Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმასდედამ იცისესაუბრება პედიატრი ეკატერინე კუცია.

რა პროდუქტი უნდა შევთავაზოთ ბავშვს და რა შევზღუდოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ალერგიული რეაქციები? რამდენად არის სწორი ასეთი მიდგომა?

ბავშვს არცერთი საკვები არ უნდა შევუზღუდოთ ალერგიის შიშით, სიფრთხილით, მაგრამ მცირე დოზით უნდა შევთავაზოთ ახალ-ახალი პროდუქტი. ალერგიის მკურნალობა ხდება ტოლერანტობის მიღწევით. ბავშვის რაციონიდან ამოვიღებთ ამა თუ იმ საკვებს და შემდეგ ძალიან მცირე დოზით კვლავ ვთავაზობთ ყოველდღიურად მცირე ულუფებით, თანდათან ვზრდით ულუფებს და ვაკვირდებით ხომ არ აქვს კანზე ალერგიული გამონაყარი, თვალების ან ტუჩების დასივება, თუ გვაქვს ასეთი რეაქცია, რა თქმა უნდა ვწყვეტთ ყველაფერს. მერე ისევ გვაქვს პერიოდი, როდესაც საერთოდ არ ვაძლევთ ამ პროდუქტს და შემდეგ ისევ ვიწყებთ შეთავაზებას, ეს არის ალერგიის მკურნალობა და ფაქტობრივად, იმავეს ვაკეთებთ ჩვენც, როდესაც მყარ კვებაზე გადაგვყავს ბავშვი. ბავშვს  4-6 თვის განმავლობაში არ მიუღია ასეთი საკვები და ახლა იღებს ახალ საკვებს, პროგრესულად მზარდი რაოდენობით, ყოველდღიურად. მნიშვნელოვანია ისიც,  თუ დღეს შევთავაზეთ კივი, გავზარდეთ შემდეგ დღესაც და მომდევნო დღეებშიც და ერთი კვირის განმავლობაში არანაირი ალერგიული რეაქცია არ აქვს და აღარ მივეცით ორი-სამი თვის განმავლობაში და შემდეგ ისევ შევთავაზეთ, ამ დროს უფრო მაღალი რისკია ალერგიისა, იმიტომ რომ გვაქვს დიდი ფანჯარა. შესაძლოა ასეც მოხდეს, მიიღო პირველად ბავშვმა რაიმე საკვები და არ გამოვლინდა  რაიმე ალერგიული რეაქცია, მაგრამ დიდი ხნის წყვეტის გამო, ამხელა ინტერვალის მერე ორგანიზმი ახალ საკვებს  აღიქვამს როგორც უცხო სხეულს და გადავა პირდაპირ შეტევაზე და გვექნება ალერგიული რეაქცია. ამიტომ მნიშვნელოვანია მუდმივობა, რომ ვატრიალოთ მუდმივად  პროდუქტები, შეიძლება ყოველდღიურად არა, მაგრამ კვირაში ორ-სამჯერ, ან მეორე კვირას და არ გავაკეთოთ დიდი შუალედი სხვადასხვა პროდუქტებისთვის. ეს ეხება ყველა პროდუქტს და არა მხოლოდ კივის და სხვა გამოკვეთილად ალერგიულ პროდუქტებს. 

როგორი უნდა იყოს ბავშვის კვებითი გარემო და რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის მყარ კვებაზე გადასვლისას?

ძალიან მნიშვნელოვანია  გარემო, რა გარემოშიც ვაჭმევთ ბავშვს. ამ ასაკიდან საჭიროა ისეთი მიდგომები, რომ თავიდან ავიცილოთ კვებითი დარღვევები და კვებასთან დაკავშირებული პრობლემები ბავშვებში, რაც განსაკუთრებით ერთი წლის შემდგომ ასაკში იჩენს თავს. სკამი კომფორტულად უნდა იყოს მოთავსებული, ბავშვი მაგიდას უნდა სწვდებოდეს თავისუფლად და იდაყვს მოხერხებულად უნდა დებდეს მაგიდაზე, შესაბამისი თეფში და პატარა ზომის კოვზი უნდა გამოიყენოს, სასურველია, რბილი კოვზით დაიწყოთ ბავშვის კვება, თუმცა მალევე გადადით ჩვეულებრივ კოვზზე; ბავშვი უნდა უყურებდეს მშობლის სახეს; საკვები შესთავაზეთ კარგი განწყობით, თან ესაუბრეთ, გააცანით პროდუქტი,  რა არის, რა ფერია, როგორი გემო აქვს, ცხელია თუ  ცივი და ა.შ. არა უშავს, თუ ბავშვი პირველი პროდუქტის გასინჯვაზე დაიჭყანება, გადმოაფურთხებს, ამის გამო ხელი არ უნდა ჩაიქნიოთ და არ თქვათ, რომ  არ მოსწონს პროდუქტი. შესთავაზეთ მეორე დღესაც, თუ იგივე რეაქცია აქვს, გააკეთეთ ორ-სამ დღიანი პაუზა და შესთავაზეთ მესამე დღეს. სავსებით შესაძლებელია შვიდჯერ-რვაჯერ მოგვიწიოს ბავშვისთვის რომელიმე პროდუქტის ახლიდან შეთავაზებამ და ბოლოს გაამართლოს, მოეწონოს და ძალიან კარგადაც ჭამოს. შვიდჯერ-რვაჯერ თუ არ სცადეთ, ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ ბავშვს რომელიმე პროდუქტი არ უყვარს. ამ ასაკში არ არსებობს “არ უყვარს”. კვების დროს მაქსიმალურად პოზიტიური გარემო უნდა შეიქმნას, მშობელმა უნდა მისცეს მაგალითი, როგორ მიირთმევს საკვებს და როგორ სხედხართ სუფრასთან. თავიდან ცოტა ძნელი იქნება ეს პროცესი, რადგან ბავშვს უნდა დაეხმაროთ კოვზით ჭამაში, თუმცა მშობელმა არ უნდა შეწყვიტოს გააგრძელოს კვება. თუ ვხედავთ, რომ ბავშვს რამდენიმე კოვზის შემდეგ აღარ უნდა, არ არის საჭირო დაძალება და კოვზის პირში ძალით ჩაჩრა, რაც ძალიან ცუდ შედეგს გამოიღებს მოგვიანებით. როდესაც ბავშვს ძალით ვკვებავთ, მისთვის ეს ნიშნავს,  რომ მშობელი მას არ უსმენს, მისი არა არაფერს არ ნიშნავს. ის, რომ მას მეტი აღარ უნდა, მეტი აღარ შია და მშობელი მაინც აგრძელებს გამოკვებას იძულებით, ეს ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ ტრავმად შეიძლება იქცეს. ამიტომ მაქსიმალურად იყავით მობილიზებული და შეეცადეთ  გამოიცნოთ რა რაოდენობის საკვები  სჭირდება ბავშვს და არა უშავს, თუ ვერ შესრულდა ის დაწერილი დოზები, რასაც ვკითხულობთ ბავშვების კვებასთან დაკავშირებით.  ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, აქვთ ინდივიდუალური მადა, ზოგი უფრო მეტს ჭამს, ზოგი უფრო ნაკლებს, ზოგი შუალედურია და ეს არ ნიშნავს, რომ მათ აკლიათ რაიმე საკვები.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5