Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი თინათინ ქართველიშვილი. 

 რა  გავლენას ახდენს საშიში მულტფილმები ბავშვებზე?

ანიმაციურ ფილმებს დიდები და პატარები სიამოვნებით უყურებენ, რადგან  მარტივი და სასიამოვნო პროცესია თავისუფალი დროის გასატარებლად და განსატვირთად.  მშობლები ბავშვებთან ან სხვადასხვა ასაკის ბავშვები ერთად  უყურებენ უახლეს ანიმაციურ ან ფენტეზის ჟანრის ფილმებს, რაშიც თავისთავად ცუდი არაფერი არ არის, პირიქით  საოჯახო შეკრებები დადებით გავლენას ახდენს როგორც ბავშვებზე, ისე უფროსებზე, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია  ფილმის თემატიკა და ბავშვების ასაკი.  მშობლები უნდა დააკვირდნენ  შვილებს შორის 2-3 წლიან სხვაობებსაც, რადგან 6 და 9 წლის ბავშვი სხვადასხვა სიმძაფრით აღიქვამს სხვადასხვა სიუჟეტს და სხვადასხვა გავლენა შეიძლება იქონიოს მან ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე.  ბავშვების უმრავლესობა    ცდილობს აღმოაჩინოს  საკუთარ თავსა  და ამ გმირს შორის საერთო თვისებები და  ჰბაძავს   მათ.  ზოგიერთ ანიმაციურ ფილმში მთავარ გმირებად არიან გამოყვანილი  არაჯანსაღი ქცევით-ემოციური   გამოხატულების მქონე პერსონაჟები, კონფლიქტური ურთიერთობებით მშობლებთან, თანაკლასელებთან, რომლებიც ემოციებს არ გამოხატავენ, არ სურთ მეგობრობა ვინმესთან, ებრძვიან საკუთარ თავში ემპათიურ გამოვლინებებს ანუ თანაგანცდას სხვა ადამიანებისადმი და ა. შ.  მსგავსი თემატიკის სიუჟეტები გარდატეხის ასაკის მქონე ბავშვებში ახალისებს იდენტურ  ქცევით გამოხატულებებს, ჩაკეტილობას, საკუთარი ემოციების დაფარვას, უგულებელყოფას და ა.შ. ხოლო შედარებით პატარა ასაკის ბავშვებში (8-9 წლამდე) ნორმალიზება ხდება მსგავსი ქცევით-ემოციური გამოხატულებებისა. აღსანიშნავია, რომ მშობლებმა შეიძლება აუხსნან, რომ ფილმში ნანახი მთავარი პერსონაჟი არ არის დადებითი, მაგრამ ბავშვები ამას ვერ იაზრებენ/გაიშინაგნებენ, რადგან მათთვის და საზოგადოებისთვის პოპულარული სერიალი/ფილმი/მულტფილმის მთავარი გმირი ხშირად უპირობოდ ხდება მისაბაძი/მოსაწონებელი პერსონაჟი.

რას იწვევს ბავშვებში მსგავსი მულტფილმები?

ანიმაციური ფილმები, სადაც  უარყოფითი პერსონაჟები მთავარ გმირებად არიან გამოყვანილნი ან თემატურად ხშირია ძალადობრივი აქტები, ნეგატიურად მოქმედებენ ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და განვითარებაზე. ბავშვი ითრგუნება ემოციურად, როცა ძალადობრივ სიუჟეტის მაყურებელია და ასევე ზოგჯერ იწყებს მიბაძვასაც. აღსანიშნავია კვლავ ასაკი და ბავშვის პიროვნული ნიშნები, რადგან ზოგ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედების ნორმალიზება ხდება, ზოგ შემთხვევაში მიბაძვა და ზოგჯერ ჯანმრთელი გადამუშავება ანუ არც ბაძავს ბავშვი და არც ნორმალიზებას ახდენს.

რა რჩევებს მისცემთ მშობლებს? 

მშობლებმა  ანიმაციური ფილმები სწორად უნდა შეარჩიონ:  თემატიკისა და  ბავშვის ასაკის მიხედვით მათი სრულად აკრძალვა არაა საჭირო, რადგან მულტფილმები შესაძლოა მნიშვნელოვანი დამხმარე იყოს სწავლების პროცესში:  ბავშვებს სჭირდებათ თვალსაჩინოებები გარკვეული საკითხების გასააზრებლად და მულტფილმები ამისთვის იდეალური საშუალებაა. შესაძლოა, ვასწავლოთ საკუთარი ემოციების სახელდება კონკრეტული ანიმაციური გმირის მაგალითზე, ვიმსჯელოთ მათთან ერთად ამ გმირების საქციელებზე და შევადაროთ ჩვენს ქმედებებსაც. ყოველივე ეს მოგვცემს საშუალებას, ხელი შევუწყოთ ბავშვის აზროვნების განვითარებას, ბავშვს ვასწავლოთ საკუთარი ემოციების სახელდება და მათი გაზიარება. ასევე ადრეული ასაკიდან ბავშვსა და მშობელს შორის კომუნიკაციის ამ ფორმით ჩამოყალიბება იქნება მშვენიერი საძირკველი,- ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, პუბერტატში (გარდატეხის ასაკი) მეგობრული და ჯანსაღი ურთიერთობის დამყარება-შენარჩუნებისთვის.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5