Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი ნინო სხირტლაძე.

რას ვეძახით დაცინვას?

ძალიან მნიშვნელოვანია, თავიდანვე გავმიჯნოთ რა არის ჯანსაღი იუმორი ოჯახში და რა არის დაცინვა. რადგან “არა დაცინვას” არ გულისხმობს იმას, რომ იუმორი არ იყოს ოჯახში და მოღუშული ატმოსფერო სუფევდეს. იუმორი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდის პროცესში, რადგან ოჯახში შემოაქვს სიმსუბუქე და სასიამოვნოა, თუ ეს  იუმორი მიმართული არ არის რომელიმე პიროვნების დამცირებაზე და დაკნინებაზე. საქართველოში ხშირად გვხვდება ასეთი ფაქტები, როდესაც ბავშვს  ქცევის გამო ან  ლაპარაკის გამო დასცინიან,  როდესაც არასწორად ასახელებს რამეს, ან სიტყვებს და ენას უჩლიქავს  ან გარეგნობის გამო.

შემდეგ, კი  იზრდება ბავშვი, რომელიც მორცხვია ზედმეტად, გაკვეთილებზე ხელს არ სწევს, რომ ცოდნა გამოავლინოს, არ აქტიურობს და ა.შ. გვესაუბრეთ თვითშეფასებაზე რა გავლენას ახდენს დაცინვის გამოცდილება წარსულში?

ზრდასრულ ადამიანსაც შეიძლება დასცინონ, მაგრამ თუ მას აქვს ჯანსაღი თვითშეფასება, მასზე და მის პიროვნებაზე დაცინვა გავლენას არ მოახდენს. ბავშვის თვითშეფასება კი მთლიანად გარემოზე არის დამოკიდებული, რადგან ბავშვი თავის თავს შეიმეცნებს გარემოზე რეაქციის შედეგად. ბავშვები ასე ფიქრობენ: „ისინი [გარემო, ოჯახი, მშობლები] თუ სიყვარულს გამოხატავენ, მე სიყვარულის ღირსი ვარ და საყვარელი ვარ; ისინი თუ პატივისცემას გამოხატავენ, ე.ი. მე პატივსაცემი პიროვნება ვარ; დამცინიან, ე.ი. დაკნინებულ პოზიციაში მყოფი პიროვნება ვარ“. ბავშვი თავისუფალი იბადება, გახსნილი და ღია, რომ შეიმეცნოს სამყარო და გამოხატოს თავისი თავი. როდესაც გარემოს მხრიდან დაცინვა და შეურაცხყოფა ხვდება მას, იგი იკეტება თავის თავში და ძალიან უჭირს საკუთარი თავის გამოხატვა, დაცინვის და უარყოფის შიშის გამო. „მე რომ კიდევ რაღაც ვთქვა ან რამე შემეშალოს და კიდევ დამცინონ, ჯობია, საერთოდ არაფერი ვთქვა“, – შეიძლება ასე ფიქრობდეს ბავშვი და ეს შედეგი შეიძლება უფრო მეტად გამოჩნდეს მოზარდობისას, რომ დაცინვამ მასზე იმოქმედა. ბავშვი შეიძლება ჩაიკეტოს, დაკომპლექსდეს ან თვითონაც დამცინავი გაიზარდოს, რადგან ქცევის მოდელი ასეთი ჰყავდა ოჯახში.

ზოგჯერ, ისეც ხდება, რომ ბავშვი ისხლეტს დაცინვას, არ რეაგირებს მასზე. ეს რა შემთხვევაა?

არის ასეთი შემთხვევებიც, ეს არის  სტრესმედეგობა, ანუ სტრეს გამძლე ადამიანები იბადებიან და მათზე ისე ძლიერ არ მოქმედებს სტრესული მოვლენები, როგორც სხვა ადამიანებზე, რომელთაც არ აქვთ ეს შეგრძნება. ამიტომ ერთ ოჯახში, შეიძლება და-ძმას დასცინოდნენ (აღვნიშნავ, რომ ასეთ დროს მშობელი არ თვლის, რომ ეს დაცინვაა, რადგან რომ აცნობიერებდეს დაცინვის მავნე ზეგავლენას, ამას არ გააკეთებდა), ერთი შეიძლება გახსნილი პიროვნება გაიზარდოს, მეორე ჩაკეტილი. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთზე იმოქმედა გარემო მოვლენებმა და მეორეზე არა, რადგან ცალსახად თქმა შეუძლებელია, ვისზე როგორ გავლენას მოახდენს დაცინვა. როცა ბავშვს ვხედავთ, როგორ რეაგირებს დაცინვაზე, ან გაწითლდა, ან გაჩუმდა, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ბოდიში მოვუხადოთ. ბოდიშის მოხდა ხშირად  ძალიან დიდი ბარიერია ბევრი მშობლისთვის, იმიტომ რომ  ჰგონიათ, რადგან უფროსები არიან, არ  ეკუთვნით ბოდიშის მოხდა.

რა იქნება თქვენი რეკომენდაცია მშობლებისთვის?

ძალიან მნიშვნელოვანია პატივისცემა გამოვხატოთ ბავშვის პიროვნებისადმი. მარტო არდაცინვა  არ ნიშნავს, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ბავშვს. წვრილმანებში ჩანს ბავშვის მიმართ პატივისცემა. მაგ. თუ თავისი ოთახი აქვს ბავშვს, როცა შევდივართ, მანამდე დავაკაკუნოთ ხოლმე; მის ნივთებში, სანამ რაღაცის ძებნას დავიწყებთ, ვკითხოთ თუ შეიძლება, ნებართვა ავიღოთ და ა.შ. ყოველთვის ჩვენი თავი უნდა წარმოვიდგინოთ ბავშვის ადგილზე, რადგან განსხვავება მხოლოდ ბიოლოგიურ ასაკშია ჩვენს შორის. ბავშვს უნდა მოვექცეთ ისე, როგორც ჩვენ მოგვეწონებოდა, რომ მოგვექცნენ.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5