პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება ენისა და მეტყველების თერაპევტი, საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაციის საბჭოს წევრი ელენე წკრიალაშვილი.
რატომ უნდა ვიზრუნოთ ბავშვის საკომუნიკაციო და ენობრივი უნარების განვითარებაზე?
კომუნიკაცია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ჩვენ ყველანი კომუნიკაციის ჩარჩოში ვარსებობთ და კომუნიკაციის საშუალებით ვცხოვრობთ. კომუნიკაციის დამყარება ადამიანის ყველაზე ბუნებრივი და ცხოვრების ხარისხისათვის უმნიშვნელოვანესი მოთხოვნილებაა. კომუნიკაციის საშუალებით ჩვენ: უარს ვამბობთ იმაზე, რაც არ გვსურს, ვიღებთ იმას, რაც გვსურს, ვებმებით სოციალურ ურთიერთქმედებაში, მოვიპოვებთ და გადავცემთ ინფორმაციას. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ კომუნიკაციას ჩვენ მხოლოდ მეტყველებით არ ვამყარებთ. მეტყველება არის ენის გამოყენების ყველაზე გავრცელებული ფორმა, თუმცა მისი სხვა ფორმებიც არსებობს. სახის გამომეტყველება, სხეულის ენა, ჩვენ მიერ გაკეთებული არავერბალური მინიშნებები. არავერბალური კომუნიკაცია ისეთივე ძლიერი და მნიშვნელოვანი საშუალებაა, როგორც მეტყველება. უფროსებმა მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი ბავშვის საკომუნიკაციო პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენას. წაახალისონ და დააფასონ მათი როგორც ვერბალური, ასევე არავერბალური კომუნიკაცია. ბავშვები უფროსებთან კომუნიკაციას ამყარებენ არა იმიტომ, რომ უფროსმა ისინი შეამოწმოს, შეაფასოს და ნიშანი დაუწეროს, არამედ თავიანთი ემოციების გასაზიარებლად, ინფორმაციის მოსაპოვებლად და სურვილების გადასაცემად, იმ ფორმით, რომელიც იმ ეტაპზე მათთვის შესაძლებელია.
ნებისმიერი ბავშვის კომუნიკაციური, ენობრივი უნარების განვითარებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა გარემოში იზრდება ბავშვი და როგორი კომუნიკაციური პარტნიორები არიან უფროსები, რომლებიც მასთან ყოველდღიურად ურთიერთობენ. გამუდმებით „ტესტირების რეჟიმში“ ყოფნამ და ნეგატიურმა უკუკავშირმა, ბავშვებს შესაძლოა კომუნიკაციის დამყარების ხალისი დააკარგვინოს.
პირველი ხუთი წლის მანძილზე ბავშვები ეტაპობრივად ივითარებენ კომუნიკაციურ და ენობრივ უნარებს, შესაბამისად, სწორედ ამ წლებში ეყრება საფუძველი მათი სოციალიზაციისა და სხვებთან ურთიერთობების შესაძლებლობებს; ამ ასაკში ვითარდება მათი უნარი იფიქრონ, შეადარონ, გაანალიზონ, მოძებნონ ალტერნატიული გზები, გადაჭრან პრობლემები, შექმნან სიახლეები და განვითარდნენ. უფროსებმა, რომლებიც ბავშვებთან ყველაზე დიდ დროს ატარებენ, უნდა იცოდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი ყურადღებიანი დამოკიდებულება და კარგი კომუნიკაციური პარტნიორობის გაწევა, იმისათვის, რომ ბავშვებმა თავიანთი პოტენციალის მაქსიმუმს მიაღწიონ.
ადრეული განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებს კარგად უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული კომუნიკაციის არსობრივი მნიშვნელობა, კარგად უნდა იცოდნენ ბავშვის ენობრივი განვითარების ეტაპები, რათა ყველა ბავშვისათვის, შესაფერისი მაქსიმალურად ეფექტური საკომუნიკაციო გარემო შექმნან.
როდესაც ბავშვის ენობრივ განვითარებას ბუნებრივ გარემოში ვცდილობთ, ბავშვს ვაძლევთ შინაარსის გააზრების საშუალებას. ბავშვები ენას ეუფლებიან უფროსებთან და თანატოლებთან ყოველდღიურ ურთიერთობაში.
რაც უფრო სასიამოვნო, ხშირი, საინტერესო და ბავშვის ენობრივი განვითარებისათვის შესაბამისია კომუნიკაცია, მით უფრო სწრაფად და ბუნებრივად ვითარდება ენა. ხელოვნურად შექმნილ გარემოში, სადაც ბავშვი თავს უფრო გამოცდაზე გრძნობს, სადაც მას მუდმივად საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების დემონსტრირებას სთხოვენ, ეს არ არის მათთვის ენობრივი განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემო.
ენობრივი უნარ-ჩვევები საშუალებას აძლევს ბავშვებს დაამყარონ და შეინარჩუნონ სოციალური ურთიერთობა სხვებთან, რათა გამოხატონ და სხვებს გაუზიარონ თავიანთი ფიქრები და გრძნობები, წარმოადგინონ და გაიგონ გარშემო არსებული სამყარო. ენა არის ფიქრის, სწავლისა და პრობლემების გადაწყვეტის ინსტრუმენტი. ენის დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია დავუშვათ ალტერნატივები, ვიმსჯელოთ მიზეზებზე, წარმოვიდგინოთ, დავგეგმოთ, ვივარაუდოთ და პრობლემებს გადაწყვეტა მოვუნახოთ. ჩვენს გონებაში, ენის გამოყენებით ყოველდღიურად ვიღებთ ათასობით პატარა გადაწყვეტილებას, ენას ვიყენებთ ემოციების, განცდების, ფიქრების გადასაცემად.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.ეფექტური კომუნიკაციის მასტიმულირებელი გარემო ადრეული ასაკის საგანმანათლებლო დაწესებულებებში
2.საკითხავი მასალა საბაკალავრო საფეხურის ფსიქოლოგიისა და განათლების მიმართულების სტუდენტებისათვის
3.კომუნიკაცია ადრეულ ასაკში
პრაქტიკული სახელმძღვანელო კომუნიკაციაზე ორიენტირებული გარემოს შესაქმნელად