პლატფორმას “დედამიცის” ესაუბრება ფსიქოლოგი კესო ჭურღულია.
მოზარდობა ცვლილებების ეტაპია, როდესაც მოზარდის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ბევრი რამ ახდენს გავლენას. როგორ მოქმედებს სილამაზის ინდუსტრია მოზარდებზე და რა გზებით უნდა გაუმკლავდნენ ისინი ამ ყველაფერს?
მოზარდობის ასაკი ხასიათდება მთელი რიგი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სოციალურ-ემოციური და პიროვნული ცვლილებებით. როგორც ვიცით, სხვადასხვა სფეროები ერთმანეთისაგან იზოლირებულად არ ვითარდება და ცვლილებები ერთ სფეროში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სხვა სფეროების განვითარებაზე. როდესაც მოზარდობის ასაკზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, აუცილებლად ფიზიკურ განვითარებას და მის თანმხლებ მოვლენებს უნდა შევეხოთ – ეს პერიოდი უმეტესად ხასიათდება სწრაფი მომწიფებით, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან ჰორმონალურ და, აქედან გამომდინარე, სხეულის ცვლილებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოზარდს უწევს, ფაქტობრივად, ახალი სხეულის გაცნობა, მასთან შეგუება და, საუკეთესო შემთხვევაში, დადებითი თვითაღქმის განვითარება. აღნიშნული ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოზარდის ემოციურ მდგომარეობაზე და, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ, როგორც წესი, ფიზიკური მზაობა ხშირად წინ უსწრებს ფსიქოლოგიურ მზაობას, განვითარების ამ ეტაპზე წარმოშობილმა სირთულეებმა არც უნდა გაგვაკვირვოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის მოზარდები, რომლებიც წინასწარ ფლობენ ინფორმაციას მოსალოდნელი ფიზიკური ცვლილებების შესახებ, უფრო მეტად არიან შემზადებულები, რომ აღნიშნული ცვლილებები ბუნებრივად აღიქვან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში ისინი დამოუკიდებლად შეძლებენ თანმხლებ შფოთვასთან გამკლავებას. აქ განსაკუთრებით უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ მოზარდობის ასაკში პრიორიტეტი ხდება თანატოლების აზრი, ჯგუფის წევრობა და მათი მხრიდან მოწონების დამსახურება. ამიტომაც, ნებისმიერი, ერთი შეხედვით, უწყინარი კომენტარი წონის ცვლილებაზე, აკნეზე, მომატებულ თმიანობაზე და ა.შ. ძალიან მძაფრად აღიქმება. საქმეს განსაკუთრებით ართულებს, თუ მსგავსი კომენტარები მშობლებისგან ჟღერდება ან მუდმივად ხაზი ესმევა მათ რომელიმე „ნაკლს“ და უგეგმავენ, მაგალითად, პლასტიკურ ოპერაციას. შესაბამისად, ქართველი მოზარდები ძალიან ხშირად აღნიშნავენ ფსიქოლოგებთან საუბრისას, რომ ისინი არ არიან საკმარისები თავიანთი მოცემულობით, რომ არიან შეუხედავები, რომ ეზიზღებათ საკუთარი თავი და ა.შ.
რაც შეეხება სილამაზის ინდუსტრიას და მის მავნე ზეგავლენებს, თავიდანვე უნდა აღვნიშნო, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტმა პირად საუბარში განმიცხადა, რომ გოგონების შემთხვევაში, ზოგიერთი პროცედურა ნებადართულია მენარქეს დადგომიდან და მენსტრუალური ციკლის სტაბილურობიდან 1 წლის შემდეგ და რეკომენდაციას უწევენ როგორც დერმატოლოგები, ასევე გინეკოლოგები. შესაბამისად, თავადაც არ იკავებენ თავს მოზარდების მიღებისგან მშობლის თანხმობის შემთხვევაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ გოგონებისთვის სქესობრივი მომწიფების ასაკობრივი დიაპაზონი 8-13 წელია, გამოდის, რომ მშობლები ძალიან ადრეული ასაკიდან იმეტებენ თავიანთ შვილებს აღნიშნული პროცედურებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ინტერნეტში მომრავლდა მოწოდებები საკუთარი სხეულის მიმღებლობასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ სილამაზის სტანდარტები აღარ არსებობს ან „იდეალური სხეულის“ ცნება მომავალშიც არ იარსებებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, აღნიშნული მოწოდებების პარალელურად, სოციალურ ქსელებში ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით ბავშვების/მოზარდების სექსუალიზების მაგალითებს – არც თუ ისე იშვიათად, მშობლების მხრიდანაც კი. ასეთ შემთხვევაში, მთავარი პასუხისმგებლობა უფროსებს ეკისრებათ, რაც გულისხმობს როგორც იმ ინფორმაციისა და შინაარსების მეტნაკლებ გაფილტვრას, რომელსაც ინტერნეტიდან მოიპოვებენ მოზარდები, ასევე, ამ ინფორმაციის ადეკვატურ აღქმასა და ინტერპრეტაციაში მონაწილეობის მიღებას, ვინაიდან, სწორთან ერთად, ინტერნეტი ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაციის წყაროცაა. სწორედ მაშინ, როდესაც მოზარდების ფსიქიკა ყველაზე მოწყვლადი და მყიფეა, როდესაც მუდმივად სხვას ადარებენ თავს და აღმოჩენილი განსხვავებები ტრავმატულად აღიქმება, მშობლები ან მზრუნველი უფროსები უნდა დაეხმარონ მათ სწორი თვითაღქმის ჩამოყალიბებაში იმის ხაზგასმით, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და რომ მათი სხეულის ჩამოყალიბება და ცვლილება გრძელდება, რომ გარეგნული მახასიათებლები არ უნდა იყოს კრიტიკისა და დაცინვის საგანი. როდესაც ვსაუბრობთ სილამაზის ინდუსტრიის გავლენებზე, აუცილებლად უნდა შევეხოთ კვებით დარღვევებსაც, რომელიც ყველზე ხშირად მოზარდებთან და ახალგაზრდა ქალებთან ვლინდება. ძალიან ზოგადად თუ ვიტყვით, ეს დარღვევა ხასიათდება სხეულის ფორმებზე ობსესიით და, შესაძლოა, გამოხატული იყოს მისაღები საკვების რაოდენობის მუდმივი კონტროლით/შეზღუდვით, უკონტროლო კვების ეპიზოდებით და/ან მიღებული საკვებისგან მყისიერი გათავისუფლების მცდელობებით (განზრახ გამოწვეული პირღებინება, საფაღარათო საშუალებების მიღება და ა.შ.). გარდა ზემოთ აღნიშნულისა, თუ არსებობს ეჭვი ჰორმონალურ დისფუნქციაზე ან რაიმე სხვა სახის ფიზიოლოგიურ დარღვევაზე, მშობლებმა და მზრუნველებმა აუცილებლად უნდა მიმართონ შესაბამის სპეციალისტს. აქვე დგება სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა პასუხისმგებლობის საკითხიც, რომ სანამ რომელიმე ესთეტიკურ პროცედურას რეკომენდაციას გაუწევენ, მოზარდის ფიზიკური მზაობის გარდა, მისი ფსიქიკური განვითარების თავისებურებებიც გაითვალისწინონ.