Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ენდოკრინოლოგი მაია რეხვიაშვილი.

როდის უნდა მიმართოს მშობელმა ენდოკრინოლოგს და რა სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს ბავშვებში ენდოკრინოლოგიურ პრობლემაზე?

დღესდღეობით სიმსუქნე და ჭარბი წონა ბავშვებში ყველაზე გავრცელებული ქრონიკული პრობლემაა. მოგეხსენებათ, რომ სიმსუქნის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორი ჭარბი კალორიების მიღება და არასწორი ცხოვრების წესია, თუმცა ხშირად მიზეზი შესაძლოა იყოს ენდოკრინული დარღვევებიც. ამიტომ როდესაც მშობელი ამჩნევს, რომ ბავშვი წონაში იმატებს მნიშვნელოვნად და ოჯახურ ანამნეზში არის სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, აუცილებელია ჩატარდეს ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და დადგინდეს წონაში მატების მიზეზი არის გარემო, გენეტიკური, პათოლოგიური ფაქტორები, თუ მათი კომბინაცია და შეირჩეს მკურნალობის სწორი ტაქტიკა.

სიმსუქნე და ჭარბი წონა რა რისკებთან არის დაკავშირებული?

სიმსუქნე და ჭარბი წონა ბავშვებსა და მოზარდებში ბევრ რისკთანაა ასოცირებული, როგორებიცაა: შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ღვიძლის და სახსრების დაზიანება, ძილის დარღვებები, ფსიქო-სოციალური პრობლემები.

სიმსუქნესთან ერთად კიდევ  რა ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს ენდოკრინოლოგიურ პრობლემებზე?

ბავშვებში ენდოკრინოლოგიურ პრობლემაზე სიმსუქნესთან ერთად შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგი ნიშნები:

ტანდაბლობა (არ იგულისხმება კონსტიტუციური ტანდაბლობა) ან სიმაღლეში ზრდის მკვეთრი შეფერხება – პრეპუბერტატულ ასაკში წელიწადში 5 სმ-ზე ნაკლები ზრდა დამახასიათებელია კუშინგის სინდრომისთვის;

შავი აკანტოზი – ჰიპერპიგმენტირებული, გასქელებული, ხავერდისმაგვარი კანი სხეულის ნაკეცებში, კისერზე – ნიშანია ინსულინრეზისტენტობის, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით ან მის გარეშე;

აკნე, ჰირსუტიზმი – უხეში თმის ჭარბი ზრდა ატიპიურ ადგილებში – სახეზე, კისერზე-ნიშანია პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის;

იისფერი სტრიები, განსაკუთრებით მუცელზე – დამახასიათებელი კუშინგის სინდრომისთვის;

უფერული სტრიები კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის სწრაფი აკუმულაციის შედეგია და ხშირად არაა პათოლოგიური ნიშანი;

ჩიყვი-გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი დაქვეითებული ფუნქციით – ჰიპოთირეოზი, რომელიც გამოვლინდება კანის სიმშრალით, თმის ცვენით,  საერთო სისუსტით

ნაადრევი მომწიფება – ასაკისთვის შეუსაბამო მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება (მიზეზი შეიძლება იყოს ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის დაზიანება, პრადერ-ვილის სინდრომი, ნაადრევი პუბარხე).

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5