პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება პედიატრი და ბავშვთა ჰემატოლოგიის რეზიდენტი კესო მამაგეიშვილი.
ბავშვებს ხშირად უჩდებათ სისხლჩაქცევები კიდურებზე, რაც მშობლებში შფოთვის საგანი ხდება. გვესაუბრეთ, რამდენად საყურადღებო მდგომარეობაა ეს ბავშვისთვის?
სისხლჩაქცევები კიდურებზე არც თუ ისე იშვიათია ბავშვებში, განსაკუთრებით იმ ასაკში, როდესაც სიარულს სწავლობენ, ან მოგვიანებით, როდესაც ხეზე ცოცვითა და მსგავსი აქტივობებით ინტერესდებიან.
მექანიკური ტრავმის შედეგად ზიანდება სისხლძარღვი და სისხლი გროვდება კანქვეშ. აღსანიშნავია, რომ სისხლჩაქცევები უფრო ადვილად ჩნდება კანის იმ მიდამოში, რომელიც მჭიდროდ ეკვრის ძვლებს. მაგალითად, დიდი წვივის ძვლის საპროექციოდ კანზე.
სისხლჩაქცევა შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფერის. ეს დამოკიდებულია დამაზიანებელ ფაქტორზე და ტრავმის ხანდაზმულობაზე. როგორც წესი, სისხლჩაქცევა ინიციალურად წითელი შეფერილობისაა, რასაც განაპირობებს ჟანგბადით მდიდარი ერითროციტების დაგროვება დაზიანების არეში. 1-2 დღეში სისხლი კარგავს ჟანგბადს და სისხლჩაქცევა იღებს მუქ ლურჯ ან იასამნისფერ შეფერილობას. მეხუთე დღისთვის შესაძლოა მომწვანო ელფერი მიიღოს, რაც ჰემოგლობინის დაშლის პროდუქტების წარმოქმნის შედეგია, შემდგომ კი გაღიავდეს ყვითელ ან მოყვითალო-მოყავისფრო შეფერილობამდე. სრულ ალაგებას დაახლოებით 2 კვირა სჭირდება, თუმცა ვადები რა თქმა უნდა მკაცრად განსაზღვრული არ არის და დამოკიდებულია დაზიანების ხარისხსა და ბავშვის კანის პიგმენტაციაზე.
თუ ბავშვი აქტიურია და სხვა ჩივილები არ აქვს, აღნიშნული სისხლჩაქცევები მშობლის შეშფოთების საგანი არ უნდა გახდეს, მითუმეტეს თუ მექანიკური დაზიანების წყარო ცნობილია.
თუმცა აუცილებელია გავითვალისწინოთ პათოლოგიური მდგომარეობები, რომლებიც ასევე იწვევს სისხლჩაქცევებს ბავშვის სხეულზე და დამატებით ყურადღებას საჭიროებს.
როგორ გავარჩიოთ პოსტტრავმული სისხლჩაქცევა პათოლოგიურისგან, როდის უნდა მივმართოთ პედიატრს?
როდესაც პათოლოგიურ სისხლჩაქცევაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ თრომბოციტების როლი ჰემოსტაზში, ანუ სისხლდენის შეჩერების მექანიზმში.
თრომბოციტების რაოდენობა პერიფერიულ სისხლში ნორმაში 150 – 450×103/μ ფარგლებშია.
როგორც წესი, კლინიკურად სისხლჩაქცევები გამოვლინდება, როცა მათი რიცხვი 50×103/μL- ზე ნაკლებია. ამ დროს ჩნდება სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჰემორაგიული ელემენტები ტორსზე, კიდურებზე, სახის არეში, ასევე შეიძლება ლორწოვანსა და სკლერაზე.
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ პოსტტრავმულ სისხლჩაქცევებზე, პირველადი ჰემოსტაზის დარღვევის დროს კი, სისხლჩაქცევები გენერალიზებულია და არ უკავშირდება მხოლოდ მექანიკურ დაზიანებას, ან ამ დაზიანების არაპროპორციულია. მსგავსი სისხლჩაქცევები არ შეესაბამება ნორმას და საჭიროებს ექიმის (პედიატრი/ჰემატოლოგი) ჩართულობას.
პედიატრს უნდა მიმართოს მშობელმა, იმ შემთხევვაში, თუ:
- სისხლჩაქცევას აქვს უჩვეულო ლოკაცია და არ უკავშირდება ტრავმას ( მუცელი, ლოყა, ზურგი, დუნდულები);
- დამატებით გამოხატულია ზოგადი სისუსტე და სისხლდენა ცხვირიდან ან ცხელება;
- ბავშვს უვლინდება სისხლჩაქცევები ლორწოვან ზედაპირებზე, თვალის სკლერაზე;
- ვლინდება სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდანლ
- სისხლჩაქცევა აღენიშნება კიდურზე და აღნიშული კიდურის მოძრაობა შეზღუდულია;
- სისხლჩაქცევები ვლინდება ჩვილებში, რომელთაც არ დაუწყიათ ხოხვა, ბრუნვა ზურგიდან მუცელზე და პირიქით ;
- არსებობს სისხლდენების (სისხლის დაავადებების) ოჯახური ისტორია.
გასათვალისწინებელია, რომ სისხლჩაქცევა შესაძლებელია იყოს ბავშვზე ძალადობის ნიშანიც.
რა დაავადებაზე შეიძლება მიუთითებდეს ბავშვის სხეულზე არსებული სისხლჩაქცევები?
სისხლჩაქცევის გამომწვევი მიზეზი ბევრია, მათ შორის მექანიკური, ვირუსული, ბაქტერიული, ჰემატოლოგიური და სხვა.
სისხლჩაქცევებით მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სისხლის დაავადება პედიატრიაში არის იმუნური (იდიოპათიური) თრომბოციტოპენიური პურპურა. ის კლინიკური მრავალფეროვნებით ხასიათდება და თრომბოციტოპენიის სიღრმის მიხედვით შეიძლება გამოვლინდეს როგორც პეტექიებისა და პურპურის სახით კანის ზედაპირზე, ასევე ლორწოვან გარსებზე სისხლჩაქცებებით, სისხდენითა და ინტრაკრანიალური ჰემორაგიითაც კი.
რა ტიპის სისხლჩაქცევები არსებობს და რომელია ყველაზე მეტად საყურადღებო?
სისხლჩაქცევა კანზე შესაძლებელია იყოს პეტექია – წერტილოვანი, 2 მმ-ზე მცირე ზომის, წითელი, ყავისფერი ან იასამნისფერი, გაფანტული მთელ სხეულზე, ან კლასტერის მსგავსად სხეულის ერთ ზონაზე კონცენტრირებული (მაგ. სახეზე, თვალის ირგვლის ღებინების ეპიზოდის შემდეგ); პურპურა – 3 მმ-ზე დიდი ზომის ჰემორაგია კანზე იასამნისფერი ელფერით; ექკიმოზი – 1 სმ-ზე დიდი ზომის სისხლჩაქცევა კანში, გამოწვეული მექანიკური დაზიანებით და ჰემატომა – დიდი ზომის სისხლჩაქცევა ქსოვილებში.
მნიშვნელოვანია, სისხლჩაქცევების შეფასება მოხდეს ბავშვის ისტორიის გათვალისწინებით და ზემოთ ხსენებული საშიშროების ნიშნების შემთხევვაში მშობელმა მიმართოს ექიმს.
რა ტიპის მკურნალობა ესაჭიროება ასეთ დროს პაციენტს?
პათოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული სისლჩაქცევების შემთხვევაში მკურნალობის მეთოდები კონკრეტული დაავადების მიხედვით განსხვავებულია. პაციენტის ანამნეზის, ფიზიკური შეფასებისა და ლაბორატორიული მონაცემების გათვალისწინებით დიაგნოზის შესაბამისი მკურნალობა ინიშნება ექიმის მიერ.
რაც შეეხება ტრავმის შემდგომ სისხლჩაქცევებს, როგორც წესი თავისით გაივლის, თუმცა მშობლებს შეუძლიათ შემდგომი ზომების მიღება პროცესის დასაჩქარებლად და დისკომფორტის მოხსნის მიზნით: ცივი ან ყინულის პაკეტის დადება სისხლჩაქცევის ადგილზე პირველი 24 სთ, შემდგომ კი 1-2 დღის განმავლობაში თბილი საფენები ან აბაზანა. თუ სისხლჩაქცევა კიდურის დიდ მონაკვეთზეა, რეკომენდებულია მისი სიმაღლეზე აწევა.
გახსოვდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში სისხლჩაქცევა კიდურებზე ბავშვებში სრულიად ნორმალური მოვლენაა და ის ყველა ბავშვი გვხვდება.