Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ჩვენს საზოგადოებაში ტაბუირებული თემაა და მხოლოდ ისეთ დროს რეაგირებს საზოგადოება მასზე, როდესაც რომელიმე შემთხვევა განსაკუთრებით იპყრობს ჩვენს ყურადღებას. რა არის სექსუალური ძალადობა, როგორ მოქმედებს ის მსხვერპლზე და როგორ რეაგირებენ ბავშვები მასზე. ინტერვიუ მომზადებულია GIRLSwave-ის პროექტის საფუძველზე ფსიქოლოგ ელენე ჯაფარიძესთან.  

რა არის სექსუალური ძალადობა?

სექსუალური ძალადობა საზოგადოების დიდ ნაწილს ხშირად მხოლოდ გაუპატიურება და/ან სექსუალური კონტაქტის დამყარება ჰგონია. მაგრამ ის  ბევრად უფრო კომპლექსური და მრავლისმომცველი საკითხია. როდესაც ვლაპარაკობთ სექსუალურ  ძალადობაზე ბავშვებზე, იგულისხმება ბავშვის გამოყენება სექსუალური მიზნებისათვის, მაგ. ეროტიკული ალერსი, ბავშვის ქცევის სექსუალიზაცია, სასქესო ორგანოების დემონსტრირება, ბავშვთან სხეულის ინტიმურ ნაწილებზე შეხება სიამოვნების მიღების მიზნით, სექსუალური შინაარსის მეტყველება, ალერსი, მესიჯები და თავისთავად გაუპატიურება ან გაუპატიურების მცდელობა, სისხლის აღრევა (ინცესტი), სხეულით ვაჭრობის იძულება და სხვა.

სექსუალური ძალადობა იმდენად ტაბუირებული თემაა – სექსი, სექსუალური განათლება, სექსუალობა ზოგადად, რომ ამ ფორმის ძალადობა ძალიან ძლიერ სტიგმასთანაა დაკავშირებული, რაც სამწუხაროდ მსხვერპლზე მოქმედებს და ამის გამო მას კიდევ უფრო დაუცველ და უსუსურ მდგომარეობაში აგდებს. 

სექსუალური ძალადობით გამოწვეული ტრავმა ყველაზე მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმაა, რომელიც როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ტრავმას მოიცავს.  და ამ ტრავმის დამუშავება, მაშინაც კი როდესაც ბავშვს სათანადო მხარდაჭერა და რეაბილიტაცია უტარდება, ძალიან ხანგრძლივი და რთული პროცესია. 

ეს ტრავმა უკვალოდ არ ქრება და უმეტესწილად საზარელ კვალს ტოვებს ბავშვის ფსიქოემოციური განვითარების კუთხით. 

როგორ რეაგირებენ ბავშვები ძალადობაზე?

ბავშვები განსხვავებულად რეაგირებენ სექსუალურ ძალადობაზე. ბევრი რამ ახდენს გავლენას ბავშვთა რეაგირებაზე, მათ შორის რამდენი წლის არის, რამდენად ხშირი და მძიმეა ძალადობა, რა ხდება ძალადობის დროს და ვინ არის მოძალადე. იმის გამო, რომ უმეტესწილად მოძალადე ბავშვის ახლობელია, ბავშვს უჭირს ძალადობის იდენტიფიცირება. ის თან ხვდება და თან ბოლომდე ვერ ხვდება, რომ მოძალადის მხრიდან განხორციელებული საქციელი – ძალადობაა და არა ალერსი. სექსუალური კონტაქტი არ არის ხშირად ტკივილთან დაკავშირებული, რაც ძალიან დამაბნეველია ბავშვისთვის. ტკივილისას ის ხვდება, რომ ატკინეს. ხოლო ინტიმურ ზონებზე მოფერებისას, როდესაც განიცდის გარკვეულ სიამოვნებას, თანაც ნაცნობი, ან ოჯახის წევრი უფროსისგან, ხომ საერთოდ ვერ ხვდება რამდენად დიდი დანაშაული ხდება მის თავს. 

ბავშვმა შეიძლება ვერ და არ გითხრათ, რომ განიცადა სექსუალური ძალადობა/ან შეურაცხყოფა. თუმცა ჩვენ შეიძლება შევამჩნიოთ კონკრეტული სიმპტომები, – ფიზიკური, ემოციური და ქცევითი, რაც მიანიშნებს ძალადობაზე. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5