პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება “მენტალ ჰაბის” კლინიკური ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი თამარ ფაცაცია.
პანდემიამ პარტნიორთა ურთიერთობებზეც იქონია გავლენა და სხვადასხვა სტატისტიკაც ამბობს, რომ მოიმატა განქორწინებებმა და წყვილებს შორის პრობლემებმა. გვესაუბრეთ რა არის წყვილებს შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ფაქტორი და როგორ უნდა დაიცვან წყვილებმა საკუთარი ურთიერთობა?
უნდა აღვნიშნოთ, რომ კოვიდის პერიოდში ზოგადად ყველა მიმართულებით გაიზარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე მომართვიანობა და პანდემიით გამოწვეულმა იზოლაციამ პარტნიორთა ურთიერთობაზეც იქონია მნიშვნელოვანი გავლენა. შედეგად წყვილებმა დაიწყეს ფიქრი, როგორ შეიძლება ურთიერთობის გაუმჯობესება… როდესაც ურთიერთობაში პრობლემა არსებობს, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ორივე ადამიანს ჰქონდეს სურვილი ამ ურთიერთობაზე მუშაობის. მოლოდინი, რომ მთავარია ერთმანეთი გვიყვარდეს და ყველაფერი თავისთავად, ძალისხმევის გარეშე კარგად იქნება, უმეტესწილად არ მართლდება, რადგან ორ ადამიანს დამოუკიდებლად შემოაქვს მრავალფეროვანი კომპონენტები ურთიერთობაში, და თუ წყვილმა ერთმანეთის ამ კომპონენტების გათვალისწინებით არ იმუშავა, სამწუხაროდ თავისთავად არაფერი გვარდება. პირველ რიგში საჭიროა წყვილმა ისწავლოს კომუნიკაცია, რაც გულისხმობს ღიად საუბარს ურთიერთობასთან დაკავშირებულ გრძნობებსა და წუხილზე, გამოწვევებზე რომლის წინაშეც დგანან, თუმცა ეს არ უნდა იყოს ბრალდებისა და კრიტიკის სახით წარმოდგენილი. ღია კომუნიკაცია გულისხმობს ისეთი სივრცის შექმნას, სადაც სანდოობა საკმარისად მაღალია, რათა წყვილმა შეძლოს დაიტიოს ერთმანეთის გრძნობები. სწორი კომუნიკაციის წარმოება არის ურთიერთობის ერთ-ერთი ფუნდამენტი, რომელსაც აქვს თავისი წესები. კომუნიკაცია არ უნდა გადაიზარდოს ყვირილში, არგუმენტაციაში, ბრალდებებში, რადგან ამ დროს მატულობს გაღიზიანება, გადავდივართ თავდასხმაზე და შესაძლოა ბევრი მტკივნეული რამ ითქვას. მსგავსი შემთხვევები ნელ-ნელა ძირს უთხრის ურთიერთობას. და რაც უფრო ხშირად ხდება ისინი, მეტად ჩიხში შედის ურთიერთობაც. ოჯახი, პარტნიორობა ეს არ არის მეტოქეობა, ან ბრძოლა, სადაც უნდა იყოს გამარჯვებული და დამარცხებული, პარტნიორობა არის ერთი მიმართულებით სიარული, საერთო ფასეულობების, მიზნების ქონა, კომპრომისი და შეთანხმება, როგორ უნდა ვიაროთ ამ გზაზე. წყვილები შესაძლოა ერთმანეთს აძლევდნენ სტიმულსა და მოტივაციას პიროვნული განვითარებისათვის, ბრძოლა კი გვაფერხებს ამ განვითარების გზაზე. მნიშვნელოვანია ასევე ნდობის ფაქტორი და ამაში არ იგულისხმება მხოლოდ ერთგულებაზე ნდობა. ნდობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ინტიმურობასთან.
რა არის ინტიმურობა, რას მოიცავს და რამ შეიძლება დააზიანოს წყვილების ურთიერთობა?
როდესაც ვსაუბრობთ ინტიმურობაზე, აქ არ იგულისხმება მხოლოდ სექსუალური ინტიმურობა. ინტიმურობა არის უფრო ღრმა ემოცია, როდესაც ადამიანთან უსაფრთხოდ გრძნობ თავს, შეგიძლია მას ღიად გაუზიარო შენი გრძნობები, დარდები და თავს უფლება მისცე იყო მოწყვლადი. როდესაც ხვდები, რომ მეორე ადამიანს აწუხებს შენი ცუდად ყოფნა, თანაგიგრძნობს და შეუძლია მხარდაჭერა. ასევე მნიშვნელოვანია ერთმანეთის საზღვრების დაცვა. რა თქმა უნდა, ურთიერთობას ორი ადამიანი ქმნის და არსებობს “ჩვენ”, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასევე არსებობს “მე” და “შენ”, ცალკეული პიროვნებები, საკუთარი სურვილებით, რომლებიც არ უნდა დაიკარგონ ერთმანეთში. ეს გულისხმობს იმას, რომ თითოეულს აქვს საკუთარი დამოუკიდებელი ინტერესები, სამეგობრო წრე, შეუძლია პარტნიორის გარეშეც კარგად გაატაროს დრო. მაგრამ თუ პარტნიორები ძალიან ცოტა დროს ატარებენ ერთმანეთთან, შესაძლოა გაჩნდეს წყენა და უკმაყოფილება. აქედან მივდივართ სიყვარულის ენასთან. სიყვარულის ენა არის თუ რას ვთვლით ჩვენდამი სიყვარულის გამოხატულებად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვგრძნობდეთ, რომ პარტნიორს ვუყვარვართ, თუმცა ჩვენი სიყვარულის საზომები განსხვავდება ერთმანეთისგან. ძირითადად გამოყოფენ სიყვარულის ხუთ ენას: აფირმაციის სიტყვები, ყურადღება, საჩუქრების ჩუქება, ფიზიკური შეხება, მზრუნველობითი ქცევები. პარტნიორის უკეთ გაცნობით ზოგი ადამიანი ინტუიციურად ხვდება რა სჭირდება მას, თუმცა ეს ყოველთვის არ არის მარტივი. ამიტომ მნიშვნელოვანია პარტნიორებმა მოახდინონ საკუთარი საჭიროებების ვერბალიზაცია. ხშირად მომისმენია “მე თუ ვუთხარი რა მინდა და ამიტომ გამიკეთა, რა აზრი აქვს ასეთ გაკეთებას”. გვაქვს მოლოდინი, რომ უსიტყვოდ უნდა გავუგოთ ერთმანეთს, თუმცა სინამდვილეში ჩვენ თავად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს საჭიროებებზე, რადგანაც მეორე ადამიანისთვის შესაძლოა არ იყოს ადვილი გამოსაცნობი ჩვენი სურვილები, ხოლო ჩვენი უკმაყოფილება დამაბნეველი აღმოჩნდეს.