პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი, სპეციალური განათლების მაგისტრი ქეთი გოგოლაძე.
გვესაუბრეთ ფსიქოლოგის როლის მნიშვნელობაზე სკოლაში. რა ფუნქცია აქვს დღეს სკოლებში ფსიქოლოგს და როგორ ეხმარება ის მოსწავლეს?
სკოლაში ფსიქოლოგის მუშაობის რამდენიმე მიმართულება არსებობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, სკოლამ ზუსტად იცოდეს და გაცნობიერებული ჰქონდეს ის მიმართულებები, რომელთა მიხედვითაც არჩევს კადრს. დღესდღეობით, საჯარო სკოლები გარკვეულწილად ავტონომიურები არიან და რესურსებიდან თუ საჭიროებებიდან გამომდინარე, უწევთ აარჩიონ სასურველი კადრი სკოლაში. ფსიქოლოგის ყოლაც სკოლის ადმინისტრაციაზეა დამოკიდებული. საჯარო სკოლების უმეტესობას ამ ეტაპზე აქვს ფსიქოლოგის შტატი, რომელიც ინკლუზიური განათლების პროგრამის ფარგლებშია. ეს შტატი მოიცავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობას, მათი ხელშეწყობისა და განვითარების პროცესებზე ზრუნვას. მათ მოვალეობაში ნაკლებად შედის სკოლის ნებისმიერი მოსწავლისთვის ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაწევა. რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში უარს არ ამბობენ ამ ტიპის დახმარებაზე, მაგრამ ასევე ხშირად, ამ მიმართულებით კომპეტენციაც არ აქვთ საკმარისი.
დასავლეთის ქვეყნებში სკოლის ფსიქოლოგებს აქვთ გარკვეული ტიპის სასერტიფიკაციო კურსები და გამოცდები, რის შემდეგაც მათ შეუძლიათ მუშაობა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით ამ ეტაპზე არ ვართ, მაგრამ სკოლის ფსიქოლოგის სტანდარტი მუშაობის პროცესშია და იმედია, სწრაფად და სწორად იქნება გაწერილი მათი მოვალეობები და ასევე ექნებათ გადამზადების საშუალებაც.
სკოლის ფსიქოლოგის სამუშაოს საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანი სპექტრი აქვს. პირველ რიგში, მისი მოვალეობა მასწავლებლების გაძლიერებაა. სკოლას რამდენი ფსიქოლოგიც არ უნდა ჰყავდეს, ვერ შეძლებს დახმარება გაუწიოს ყველა მოსწავლეს. არადა, სკოლაში სწავლისას ადამიანი ყველაზე მნიშვნელოვან 12 წელს ატარებს, ამ ასაკში ყალიბდება პიროვნებად და შეუძლებელია ამდენი ხნის მანძილზე მას ერთხელ მაინც არ დასჭირდეს ემოციური მხარდაჭერა უფროსისგან. რა თქმა უნდა, ეს უფროსი ადამიანი შეიძლება იყოს როგორც მშობელი, მასწავლებელი, სკოლის ფსიქოლოგი ან სხვა.
სწორი სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად კლასის მართვის სტრატეგიების ცოდნას მასწავლებლებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოუდგენელია მოსწავლეებმა საგნობრივი კომპეტენცია საკლასო გარემოში შეითვისონ, შეძლონ ცოდნის გამოვლენა და სწორად მოხდეს შემდგომ ამ არსებული ცოდნის გენერალიზება. ამისათვის მასწავლებლებს სჭირდებათ ხელშეწყობა და რეკომენდაცია ფსიქოლოგის მხრიდან, თუ რომელ ასაკობრივ კატეგორიასთან როგორი კომუნიკაციისა თუ სწავლების სტილი გამოიყენონ.
მოსწავლეების ნაწილს თვითონ უჩნდება სურვილი ფსიქოლოგთან კომუნიკაციისა, ამისათვის ისინი კაბინეტში მიმართავენ ფსიქოლოგს. ზოგადად, სასკოლო სივრცეში თერაპიის ადგილი არაა და არც სკოლის ფსიქოლოგს აქვს თერაპიის კომპეტენცია, მაგრამ მიუხედავად ამისა, სკოლის ფსიქოლოგს უნდა ჰქონდეს იმდენი ცოდნა, რომ მოსწავლის კონსულტირება შეძლოს. უნდა მოუსმინოს მას და დაუსვას ის შეკითხვები, რომლებიც მოსწავლეს საკუთარ თავთან გამორკვევაში დაეხმარება. თუმცა ეს ნამდვილად არ არის მარტივი. უბრალოდ, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ სკოლაში არის ადამიანი, ვისთანაც ღიად შეძლებენ საკუთარ ემოციებზე საუბარს და ხშირად მხოლოდ ეს საუბარიც სიმშვიდის მომგვრელია მათთვის.
მშობლები ასევე ხშირად მიმართავენ სკოლის ფსიქოლოგს, როცა ამჩნევენ რომ მათი შვილი შეიცვალა. როცა ძველებური კომუნიკაცია აღარ აქვს ოჯახის წევრებთან, შეიძლება უფრო გულჩათხრობილი გახდა, სხვა ინტერესები გაუჩნდა. ამ შემთხვევაში ფსიქოლოგი ცდილობს გაარკვიოს რა ცვლილებებია სასკოლო გარემოში ამ მოსწავლესთან მიმართებაში, რამდენად არის ეს ხელისშემშლელი ბავშვის განვითარებისთვის და ამის მიხედვით ცდილობს რეკომენდაციები მისცეს მშობელს და საჭიროების შემთხვევაში გადაამისამართოს სხვადასხვა სპეციალისტთან.
მასწავლებლის მხრიდან მომართვიანობაც ძალიან ხშირია. როგორც წესი, პირველ რიგში მასწავლებლები, როცა რაიმეს შეამჩნევენ, მშობელს აყენებენ საქმის კურსში, თუმცა დღევანდელი რეჟიმიდან გამომდინარე, მშობლები მუდმივად დაკავებულები არიან, მოსწავლეებიც არანაკლებ. ისინი დადიან სხვადასხვა წრეებსა თუ აქტივობებზე, მშობლებთან სათანადო კომუნიკაციასაც კი ვერ ასწრებენ და ამიტომ მშობლებს ცვლილებების შემჩნევაც უჭირთ. მასწავლებელი კი შედარებით ამჩნევს ცვლილებებს საგაკვეთილო პროცესში. იქნება ეს აკადემიური ცვლილება, კომუნიკაციის მხრივ თუ სხვ. თუმცა მასწავლებელმა ყოველთვის არ იცის როგორ მოიქცეს. მსგავს სიტუაციაში, ფსიქოლოგის ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ დროს განსაკუთრებით საჭიროა, გამოვარკვიოთ მოსწავლის ინტერესები და ამ ინტერესებიდან გამომდინარე შევძლოთ მისი პრობლემების მოგვარებაში დახმარების შეთავაზება. მინდა სწორად აღვნიშნო, რომ ყველა შემთხვევა ძალიან ინდივიდუალურია, ამიტომ არ არსებობს კონკრეტული რეცეპტები, რომლებიც მოერგება და დაეხმარება მოსწავლეს, მასწავლებელსა თუ მშობელს სირთულის აღმოფხვრაში. მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ მაღალკონტინგენტიან სკოლებში დაფუძნდეს ფსიქოლოგების გუნდი, რომელიც აქტიურად იმუშავებს როგორც ინდივიდუალურ შემთხვევებზე, ასევე შეძლებენ პრობლემების პრევენციაზე ჯგუფურ მუშაობას და რაც მთავარია, სასკოლო საზოგადოებაში გაიზარდოს ცნობიერება და გაჩნდეს ფსიქოლოგის მიმართ ნდობა.