აუცილებლად დააბოლოვეთ თქვენი პოზიტიური უკუკავშირით, შეაქეთ ის, მოეფერეთ მას ან სხვა მისთვის სასურველი რამით დააჯილდოვეთ.
- წაახალისეთ ბავშვის სიტყვების ან ბგერების წარმოთქმის ნებისმიერი მცდელობა, შეაქეთ ან გაიმეორეთ მის მიერ წარმოთქმული ბგერები და სიტყვები.
- ეცადეთ ყოველთვის ყველანაირი საქმიანობა განმარტოთ, ხმამაღლა ისაუბროთ თუ რას აკეთებთ, თითოეულ საგანს რა ჰქვია, რა დანიშნულება აქვს მას და ა.შ.
- ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებმა ნაკლები დრო გაატარონ ეკრანთან.
- თერაპიის შემდეგ ნასწავლი და გაცნობიერებული უნარების განმტკიცება უნდა ხდებოდეს მშობლების მიერ სახლში, რასაც ძალიან დიდი ეფექტი აქვს.
- ამასთანავე მშობელი უნდა თანამშრომლობდეს თერაპევტთან და იზიარებდეს მის მიდგომას და სრულად ასრულებდეს ყველანაირ მითითებას, რაც ბავშვისთვის სასარგებლოა.
- მშობელი უნდა ეცადოს, რომ არ გააცდინოს თერაპიები, რათა ბავშვს არ დაავიწყდეს შესწავლილი უნარები.
- არ არის სასურველი, რომ ბავშვს ყოველთვის ყველაფერი შევუსრულოთ.
- მაგრამ, თუ მშობელი ბავშვს რაიმეს დაჰპირდა, მან დანაპირები აუცილებლად უნდა შეასრულოს.