პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ „გამმას“ ქცევითი თერაპევტი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპიული სამსახურის ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მაგისტრი დეა ჯიაძე.

რა არის ბავშვთა ასაკის მენტალური ჯანმრთელობა და რაში უშლის ხელს ბავშვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები?
ბავშვთა ასაკის ფსიქიკური ჯანმრთელობა ნიშნავს ასაკის შესაბამისად ემოციების მართვას, სოციალურ-კომუნიკაციური და პრობლემის დაძლევის უნარების არსებობას. ფსიქიკურად ჯანმრთელი ბავშვი წარმატებით უმკლავდება პრობლემებს სახლში, სკოლაში და საზოგადოებაში, ბედნიერია და პოზიტიურადაა განწყობილი საკუთარი თავის მიმართ, ღიაა სიახლეებისა და გამოწვევებისადმი, შეუძლია მართოს თავისი ბრაზი, იმედგაცრუება ან მწუხარება.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ბავშვს ხელს უშლის სოციალური ურთიერთობების წარმართვაში, სწავლის პროცესში და ყოველდღიურ ფუნქციონირებაში, ეცვლება ქცევა და უჭირს ემოციების რეგულირება, რაც გავლენას ახდენს ბავშვის ზოგად განვითარებაზე და ეს პრობლემები ნარჩუნდება ზრდასრულ ასაკშიც.
მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გამო ბავშვი ვერ ახერხებს მეგობრების შეძენას, მათთან ეფექტურ კომუნიკაციას და სოციალური წესების ათვისებას. სოციალური იზოლაცია კი განაპირობებს მარტოსულობის შეგრძნებას და დეპრესიას, რაც კიდევ უფრო ართულებს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს.
ასეთ შემთხვევაში ბავშვს შეიძლება უჭირდეს ემოციების რეგულირება და ჰქონდეს ძლიერი ბრაზი, მწუხარება ან შფოთვა, რომლის მართვაც უძნელდება. ეს კი, იწვევს ქცევით პრობლემებს, მათ შორის ქცევის აგრესიული ფორმების გამოვლენას. მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ბავშვის კოგნიტურ განვითარებაზეც, ბავშვს შეიძლება გაუძნელდეს ყურადღების კონცენტრაცია და დამახსოვრება, ასევე, შეიძლება გამოვლინდეს სირთულეები პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებაში.
გასათვალისწინებელია ბავშვის პიროვნული ნიშნებიც, რადგან ყველა ბავშვს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები, განვითარების ტემპი და რთულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი.
მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციისთვის ჩვილობის და ადრეული ბავშვობის ასაკი კრიტიკული პერიოდია. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანს უვითარდება თვითკონტროლის და სოციალური ინტერაქციის უნარი და ითვისებს უამრავ ახალ უნარს.
სკოლამდელი ასაკის (3-6 წლის) ბავშვების მენტალური ჯანმრთელობა გულისხმობს მათ სოციალურ და ემოციურ კეთილდღეობას, რაზეც სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის მშობლებთან ურთიერთობის ხარისხი, კვება და სხვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ ასაკში არის ემოციების თვითრეგულაცია, იმის უნარი, რომ ადაპტირდეს, მოერგოს და აკონტროლოს ემოციები, ქმედებები და ფიქრები. თვითრეგულაცია ეხმარება ბავშვს გადალახოს გამოწვევები, დაფიქრდეს, სანამ იმოქმედებს, უგულებელყოს ის ფაქტორები, რომელიც ყურადღებას უფანტავს. თვითრეგულაცია არის უნარი, რომელიც ვითარდება და ყალიბდება ადრეულ ასაკში და რომელსაც სჭირდება ხელშეწყობა მზრუნველი და მხარდამჭერი ურთიერთობებით მშობლების მხრიდან. მშობლის მხარდაჭერა გულისხმობს ბავშვის ემოციების და საჭიროებების ამოცნობას და მათზე სათანადო რეაგირებას, ასევე ბავშვის დამშვიდებას. ამ ასაკის ბავშვები თავს უფრო დაცულად გრძნობენ, თუ არსებობს მათთვის მნიშვნელოვანი ზრდასრული, რომელიც მუდმივად ხელმისაწვდომია მათთვის. მზრუნველის თბილი, მშვიდი და გამგებიანი დამოკიდებულება ეხმარება ბავშვს ისწავლოს საკუთარი ემოციების მართვა.
ადრეული ასაკის ბავშვების მენტალური ჯანმრთელობის ინდიკატორი ბავშვის ქცევა და ემოციების გამოხატვის ფორმაა. ზოგიერთი ემოციური და ქცევითი ცვლილება შეიძლება იყოს განვითარების ეტაპის შემადგენელი ნაწილი, თუმცა შესაძლებელია ეს განპირობებული იყოს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებითაც. ქცევითი და ემოციური ცვლილებები ზოგჯერ შესაძლოა გამოწვეული იყოს: განვითარების დაყოვნებით, საგანმანათლებლო მხარდაჭერის საჭიროებით, ტრავმით ან მძიმე დანაკარგით, სახლის გარემოში სტრესის მაღალი მაჩვენებლით, მშობლებთან ურთიერთობის სირთულეებით, ფიზიკური დაავადებებით, ძალადობით, უგულებელყოფით ან სხვადასხვა ფაქტორების კომბინაციით. ყველა შემთხვევაში ქცევის და ემოციების გამოხატვის ცვლილებას სჭირდება მშობლის ყურადღება.
ისეთ ქცევებს, რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს, მიეკუთვნება: ჰიპერაქტიურობა და მოუსვენრობა; ხშირი გაღიზიანებადობა ან სევდიანობა; დამშვიდების გაძნელება რუტინის ცვლილების ან მზრუნველთან განშორების დროს; ხშირი და დამთრგუნველი შფოთვა ყოველდღიურ ცხოვრებაში; ხშირი სიბრაზე და აგრესიული ქცევა; ხშირი ტანტრუმი; შემცირებული ინტერესი სოციალური ინტერაქციებისადმი ან საკუთარ თავში ჩაკეტილობა; რუტინის ჩამოყალიბების სირთულე; მუცლის ან თავის ხშირი ტკივილი (სამედიცინო მიზეზის გარეშე); ძილიანობა ან ძილის შემცირება და ღამის კოშმარები; სხვა ბავშვებთან თამაშით ნაკლები დაინტერესება ან სირთულე მეგობრების შეძენაში; რაიმე ცუდის მოხდენის შიშის გამო განმეორებითი ქცევა ან გადამოწმების რიტუალები.
ამ ასაკის ბავშვებში ყველაზე ხშირი მენტალური დარღვევაა: ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი, შფოთვითი აშლილობა, ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა, ქცევითი დარღვევები, აუტიზმის სპექტრის აშლილობა, ენის განვითარების დარღვევა, დასწავლის სპეციფიკური დარღვევები.
სკოლის ასაკის ბავშვების მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების ნიშნებია:
გუნება-განწყობის მწვავე ცვლილებები;
ძლიერი მწუხარების ან მოახლოებული კატასტროფის განცდა;
მწუხარებისა და ჩაკეტილობის ორ კვირაზე ხანგრძლივი პერიოდი ხშირი ტირილით, მოტივაციის ან ენერგიის ნაკლებობით, ემოციათა ფართო სპექტრით, რომელიც მოიცავს დაღლილობას, უღირსობის განცდასა და უიმედობას;
უმიზეზო, დამთრგუნველი და დამღლელი შიში, რასაც ხშირად ახლავს გახშირებული გულისცემა, ფიზიკური დისკომფორტი, გახშირებული სუნთქვა;
კონცენტრაციის სირთულეები ან სასკოლო აქტივობებში ყურადღების კონცენტრაციის შენარჩუნების სირთულე, რაც იწვევს ცუდ აკადემიურ მოსწრებას და წარუმატებლობას სასკოლო აქტივობებში;
მნიშვნელოვანი ცვლილებები ქცევაში ან ძილის ჩვევებში, როგორც არის ადრე გაღვიძება, აჟიტირება, მოჭარბებული აგრესია, ძილის ნაკლებობა;
საკუთარი თავის დაზიანების მცდელობები, სუიციდური აზრები;
უკონტროლო ან მაღალი რისკის აქტივობებში მონაწილეობა;
კვებითი ჩვევების დარღვევა, ნაკლები საკვების მიღება, მედიკამენტების მიღება წონის კლებისთვის, წონის მნიშვნელოვანი კლება ან მატება;
ინტერესის დაკარგვა იმ საგნებისა და აქტივობების მიმართ, რაც ადრე ამხიარულებდა;
თავის არიდება სოციალური აქტივობებისგან, როგორც მეგობრებთან, ასევე ოჯახის წევრებთან.
ამ ნიშნებმა შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ბავშვის ყოველდღიურ აქტივობებზე, მათ შორის სკოლაში და მეგობრებთან ურთიერთობაში. ამ ასაკის ბავშვებში ყველაზე გავრცელებული დარღვევებია: შფოთვითი აშლილობები, დეპრესია, ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.
სკოლის ასაკის ბავშვების მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების ხელშემწყობი ფაქტორები შეიძლება იყოს როგორც გენეტიკური ფაქტორები, ასევე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა და გარემო სტრესი, ბულინგი, ტრავმული გამოცდილება, ძალადობა, მშობლების განქორწინება, ოჯახური კონფლიქტები.
მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის დროული ამოცნობა და მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბავშვის აკადემიურ მოსწრებას, ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავების უნარს, აჯანსაღებს სოციალურ ურთიერთობებს და უფრო ბედნიერს და რეალიზებულს ხდის ბავშვს. ამასთან, მნიშვნელოვნად მცირდება ზრდასრულობის ასაკში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების არსებობის რისკი.
📖 გამოყენებული ლიტერატურა:
1. https://www.nimh.nih.gov/health/publications/children-and-mental-health
2. https://www.cdc.gov/childrensmentalhealth/basics.html#:~:text=Being%20mentally%20healthy%20during%20childhood,school%2C%20and%20in%20their%20communities
3. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC7213917/
4. https://developingchild.harvard.edu/resources/inbrief-early-childhood-mental-health/
5. https://help-for-early-years-providers.education.gov.uk/safeguarding-and-welfare/mental-health-for-early-years-children
6. https://online.maryville.edu/blog/a-guide-to-childrens-mental-health/