პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის სპეციალისტი, რეაბილიტოლოგი ნინო ჭითანავა.
ზამთრის პერიოდში მშობლებიც და ბავშვებიც ფიზიკური აქტივობების უფრო პასიურ ფაზაში გადადიან და რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა ბავშვებისთვის?
ფიზიკური აქტივობებით დატვირთვა მნიშვნელოვანია ბავშვის მოტორული, ემოციური, სოციალური და კოგნიტური უნარების განვითარებისთვის.
წლის ყველა პერიოდში აუცილებელია ბავშვი იყოს ფიზიკურად დატვირთული, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც ბავშვები უფრო პასიურ, უმოძრაო მდგომარეობაში არიან, მშობლებს მართებთ მეტი ძალისხმევა, შეუქმნან მოტივაცია, რათა ბავშვები იყვნენ ჩართულები ფიზიკურ აქტივობებში, დაეხმარონ დღის დაგეგმვაში, სადაც გათვალისწინებული ექნებათ ფიზიკური დატვირთვა.
დღის რუტინიდან ნუ ამოიღებთ გარე აქტივობებს, გაზარდეთ სახლში ფიზიკური დატვირთვა, გამოიყენეთ ზამთრის არდადეგები მთიან ადგილებში. მთიანი კურორტი, განსაკუთრებით ზამთარში, დასვენებისათვის ბევრ შესაძლებლობას გვთავაზობს.
მაღალი მთის მშრალი ჰავის, ჟანგბადისა და ფიზიკური დატვირთვის ერთობლიობა, დასვენებისა და გაკაჟებისთვის საუკეთესო გარემოს ქმნის.
აქტიური დასვენება ამ გარემოში დამატებითი ენერგიითა და ემოციებით ავსებს ბავშვს. ფიზიკური აქტივობა, თოვლში თხილამურებით სრიალი, ხელს უწყობს მისი ძვალ-სახსროვანი სისტემისა და კუნთების განვითარებას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, ავითარებს ბალანსირების უნარს. ზამთრის კურორტის შერჩევისას მნიშვნელოვანია ბავშვების გართობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
აუცილებელია გავითვალისწინოთ WHO-ს რეკომენდაცია: კვირაში 6 საათი მაღალი ინტენსიური დატვირთვა.
რაც შეეხება ფიზიკური აქტივობის აუცილებელ ხანგრძლივობას წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რეკომენდაციები შემდეგია: რაც მეტად აქტიური იქნება ბავშვი დღის განმავლობაში, მით უკეთესია, რათა ბავშვს შემდგომში ჰქონდეს მრავალი მოძრაობითი უნარი. აუცილებლად გასათვალისწინებელია არ დარჩეს შეზღუდული უძრაობის პირობებში ზედიზედ ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგალითად, საბავშვო სავარძელში, ზურგჩანთაში, ეტლში. დღეში არანაკლებ 30 წუთისა, სიფხიზლის პერიოდში, ბავშვი მუცელზე უნდა იწვეს.
დაახლოებით რამდენი საათი შეიძლება იყოს ის მინიმუმი, რომელიც ბავშვმა უნდა გაატაროს ჰაერზე და რას იწვევს ნაკლები მოძრაობა ბავშვებისთვის?
ზამთრის პერიოდში ბავშვის სეირნობა დაახლოებით 1 საათს შეიძლება გაგრძელდეს, ნაკლები მოძრაობა და ცხოვრების უმოძრაო წესი განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ჰიპოდინამია აფერხებს ორგანიზმის ჯანსაღ ფორმირებას, უარყოფით გავლენას ახდენს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განვითარებაზე.
მოძრაობა და რეგულარული ფიზიკური დატვირთვა არა მხოლოდ ხელს უწყობს ბავშვის ჩონჩხისა და კუნთოვანი სისტემის ჩამოყალიბებას, არამედ უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის პროცესთა რეგულაციას, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციის სრულყოფას, აჯანსაღებს და აკაჟებს ორგანიზმს.
ხანგრძლივი ჯდომის დროს მოზარდს უჭირს ზურგის მუდმივად სწორ მდგომარეობაში შენარჩუნება და ბეჭებში იხრება, რაც დროთა განმავლობაში გამრუდების, სკოლიოზის წარმოქმნას იწვევს. საბოლოოდ, ამას ზურგის ტკივილი, სხეულის შინაგანი სისტემების ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა მოსდევს. კუნთოვან მასაზე დატვირთვის შემცირება აუარესებს ქსოვილთა სისხლით მომარაგების პროცესს. ამის შედეგად უჯრედებამდე ჟანგბადის შეზღუდული რაოდენობა აღწევს და იწყება ჰიპოქსია (ჟანგბადოვანი შიმშილი).
წელიწადის ამ პერიოდში, როდესაც ბავშვები სახლში მეტ დროს ატარებენ გაჯეტებთან, აუცილებელია დავეხმაროთ მათ გადაადგილებაში და ფიზიკური აქტივობის სარგებლის აღმოჩენაში.
ორგანიზმის ნორმალური ანატომიური და ფუნქციური ზრდა-განვითარებისთვის, აქტიური თამაში, ფიზიკური აქტივობებით დატვირთვა ნებისმიერი ბავშვისთვის მნიშვნელოვანია და დადებითად აისახება ბავშვის ფიზიკურ, მენტალურ ჯანმრთელობაზე.