პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი, პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოკონსულტანტი მედეა გელდიაშვილი.
რა სირთულეები იჩენს თავს მოზარდის ცხოვრებაში?
როგორც წესი, მოზარდობა ადამიანის ცხოვრებაში ერთგვარ კრიზისულ პერიოდს წარმოადგენს. ამ დროს უამრავი გამოწვევა იჩენს თავს პიროვნების გარშემო. მაგალითად: გარე სამყაროსთან კონტაქტი, საკუთარი თავის დამკვიდრება, ავტონომიის მოპოვება, ინტერესების დაცვა, პროტესტის გამოხატვა და ა.შ. ეს ყოველივე გამოწვევად მოვიხსენიე, რადგან ამ საკითხთა გადასაჭრელად ხშირად მოზარდს არ აქვს სათანადო სივრცე, მხარდაჭერა და შინაგანი რესურსი.
რას გვეტყვით ანტისოციალურ ქცევაზე მოზარდობის ასაკში?
ანტისოციალური ქცევა ეს არის მავნე ქმედება საზოგადოების ან საკუთარი თავის მიმართ. როდესაც მოზარდი ცდილობს ქცევის რადიკალური ფორმით დაუპირისპირდეს სოციუმში არსებულ სტანდარტებს, წესებსა და კანონებს. მოზარდობის ასაკში განსაკუთრებით თავს იჩენს უპირატესობისაკენ სწრაფვა, სურვილი ძალაუფლების, აღიარების მოპოვების და ეს ხშირად ხდება არაჯანსაღი გზით: ძალადობით, კანონთან კონფლიქტში შესვლით და ა.შ. მოზარდები, რომლებიც სჩადიან ანტისოციალურ ქცევას, არამარტო ექსტერნალიზებულ აგრესიას ავლენენ არამედ ისინი ხშირად საკუთარ თავზე მიმართულ მავნე ქმედებას ახორციელებენ. ასეთი დემონსტრაციული ქცევაა სხეულის ნაწილის დასახიჩრება, რაც საკმაოდ გავრცელებულია ამ ასაკობრივ ჯგუფში.
რა ფაქტორები განაპირობებს ანტისოციალურ ქცევას მოზარდობის პერიოდში?
როდესაც ვსაუბრობთ ასოციალურ ქცევაზე, ყოველთვის განვიხილავთ ფაქტორთა კომბინაციას. მაგალითად, ინტერნალური ანუ შინაგანი და ექსტერნალური გარე ფაქტორები. შინაგანი რისკფაქტორები გულისხმობს, ინტელექტუალურ, კოგნიტურ, შიდაფსიქიკურ და პიროვნულ პრობლემებს. სიტუაციურ რისკფაქტორებში კი მოიაზრება, სოციალურ გარემოში არსებული პირობები. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ოჯახური მდგომარეობა, დამოკიდებულებები სკოლასა და საზოგადოებაში. ხშირად ანტისოციალური ქცევის ტენდენციას განაპირობებს აღზრდის გამოცდილება. ავტორიტარული მშობლები, მუდმივად გამოირჩევიან ზღვარგადასული სიმკაცრით, რომლებიც ცდილობენ დისციპლინა დაამყარონ ფიზიკური დასჯის, დაკნინების და მუქარის ხარჯზე. ისინი სწორედ ძალადობრივ ქცევას ამკვიდრებენ ბავშვში და ახდენენ ძალაუფლების იდეალიზაციას. დედ-მამის არათანმიმდევრული დამოკიდებულება, უყურადღებობა და ფსიქოლოგიური დისტანცირება ბავშვში აგრესიას ამძაფრებს, ყალიბდება გარემოსადმი მტრული დამოკიდებულება, შიში, უნდობლობა, სოციალური იზოლაცია. ადამიანი მოზარდობასა და ზრდასრულ ასაკში უმეტესად მიჰყვება იმ ქცევის მოდელს, რომელიც მაგალითად ჰქონდა ადრეულ ბავშვობაში.
რა არის ამ შემთხვევაში გამოსავალი?
გამოსავალი არის პრევენციული ღონისძიებები: მხარდამჭერი გარემო ოჯახსა და სკოლაში, უწყვეტი ფსიქოგანათლება, აქტივობები, რომლებშიც ჩაერთვებიან მოზარდები და იქნებიან პროდუქტიულები. მნიშვნელოვანია განისაზღვროს მოზარდებში დესტრუქციული ქცევის რისკფაქტორები და შეიქმნას ეფექტური პრევენციული სტრატეგიები. მშობელთა მიერ შემუშავებული დადებითი დამოკიდებულებები და მიდგომები ადამიანს ეხმარება მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავებაში, როგორებიცაა: ნდობისა და ემპათიის უნარი. შესაბამისად ოჯახს, აღზრდას აქვს ფასდაუდებელი პრევენციული როლი ამ მიმართულებით.