Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ “გამმას” აკადემიური თერაპევტი და ფსიქოლოგი ნესტან კაპანაძე. 

რა არის სასკოლო მზაობა და რატომ არის საჭირო ბავშვის მომზადება სკოლისთვის

სასკოლო მზაობა ეს არის ფიზიკური, ემოციური, ქცევითი და შემეცნებითი უნარების იმ დონეზე მომწიფება, რაც საჭიროა სკოლაში წარმატებული ფუნქციონირებისთვის.

სასკოლო მზაობა მოიცავს როგორც აკადემიურ უნარებს (კითხვას, წერას, არითმეტიკას), ასევე ფიზიკურ, კოგნიტურ (იგივე შემეცნებით), ენისა და წიგნიერების, სოციალურ-ემოციურ და თვითმოვლის უნარებს. ამიტომაც წინასასკოლო ასაკში აკადემიურ უნარებთან ერთად მნიშვნელოვანია ყველა ამ უნარზე მუშაობა. 

რას გულისხმობს თითოეული

სოციალურ-ემოციური განვითარება მოიცავს საკუთარი ემოციების რეგულაციის, საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობის, ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარს.

კოგნიტური განვითარება – სააზროვნო უნარების განვითარებას, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გაგების და ამოცანის გადაჭრის უნარს.

ენისა და წიგნიერების განვითარება – ვერბალური ინფორმაციის გადამუშავების, ინსტრუქციების გაგების უნარს, ექსპრესიულ მეტყველებას და ლექსიკურ მარაგს.

ფიზიკური განვითარება – უხეშ (სიარული, სირბილი, ხტომა, კიბეზე ასვლა, ჯდომა) და ნატიფ მოტორულ უნარებს (თითების გამოყენება, წვრილი საგნების – მაკრატლის ან ფანქრის ხმარება).

თვითმოვლა – დამოუკიდებლად კვებას, ჩაცმა-გახდას, ტუალეტის ჩვევას და ა.შ.

რატომ არის მნიშვნელოვანი სასკოლო მზაობა ბავშვისთვის?

სასკოლო მზაობის უნარ-ჩვევები ეხმარება ბავშვს, რომ მარტივად ადაპტირდეს სკოლაში და წარმატებით ჩაერთოს სასწავლო და სოციალურ აქტივობებში. ის მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბავშვის აკადემიურ მიღწევებს როგორც დაწყებით, ასევე საშუალო კლასებში. სკოლის პირველი გამოცდილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სწავლის მოტივაციაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში.

კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვებს, რომლებიც სკოლაში შესვლის დროს არ იყვნენ მზად სწავლისათვის, აქვთ ნაკლები აკადემიური მოსწრება და სოციალური, ემოციური და ქცევითი პრობლემების გამოვლენის მაღალი რისკი. ეს ნიშნავს, რომ თუ ბავშვი სკოლისათვის მზად არ არის, მას შეიძლება გაუჩნდეს ნეგატივიზმი სკოლის, მასწავლებლის ან სწავლის მიმართ, ჰქონდეს დაბალი თვითშეფასება, იზოლირდეს კლასელებისაგან, ჰქონდეს ქცევის სირთულეები.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5