Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე.

რამდენად დიდი ბარიერია მეტყველების განვითარების  პროცესში გაჯეტების ხშირი გამოყენება? 

სამწუხაროდ, ძალიან დიდი. გაჯეტი (ტელევიზორი, კომპიუტერი, პლანშეტი, ტელეფონი) აქვეითებს კომუნიკაციის მოტივაციას, ტვინს უზღუდავს რეალური გარემოს სწორად და სრულად აღქმის შესაძლებლობას, “ბომბავს” ტვინს დიდი მოცულობის, კომპლექსური ინფორმაციით. ეკრანზე გამოსახულება მკვეთრია და კაშკაშა, მოძრაობა უფრო აჩქარებული, მუსიკა ეფექტური, იმდენად რომ რთულია თვალი და ყური მოწყვიტო. ამის პარალელურად ერთგვარად იბლოკება რეალური გარემოდან შემომავალი იმპულსები და ინფორმაცია, მათ შორის საკუთარი ორგანიზმიდან – მაგ: პირველი, ნაკლებად ვამჩნევთ ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს, ადამიანებს ჩვენს ირგვლივ; მეორე, უფრო გვიან გავაცნობიერებთ, რომ ხელი დაგვიბუჟდა, უხერხულად ვსხედვართ, წელი გვეტკინა და ა.შ. ამ ყველაფრის ფონზე ირღვევა კომუნიკაციის ყველა კომპონენტი – არა მხოლოდ მეტყველება, არამედ ემოციის თუ შთაბეჭდილების გაზიარება, სხვისი რეაქციის აღქმა და მასზე პასუხი. განვითარებადი ტვინისთვის კი ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 

დამეთანხმებით, ეკრანთან ემოციური და კომუნიკაციური უკუკავშირი გამორიცხულია. ეკრანიდან მოდის შესაძლოა ძალიან მიმზიდველი, თუმცა შაბლონური და ერთგვაროვანი, იდენტურად განმეორებადი მეტყველება. ბავშვიც თუ სწავლობს რაიმეს ეკრანიდან, სწავლობს შაბლონურად და ხისტად. ამ ცოდნის რეალურ გარემოში გადმოტანა, განზოგადება, მოქნილობა – მნიშვნელოვნად დეფიციტურია. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ტიპის ცოდნა, რაც ბავშვს აქვს, ადვილად და მოქნილად იყოს გამოყენებადი. ცოცხალი კომუნიკაციის დროს მეტყველება მოდულირებულია. თქვენ ვერაფრით მოახერხებთ, რომ ერთი და იგივე ზღაპარი ყოველთვის ერთნაირად წაუკითხოთ ბავშვს. აუცილებლად იქნება ცვლილება ტემპში, ემოციურ შეფერილობაში, ინტონაციაში. ასეთი ცვლილებები ხელს უწყობს ტვინის ფუნქციების გაუმჯობესებას, განამტკიცებს უკვე მიღებულ ცოდნას და ამდიდრებს ეტაპობრივად. ინფორმაცია თან იგივეა, თან განსხვავებული. ტვინი სწავლობს შთაბეჭდილების გამდიდრებას მარტივიდან რთულის მიმართულებით. მაშინ, როცა ეკრანიდან წამოსული მეტყველება ყოველთვის ერთი ტიპისაა, მეტისმეტად კომპლექსური და დატვირთული ვიზუალური ეფექტებით, რაც ტვინისთვის ერთბაშად დიდი დატვირთვაა, ხოლო მისი განმეორებითი მოსმენა უკვე აზარმაცებს და ადუნებს ტვინის სისხარტეს. 

ამის საპირისპიროდ, ილუსტრირებული წიგნები პირიქით, ძალიან გვეხმარება. წიგნის და ზოგადად ნახატების შემთხვევაში სტატიკური გამოსახულება პირველი, აძლევს ტვინს დროს რომ დაფიქრდეს და ამოიცნოს გამოსახული ქმედება, შემდეგ აიძულებს თავად წარმოიდგინოს ის მოძრაობა და ისე გააკეთოს დასკვნები, ან განიცადოს ემოცია. ანიმაციურ ფილმში ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით და თვალისდახამხამებაში ხდება, რაც საჭიროებას და შემდეგ უკვე მოტივაციას უკარგავს ტვინს თვითონ იშრომოს და განვითარდეს. სწორედ ამიტომ ანიმაციურ ფილმებთან დამეგობრება 3 წლის ასაკამდე დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. ტიპური განვითარების ბავშვთან, რომელსაც არ უვლინდება მეტყველების შესაძლო დარღვევის ნიშნები, 3 წლიდან უკვე შეიძლება ხანმოკლე მულტფილმების ყურება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მხოლოდ მოზრდილთან ერთად და ისიც მხოლოდ ტელევიზორში. მოზრდილის გვერდით ყოფნა ქმნის ალტერნატიული კომუნიკაციის შესაძლებლობას და ჩვენი ჩართულობა, კომენტარები, ემოცია, აიძულებს ბავშვს თვალი მოწყვიტოს ეკრანს, განსხვავებულად გაიაზროს ეკრანზე ნანახი, დააკავშიროს რეალურ გარემოში მიმდინარე მოვლენებთან. ეკრანთან დამოუკიდებლად, პასიური და ხანგრძლივი ჯდომა ბავშვობის ასაკის ყველა ეტაპზე რისკების შემცველია. ეკრანის ტიპსაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ტელეფონის და პლანშეტის გამოყენება ადრეული ასაკიდან (მოზარდობამდე) აღნიშნულ რისკებს რამდენჯერმე ზრდის, რადგან დამატებითი სტრესია ვიწრო და თვალებთან ახლოს განლაგებული სინათლის წყარო, ხელით დაფიქსირებული ეკრანი, რომელიც თავის მხრივ ზრდის სხეულის შებოჭილობას და იძულებით პოზაში ამყოფებს ბავშვს, რომლის ძვალ-სახსართა აპარატიც კი არ არის ამისთვის მოწოდებული. 

ხშირად გაიგონებთ არგუმენტს, რომ მეგობრის, მეზობლის ბავშვი, ჩვენი შვილის ბაღის მეგობარიც მსგავს გარემოში იზრდება, ჭარბად მოიხმარს ეკრანებს, მშობლები ვერ იცლიან ხშირი კომუნიკაციისთვის, თუმცა მისი მეტყველება თითქმის იდეალურია

დიახ. ეს შესაძლებელია. ყველა წესს აქვს გამონაკლისი. მაგრამ პირველი, ეს არ აკნინებს მეტყველების მასტიმულირებელი გარემოს საჭიროებას არც ერთ მათგანთან. მეორე, გაითვალისწინეთ, ჩვენ ყველანი ვიბადებით გარკვეული სუსტი მხარეებით და რისკებით. ამ რისკების რეალურად გამოვლინებას და იდენტიფიცირებას სჭირდება დრო. სწორად ორგანიზებული განმავითარებელი გარემო გვეხმარება ადრეული ასაკიდანვე ვიმუშაოთ პოტენციური რისკების შემცირებასა და სიმპტომების შემსუბუქებაზე. მაშინ როცა შემაფერხებელი ფაქტორებით დატვირთული გარემო ერთიორად ზრდის რისკებს და კლინიკურ სურათს. ვიღებთ გაცილებით მძიმე და შეუქცევად მდგომარეობას. ის ფაქტიც, რომ კონკრეტულ ასაკზე სირთულეები კომპენსირებულია და არ არის შესამჩნევი, არ გვიცავს მოგვიანებით ასაკში მათი გამოვლენისგან. ხშირად ხდება, რომ ეკრანების მიუხედავად დროულად დაწყებული მეტყველება, მოგვიანებით ასაკში თხრობის და მსჯელობის სირთულეებით გაგრძელებულა. მხოლოდ იმიტომ, რომ ადრეულ ასაკში ბავშვთან მეტყველების მიზანმიმართული და ლაღი გამოყენება იყო მწირი. ამიტომ, თავის დამშვიდებამდე, მნიშვნელოვანია შევაფასოთ არა უბრალოდ სიტყვების რაოდენობა, არამედ მეტყველების სიტუაციურად გამოყენების ხარისხი და ასაკთან მიმართებაში განვითარების ტემპიც. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5