Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცისს” ესაუბრება ენდოკრინოლოგი მაია რეხვიაშვილი.

რა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს მოზარდის სიმაღლეში ზრდის შეფერხება და რა მიზეზები იწვევენ ამ დაავადებებს?

სიმაღლეში ზრდა ბავშვთა და მოზარდთა ნორმალური ფიზიკური განვითარების ინდიკატორია. ბავშვთა ფიზიკური ზრდა-განვითარების შეფერხება საკმაოდ ხშირად გვხვდება ენდოკრინოლოგიურ პრაქტიკაში. ზრდაში ჩამორჩენა ასევე სხვადასხვა ქრონიკულ  დაავადებათა მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. ასეთებია: საკვების მონელება-შეწოვის დარღვევებით მიმდინარე ავადმყოფობები, გენეტიკური დარღვევები, ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოთა სისტემის ქრონიკული უკმარისობა და ა.შ. ასე რომ, ზრდის შეფერხება მიუთითებს, რომ ორგანიზმი იმყოფებოდა ან იმყოფება არახელსაყრელ პირობებში ინდივიდუალური განვითარების რომელიღაც ეტაპზე დაწყებული  ჯერ კიდევ საშვილოსნოსშიდა განვითარების პერიოდიდან – დედის ქრონიკული დაავადებები, დედის არასრულფასოვანი კვება, ალკოჰოლის ან ნიკოტინის გამოყენება ორსულობის დროს, სამშობიარო გზებში განვითარებული ნაყოფის ტრავმული დაზიანებები და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ასევე ფსიქო-სოციალური პრობლემებით გამოწვეულ ზრდაში ჩამორჩენას. აქედან გამომდინარე არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანსაღი იყოს ის გარემო და ურთიერთობები, რომელშიც ბავშვი იზრდება – დედისა და ბავშვის, ბავშვისა და ოჯახის და ა.შ.

რა ასაკის ბავშვების მშობლები  მოგმართავენ უფრო ხშირად ზრდაში ჩამორჩენის პრობლემით?

თითქმის ყველა ასაკის, მაგრამ გამოვარჩევდი რამდენიმე ასაკობრივ ჯგუფს: 3-4 წლის ასაკის ბავშვები, რომლებიც უკვე ახალშობილობის პერიოდიდან  ჩამორჩებოდნენ თავის თანატოლებს (დაბადების მასა 2500გ-ზე ნაკლები). გარდა ამისა, საკმაოდ ხშირია 6 წლის ასაკის ბავშვთა კონტინგენტი, მათი ჩამორჩენა თვალშისაცემია სკოლაში შესვლის დროს და ბოლოს, სქესობრივი გარდატეხის პერიოდი, როდესაც თანატოლებთან შედარებით იგვიანებს მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება. ეს არის 12-14 წლის ასაკობრივი ჯგუფი.

საშუალოდ რომელ წლამდე იზრდება სიმაღლეში გოგონა და რომელ წლამდე ვაჟი?

საშუალოდ, ადამიანის სიცოცხლის დაახლოებით მეოთხედი ნაწილი სჭირდება სიმაღლეში ზრდისა და სქესობრივი მომწიფების პროცესს. ეს მნიშვნელოვანი დროის მონაკვეთი, როგორც ნორმალური ვარიანტი ზრდისა და განვითარებისა, ინდივიდუალური თავისებურებით ხასიათდება. მასზე გავლენას ახდენს, როგორც გარემო და გენეტიკური ფაქტორი, ასევე ორგანიზმის საკუთარი, ფენოტიპური განვითარების მიმდინარეობის თავისებურებები. აქ შეიძლება გამოვიყენოთ ერთი მნიშვნელოვანი ოქსოლოგიური ( ოქსოლოგია არის ბერძნული სიტყვა და ზრდასა და განვითარებას ნიშნავს) ტერმინი – ძვლის ასაკი, რომელიც ძვლის სიმწიფის გამომხატველია და განისაზღვრება ძვლის ეპიფიზების (ე.წ. ზრდის ზონები) შეერთების რენტგენოგრაფიული გამოსახულების შედარებით ატლასებში მოცემულ ნორმებთან, რომელიც გვიჩვენებს სხვადასხვა ასაკისთვის ძვლოვან მომწიფებას. იგი, თავის მხრივ შეიძლება ჩამორჩებოდეს, უსწრებდეს ან ემთხვეოდეს (საპასპორტო) ასაკს. ძვლის ასაკის დადგენა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ მოზარდის ზრდის დარჩენილი შესაძლებლობები და გამოვთვალოთ მისი სავარაუდო სიმაღლე. თუმცა, ძვლის ასაკი არ არის დეფინიციური დიაგნოზური ტესტი და მხოლოდ გვეხმარება სხვა ფაქტორებთან ერთად სწორი დიაგნოზის დასმაში. ზოგადად კი გოგონებში 18 წლის ძვლოვანი ასაკით და ვაჟებში – 19 წლის ძვლოვანი ასაკით ხაზოვანი ზრდა წყდება. 

თუ არსებობს ისეთი სიმპტომები (თუ ნიშნები), რომელთა არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ბავშვი მივიყვანოთ ენდოკრინოლოგთან?

არსებობს მრავალი სიმპტომი, რომლის შენიშვნის შემდეგაც ბავშვმა უნდა გაიაროს პედიატრის ან პედიატრ-ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და თუ ეს საჭიროა სპეციალური ლაბორატორიული  თუ სხვა პარაკლინიკური გამოკვლევები. ესენია: ზრდის შეფერხება, ჭარბი წონა, მეორადი სასქესო ნიშნების განვითარების დაგვიანება. უმჯობესია, თუ აღნიშნულ სიმპტომებს გამოჩენისთანავე მივაქცევთ ყურადღებას, რადგან დროული სამედიცინო ჩარევა ნაკლებ პრობლემებს უქმნის ბავშვს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და საბოლოოდ კარგი შედეგისთვისაც მნიშვნელოვან განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს.

სიმაღლეში ზრდაგენეტიკურადაცერგებათბავშვებსარის შემთხვევები, როცა ბავშვს არ აღენიშნება არანაირი დარღვევა, მაგრამ ის ასაკთან შედარებით სიმაღლეში დაბალია.

გენეტიკური ფაქტორები, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ორგანიზმის საბოლოო სიმაღლეზე. დადგენილია კორელაცია მშობლების საშუალო სიმაღლესა და ბავშვის სიმაღლეს შორის. შექმნილია სპეციალური მრუდები და ცხრილები ამ ფენომენის ასახსნელად. საბოლოო სიმაღლე უპირატესად გენეტიკურად არის განპირობებული და მას სამიზნე სიმაღლე ეწოდება. აქედან გამომდინარე, თვითონ ზრდაში ჩამორჩენა არ არის დიაგნოზი. საჭიროა ექიმის მიერ დადგენილ იქნეს ჩამორჩენის  მიზეზი და შემდეგ შეფასდეს, იგი პათოლოგიაა თუ ნორმის ვარიანტს შეესაბამება. 

თუ არსებობს ისეთი საკვები პროდუქტები, რომელთა მიღებაც ბავშვობის ასაკში ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას?

გამორჩეულად ვერცერთ პროდუქტზე ვერ გავაკეთებ აქცენტს. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ სრულფასოვანი კვება და სწორი დღის რეჟიმი ნორმალური ზრდისა და განვითარების საწინდარია. 

რაც შეეხება სპეციალური ვიტამინების ჯგუფს, არის თუ არა სასურველი ექიმთან შეუთანხმებლად მათი მიღება?

უკვე დიდი ხანია მკითხველისთვის ცნობილია, რომ ექიმთან შეუთანხმებლად არ შეიძლება არანაირი ვიტამინოკომპლექსის მიღება. ექიმმა უნდა განსაზღვროს, რა დოზით უნდა მიიღოს ბავშვმა  ამა თუ იმ ვიტამინთა ჯგუფი და საერთოდ, აუცილებელია თუ არა სიმაღლეში გაზრდის მიზნით მათი მიღება. საერთოდ კი საქართველოში მცხოვრებ ბავშვს, თუ ის სრულფასოვნად იკვებება, ნაკლებად ესაჭიროება ვიტამინოთერაპია. 

რას ურჩევდით მშობლებს?

პირველი რჩევაა: ბავშვები ღამით არ დააძინოთ ძალიან დანაყრებულები, მათ უნდა ეძინოთ მშვიდად არა ნაკლებ 10 საათისა და ეცადეთ, რომ ისინი დაკავებული იყვნენ დოზირებული ფიზიკური აქტივობით, რაც ნორმალური ზრდისა და განვითარების კარგ სტიმულატორს წარმოადგენს. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5