Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე.

პანდემიამ ბავშვების ცხოვრება და ყოველდღიურობა შეცვალა. ახლა ისინი უფრო მეტ დროს ატარებენ სახლებში ეკრანთან, აქვთ ნაკლები სოციალიზაცია თანატოლებთან და გართობის ნაკლები საშუალება.  რა გავლენა იქონია პანდემიამ ბავშვებზე, კარჩაკეტილობამ, მომეტებულმა შფოთვამ და იზოლაციამ, თქვენს პრაქტიკაში მოიმატა თუ არა მომართვიანობამ ამ პრობლემებით ?

პირველ რიგში დიდი მადლობა ამ თემაზე საუბრისთვის. ეს არის ძალიან აქტუალური პრობლემა. სპეციალისტები ჯერ კიდევ პანდემიამდე ვსაუბრობდით ბავშვებში სოციალიზაციის ხარისხის შემცირებაზე. ქსელურმა თამაშებმა, სოციალური ქსელების და ზოგადად ვირტუალური სამყაროს ხელმისაწვდომობამ ეტაპობრივად გამოიწვია ბავშვების და ზოგადად ადამიანების გაუცხოება და დისტანცირება ერთმანეთისგან. ანუ პარადოქსული სიტუაცია მივიღეთ. ვირტუალური ქსელი ერთი მხრივ გვაახლოებდა ფიზიკურად შორს მყოფ ახლობლებს თუ მეგობრებს და მეორე მხრივ გვაშორებდა აქვე, გვერდით მყოფ ადამიანებთან, რადგან ეკრანს მიჯაჭვულებს აღარ გვქონდა სურვილი ცოცხალი ურთიერთობებისთვის. 

პანდემიამ თავის შეზღუდვებით და რეგულაციებით, სამწუხაროდ, კიდევ უფრო გაამყარა და „დააკანონა“ სოციალური დისტანცირება და კიდევ უფრო გაუხსნა გზა ბავშვებსაც და მოზრდილებსაც ეკრანებისკენ. უკვე ვალდებულება გახდა თანატოლებისგან დისტანცირება და კომუნიკაცია მხოლოდ გაჯეტების დახმარებით. „დარჩით სახლში“ მოთხოვნის შესაბამისად შეიზღუდა ფიზიკური აქტივობაც. საგაკვეთილო პროცესის ონლაინ რეჟიმში გადატანამ შეცვალა დღის და ძილის რეჟიმი, კვების რეჟიმი. შესაბამისად მივიღეთ მხედველობასთან, ძვალ-სახსართა სისტემასთან, კუჭ-ნაწლავთან და, რა თქმა უნდა, ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები. 

სიმპტომების თვალსაზრისით შფოთვისა და ემოციური ლაბილობის პარალელურად, რაც თქვენც აღნიშნეთ, მნიშვნელოვნად, დაახლოებით რამდენჯერმე გაიზარდა ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის შემთხვევები, გამოიკვეთა ძილის და კვებითი დარღვევები, წონაში მატება, მოიმატა ჩივილებმა მხედველობის სიმახვილის დაქვეითებაზე და ასევე D ვიტამინის დეფიციტის შემთხვევებმა. ძილის დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც უძილობით, ისე, პირიქით, მომატებული ძილიანობით; კვებითი დარღვევები გამოიხატება საკვების ულუფის როგორც გაზრდით, ისე შემცირებით, ან უბრალოდ კვებითი პრიორიტეტების შეცვლით, ერთფეროვან საკვებზე გადასვლით. სამწუხაროდ ასეთი  პრიორიტეტი ხშირად არის ცომეული და ტკბილეული, რაც ძალიან ტვირთავს ბავშვის და მოზარდის ინსულარულ აპარატს. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ მოიმატა დიაბეტის განვითარების რისკმა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, რაც დამატებითი სიფხიზლის და სიფრთხილის ზომებისკენ გვიბიძგებს.

როგორ დავიცვათ მშობლებმა ბავშვების ემოციური სტაბილურობა, როგორ უნდა შევუქმნათ ამისთვის შესაბამისი პირობები, თუ თავადაც მაღალი შფოთვის ქვეშ ვართ?

ნებისმიერ და განსაკუთრებით სტრესულ გარემოში ბავშვის ფსიქიკის კარგი დამცავი და საიმედო ემოციური კალაპოტი არის რეჟიმი და სტრუქტურირებული გარემო. ანუ ბავშვს უნდა შევუქმნათ კონკრეტული ბაზისური მოლოდინი და განცდა, რომ ის  აუცილებლად შესრულდება. პანდემიამ მნიშვნელოვნად გაზარდა მშობლების შფოთვა და პასუხისმგებლობა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციების დადგენის და შესრულების დროს ოჯახის ყველა წევრი იყოს შეთანხმებული და დაეხმაროს ერთმანეთს. მინიმუმ ხელი მაინც არ შევუშალოთ ბავშვის მხრიდან წესების მიღებას. 

უპირველესად აუცილებელია დაძინების და გაღვიძების რეჟიმის დადგენა და მიყოლა. ბუნებრივია, ბავშვისთვის შეთავაზებული დროები უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს. ანუ, რეალურად როდის ეძინება და რამდენი საათი ძილი სჭირდება. როდესაც ბავშვი დადის სკოლაში ან საბავშვო ბაღში, გარკვეული რეჟიმი თავისთავად ყალიბდება და მეტ-ნაკლებად კონტროლდება. პრობლემაა, როდესაც დისტანციურ სწავლებაზე ვართ ან საბავშვო ბაღი რეგულაციების გამო დაკეტილია. ამ დროს აღარ არის საჭირო დილით ძველებურად ადრე ადგომა. გვიან დაძინებულ ბავშვს აქვს საშუალება დილით გამოიძინოს, სულაც საწოლიდან ჩაერთოს გაკვეთილს. კვებაც გადადის „თავისუფალ“ გრაფიკზე. 

ამიტომ პირველი რიგის ამოცანაა, რომ რეჟიმი, რომელიც მოიცავს ერთსა და იმავე დროს დაძინება-გაღვიძებას, კვებას კონკრეტულ საათებზე, იყოს შემუშავებული და დაცული, მხარდაჭერილი ოჯახის ყველა წევრის მხრიდან. იმის მიუხედავად, ვართ თუ არა ვალდებული გავიღვიძოთ კონკრეტულ დროს, საჭიროა რომ ე.წ. სამუშაო და დასვენების დღეების რეჟიმი არ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან 1სთ-ზე მეტი შუალედით. ოჯახის წევრების მხრიდან რეჟიმის მხარდაჭერასა და მიყოლაში იგულისხმება, რომ იმ ცდუნებებზე, რომლებიც ხელს უშლიან ბავშვს დროულად დაძინებაში, მაგ. აღაგზნებენ ძილის წინ – ასეთებია გაჯეტები, ფიზიკური აქტივობა, გვიანი ვახშამი – ამ ტიპის აქტივობებზე ზრდასრულებმაც უარი ვთქვათ, რომ უნებურად არ მივცეთ ცუდი მაგალითი. ანუ, ჩვენი გრაფიკიც ავაწყოთ ისე, რომ ბავშვებს არ დაერღვეთ ბიოლოგიური რიტმი. ყველა საჭირო აქტივობა მოვითავოთ ბავშვის დაძინებამდე 2 სთ-ით ადრე, ან გადავიტანოთ ბავშვების დაძინების შემდეგ. ხოლო ძილისწინა 2 საათი მთლიანად დავუთმოთ ბავშვებისთვის ჯანსაღი ძილისწინა რუტინის და რიტუალის ორგანიზებას. ეს არის სამაგიდო და ხალიჩის თამაშები – ხატვა, ძერწვა, აპლიკაციები, კონსტრუქტორი, კუბიკები, ფაზლები, ლოტო, ბანქო, შაში, ჭადრაკი, დღის ემოციების და შთაბეჭდილებების გაზიარება ერთმანეთთან, მშვიდი მუსიკის მოსმენა. აქტივობების არჩევანი შეიცვლება ბავშვების ასაკის და ინტერესების გათვალისწინებით. 

რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ბავშვის და მოზარდის განვითარებისთვის, ამ ტიპის აქტივობები უნდა განვახორციელოთ დღის პირველ ნახევარში და დავასრულოთ დაძინებამდე 2 სთ-ით ადრე. რაც უფრო პატარაა ბავშვი, ფიზიკური აქტივობების წილი მით უფრო მეტად აღემატება მშვიდ სამაგიდო თამაშების წილს. დაახლოებით 3-4-ჯერ მეტი დრო უნდა გაატაროს ბავშვმა ეზოში, ან თუნდაც სახლში, მაგრამ აქტიური ფიზიკური დატვირთვის პირობებში. ამ შემთხვევაშიც ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მოვიფიქროთ და შევთავაზოთ ბავშვს ფიზიკური აქტივობა ისეთი ფორმით, რაც მისაღები იქნება კონკრეტულ ეზოში, ან კონკრეტულ ოთახში. გავითვალისწინოთ მისი პრიორიტეტები და სურვილები, მაგრამ ვაკონტროლოთ ფორმა და ხანგრძლივობა. საკუთარი ფანტაზიის გარდა, აქ უკვე ჩვენ, ბავშვების გარეშე შეგვიძლია მივაკითხოთ ინტერნეტ საიტებს და ფორუმებს და მივიღოთ რჩევები და იდეები სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობებზე. 

რაც შეეხება აქტივობების დასაშვებ ვადებს და შინაარსს. ბუნებრივია, ბავშვები ხშირად აპროტესტებენ აკრძალვებს და შეზღუდვებს. მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ შევამზადოთ ისინი როგორც დაწყებაზე, ისე კონკრეტულ დროს აქტივობის დასრულებაზე. ამ შემთხვევაში ბავშვის ასაკს აქვს დიდი მნიშვნელობა. მაგრამ ნებისმიერი ასაკისთვის აუცილებელია სწორი მიდგომის და სიტყვების გამონახვა და რაც მთავარია დათქმული ვადების და პირობების შესრულება. ვიშველიებთ ისეთ მიდგომას, რომელიც გაუადვილებს ბავშვს დროის აღქმას – თუ ბავშვს კონკრეტულად საათის ცნობა ჯერ არ შეუძლია, ეს შეიძლება იყოს ქვიშის საათი, სტიკერები კედელზე, რომლებიც ნელ-ნელა ცოტავდება და მიუთითებს, რომ აქტივობის დასასრული ახლოვდება, ხელის თითებით შეგვიძლია ვანიშნოთ და შევახსენოთ, რომ მაგ. დაგვრჩა 10წთ, შემდეგ 5წთ, 2წთ და ა.შ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ოჯახის ყველა წევრი ერთ აზრზე იყოს და ბავშვის ტირილმა არ გვაიძულოს პირობების შეცვლა. პრეცედენტი, რომ ტირილით შეიძლება პირობები შეიცვალოს მხოლოდ განამტკიცებს ჭირვეულობას და აკრძალვების მიუღებლობას, რაც საბოლოოდ ისევ ბავშვის ფსიქიკისთვის იქნება დამაზიანებელი. უფრო მეტადაც კი, ვიდრე დღეს გახანგრძლივებული ტირილი. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5