Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება პედიატრი მარიამ ღუღუნიშვილი.

რა არის გლუტენი და რატომ არის ის ზოგიერთი ბავშვისთვის საფრთხის შემცველი?

ცელიაკიის დაავადება არის ნაწლავის ქრონიკული, ავტოიმუნური მდგომარეობა, რომლის დროსაც ვერ ხდება ორგანიზმში საკვებით მიღებული სხვადასხვა ცილების – პროლამინების (კერძოდ გლიადინი – ხორბლის ცილა, სეკალინი – ჭვავის ცილა, გორდეინი – ქერის ცილა) მიღება და გადამუშავება. ეს ვლინდება მხოლოდ გენეტიკურად წინასწარგანწყობილ ინდივიდებში. იგი ცნობილია აგრეთვე სხვა დასახელებებითაც: გლუტენ-სენსიტიური ენტეროპათია, არა-ტროფიკული სპრუ, ცელიაკია სპრუ.  

ცელიაკია შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი ასაკში, ხორბლის ან სხვა გლუტენის შემცველი საკვების მიღების შემდეგ, როგორც წესი, 6-7 თვის ასაკიდან. უცნობია, თუ რატომ ხდება ზოგიერთ ბავშვთან დაავადების სიმპტომების გამოვლინება ადრეულ ეტაპზე, ხოლო დანარჩენთან მხოლოდ მოგვიანებით. ერთნაირი სიხშირით გვხვდება ორივე სქესის ბავშვებში. საქართველოში ცელიაკიის დაავადება გავრცელებულია მოსახლეობის დაახლოებით 1 %-ში.

ცელიაკიის დაავადების დროს ავტოიმუნური რეაქციები იწვევს წვრილი ნაწლავის შიგნითა ზედაპირზე განლაგებული ხაოების ატროფიას/განადგურებას, რომელთა ფუნქციაა მიღებული საკვების შეწოვა, მიკრო და მაკრონუტრიენტების მოხმარება სხვადასხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესებისთვის. შესაბამისად ამ დაავადებისას ვხვდებით ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ნივთიერებების დეფიციტს (რკინა, B12, D ვიტამინი და ა.შ).

რა პროდუქტები შეიცავს გლუტენს?

გლუტენს შეიცავს ხორბალი, ჭვავი, ქერი, შვრია და მათგან დამზადებული ნებისმიერი საკონდიტრო თუ არასაკონდიტრო ნაწარმი: პური, მაკარონი, ვერმიშელი, ნამცხვარი, ორცხობილა, ხაჭაპური, პიცა და ა.შ. მარცვლეულიდან დასაშვებია მხოლოდ წიწიბურა, ბრინჯი და სიმინდი. აგრეთვე  აუცილებელია რაციონიდან ისეთი საკვების და სოუსების სრულიად ამოღება, რომლებიც შეიძლება შეიცავდნენ გლუტენის კვალს. მხოლოდ ¼ გრამმა ხორბალმა შეიძლება დააზიანოს წვრილი ნაწლავი, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია არამარტო სწორი საკვების პროდუქტების არჩევა, არამედ ისიც, რომ არ მოხდეს მათი დაბინძურება სხვა გლუტენის შემცველი პროდუქტებით. მნიშვნელოვანია მედიკამენტების, ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობის დეტალური შესწავლა გამოყენებამდე. 

რა შეიძლება გამოიწვიოს გლუტენის აუტანლობამ მცირე ასაკის ბავშვებში? 

ცელიაკია შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ჩივილით და ხანდახან შეფარული სახითაც კი. შეიძლება გამოიხატოს არამხოლოდ ის სიმპტომები, რომლებიც გამომდინარეობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაზიანების შედეგად, არამედ სხვა სისტემებისაც (ძვალ-სახსროვანი, ნერვული, კანის, ენდოკრინული და ა.შ). 

ბავშვთა ასაკში ძირითადად აღენიშნებათ მუცლის ტკივილი, შებერილობა, მუცლის გარშემოწერილობის ზრდა, ფაღარათი/ყაბზობა, ღებინება, გულისრევის შეგრძნება, წონის დეფიციტი, ტანდაბლობა, გაღიზიანებადობა, სქესობრივი მომწიფების შეფერხება, აუხსნელი რკინადეფიციტური ანემია, შეშუპება და ა.შ

სხვა იშვიათი სიმპტომებიდან საყურადღებოა ჰერპეტიფორმული დერმატიტი, ქრონიკული დაღლილობა, სახსრების ტკივილი, წყლულები/სტომატიტი პირის ღრუში, კბილის ემალის შრის, თმის და/ან ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება.

როგორ ვლინდება გლუტენის აუტანლობა? 

ბავშვთა ასაკში ცელიაკიის დიაგნოსტირების ბოლო ალგორითმი მოწოდებულია ESPGHAN-ის (ევროპის ბავშვთა გასტროენტეროლოგთა, ჰეპატოლოგთა და ნუტრიციოლოგთა ასოციაცია) მიერ, რომელიც შედგება რამდენიმე საფეხურისგან. თავდაპირველად ხდება სისხლში ამ დაავადებისთვის სპეციფიკური ანტისხეულების განსაზღვრა, რომლებიც წარმოიქმნება ორგანიზმში გლუტენის მიღების საპასუხოდ. შემდგომ მნიშვნელოვანია შეფასდეს თუ რამდენად აღემატება აღნიშნული ანალიზის შედეგი ნორმას. რადგან გარკვეულ შემთხვევებში საჭირო ხდება დიაგნოზის დადასტურება შემდგომ საფეხურზე წვრილი ნაწლავის ბიოფსიით, სადაც ვლინდება ხაოების ატროფიისთვის დამახასიათებელი სურათი. 

რა საშუალებები არსებობს გლუტენის აუტანლობის წინააღმდეგ და როგორ მოვიქცეთ პრევენციისთვის ?

ცელიაკიის დაავადების მკურნალობა ხდება მუდმივი, მკაცრი და გამონაკლისების გარეშე მხოლოდ უგლუტენო საკვების მიღებით. მედიკამენტური ჩარევა ხდება მხოლოდ საჭიროების მიხედვით, ექიმის შეფასებით ინდივიდუალურად, სხვადასხვა დეფიციტური მდგომარეობების  არსებობის შემთხვევაში. 

არსებობს სხვადასხვა ავტოიმუნური დაავადება, რომლის პარალელურადაც შესაძლოა მიმდინარეობდეს ცელიაკიაც, რის გამოც აუცილებელია მისი გამორიცხვა ადრეულ ეტაპზე – მაგალითად: ავტოიმუნური თირეოიდიტი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, შოგრენის დაავადება, ფსორიაზი, ალოპეცია, დაუნის სინდრომი, ტერნერის სინდრომი და ა.შ. ეს თავიდან აგვარიდებს ნაწლავის ლორწოვანი შრის ძლიერ დაზიანებას და ცელიაკიის დაავადების გართულებების განვითარებას. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5