Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოკონსულტანტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი თათული ბაკურაძე. 

გვესაუბრეთ, რა დროითი ლიმიტები არსებობს ბავშვებისთვის ეკრანთან და რა პრობლემასთან შეიძლება მიგვიყვანოს საეკრანო დროის შეუზღუდაობამ

ბოლო წლებში ეკრანი დიდი დოზით შემოვიდა ადამიანების ცხოვრებაში, რასაც აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ეფექტი. ამ სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს ეკრანი ბავშვების განვითარებაზე.

ეკრანის დიდი დოზით გამოყენებამ შეიძლება სერიოზული პრობლემები წარმოქმნას და ზიანი მიაყენოს ბავშვების კოგნიტურ, ლინგვისტურ და სოციო-ემოციურ განვითარებას. გარდა იმისა, რომ ეკრანი ართმევს მშობლებს და ბავშვებს დროის ერთად და ნაყოფიერად გატარების საშუალებას, ის ასევე უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის მეტყველების  განვითარებაზე, ქცევასა და სოციო-ემოციურ მდგომარეობაზე. ადრეული ბავშვობის წლები გადამწყვეტია ენობრივი უნარების შესაძენად. ამ პერიოდში ბავშვები ივითარებენ ენის სხვადასხვა ასპექტებს, მათ შორის ლექსიკას და ფონოლოგიას. ამ უნარების შეძენა ხდება უფროსებთან ურთიერთობის შედეგად. ეკრანი კი ამცირებს დროს და ხელს უშლის მშობლების და ბავშვების ხარისხიან ურთიერთქმედებას, რაც შემდგომში უარყოფით გავლენას ახდენს ენისა და მეტყველების განვითარებაზე და არა მარტო. 

კვლევების თანახმად, რეგულარულად ერთ საათზე მეტი დროით ეკრანთან ყოფნა ბავშვებში იწვევს ენობრივი უნარების განვითარების სირთულეებს, ქცევით და ემოციურ პრობლემებს. ასეთ დროს ბავშვებს აქვთ არასაკმარისი ლექსიკური მარაგი, რაც ხელს უშლით ენის აღქმასა და პროდუცირებაში. უჭირთ აზრის გადმოცემა და სხვისი საუბრის გაგება, ახასიათებთ აგრესიული ქცევა, მარტივად ღიზიანდებიან და შესაძლოა ჰქონდეთ წონის და ძილის სირთულეები, შფოთვა და დეპრესია. მათ შეიძლება ჰქონდეთ სკოლაში აკადემიური სირთულეები და ურთიერთობის პრობლემებიც.

პრობლემის აღმოფხვრის და პრევენციის ერთადერთი გზა არის მშობლების ცნობიერების ამ კუთხით გაზრდა. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის დაბადების პირველივე დღიდან ხდებოდეს მშობლების ინფორმირება ეკრანის გამოყენების მავნე შედეგებთან დაკავშირებით. ხაზგასმა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის მათთან საუბარი და ინტერაქცია, ემოციების გაცვლა და ერთად თამაში. 

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მშობლები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ეკრანთან გატარებული დროის მართვასა და შემცირებაში. მათ თავადაც უნდა აკონტროლონ საკუთარი დრო ეკრანთან და უზრუნველყონ ალტერნატიული აქტივობების შეთავაზება ბავშვებისთვის, რათა მინიმუმამდე შეამცირონ ეკრანთან დიდი დოზით ყოფნით გამოწვეული რისკები და ხელი შეუწყონ ბავშვის განვითარებას. ურთიერთობის ამგვარი სტილი დაეხმარებათ მშობლებს სწორად მოახდინონ ბავშვის როგორც ფიზიკური, ისე ფსიქო-ემოციური განვითარება. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5