გვესაუბრება ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ ლაფერაშვილი.
გვესაუბრეთ, რა როლი აქვს მშობელს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის განვითარებაში და როგორ დავეხმაროთ მას გაიუმჯობესოს უნარები?
მშობლის ჩართულობას ბავშვის განვითარებაში გადამწყვეტი როლი აქვს, ამის ერთ-ერთ მიზეზად შესაძლებელია მივიჩნიოთ ის ფაქტიც, რომ ეს ბავშვს აძლევს უწყვეტ თერაპიულ გარემოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ადრეული ჩართულობა ბავშვის განვითარებაში საწინდარია ჯანსაღი უნარ-ჩვევების განვითარებისა. ყოველივე ეს მშობელს საშუალებას აძლევს შეაფასოს და გააანალიზოს ბავშვის განვითარების დონეები და გარკვეული სიმპტომების დროს სწორხაზოვნად და ადეკვატურად განაგრძოს მუშაობა, პროფესიონალთან ერთად.
მშობლის ჩართულობას უშუალოდ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან განსაკუთრებით დიდი ადგილი უკავია. პირველ რიგში, როდესაც მშობელი შენიშნავს ბავშვის ამა თუ იმ დარღვევას, აუცილებელია ადეკვატური რეაქცია, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველ ეტაპზე აღიარონ მოცემული დიაგნოზი და არავითარ შემთხვევაში არ დამალონ, როგორც დიაგნოზი, ასევე ბავშვი (რასაც სამწუხაროდ არაერთი მშობელი აკეთებს). ფსიქოლოგიის ფუნდამენტური საკითხია ის, რომ როდესაც ვმუშაობთ ბავშვებთან, ამასთანავე ვმუშაობთ მშობლებთანაც, გარდა ამისა არის სეანსების ნაწილი, სადაც მშობლის დასწრება (ჩართულობა) მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროცესია. ყოველივე ეს კიდევ უფრო ამძაფრებს მშობლების ჩართულობას, რადგან მათ აქვთ განსაკუთრებული ბერკეტი.
როდესაც ბავშვებს ვუსვამთ აუტისტური სპექტრის დიაგნოზს, ზოგიერთი მშობელი გასამკლავებლად ირჩევს არასწორ გზას: 1. არ აღიარებს დიაგნოზს, 2. მალავს ბავშვს, 3. აღიარებს, თუმცა არ თვლის საჭიროდ მის ჩართულობას. ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობელი თერაპევტს მუშაობაში „ხელს უშლის“, რადგან მათი არაჯანსაღი დამოკიდებულებით, ვერ ახდენენ სწორხაზოვან მუშაობას და ამასთანავე ეჭვქვეშ აყენებენ თერაპევტების მიდგომებსაც.
დღევანდელ რეალობაში, ხშირ შემთხვევაში, მშობლებისა და შვილების ურთიერთობას დროის დეფიციტი სერიოზულ ზიანს აყენებს. შედარებით შეიცვალა მოცემულობა ახალი ნეგატიური გამოწვევის – „კოვიდ 19“ ის პერიოდში. სამყაროს ტექნოლოგიურმა განვითარებამ განაპირობა ე.წ „ონლაინ“ მუშაობის შესაძლებლობა და დისტანციურად მომუშავე მშობლების უმეტესობა ბავშვების დროის გაყვანასაც კომპიუტერული საშუალებებით ახერხებდნენ. ზემოაღნიშნული მეტნაკლებად იწვევს ეკრანდამოკიდებულებას და თავისთავად პრობლემაა, თუმცა, რა თქმა უნდა, მოგვარებადი. ამ ერთი შეხედვით მარტივმა ფაქტმა თავისთავად და ეტაპობრივად გამოიწვია ბავშვებში სოციალური ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეფიციტიც, რაც, რა თქმა უნდა, არც მშობლების და არც სხვა ვინმეს ბრალია, თუმცა ამის გამოსწორებისა და აღმოფხვრის „მძიმე ტვირთი“ კვლავ მშობლებს ეკისრებათ, და არამხოლოდ მათ, პრობლემის აღმოფხვრა ბავშვებისთვის ოჯახის, ბაღის, სკოლისა და ყველა იმ გარემოს პრეროგატივაა, სადაც ბავშვი დროის ნებისმიერ მონაკვეთს ატარებს.
რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა და პედაგოგებმა?
პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის, რომ პედაგოგებმა და აღმზრდელებმა, რომლებიც ბავშვებთან დღის საკმაოდ მნიშვნელოვან დროს ატარებენ, იცოდნენ ბავშვის ფსიქოპათოლოგია, მინიმუმ იმ დონემდე, რომ შეძლონ სიმპტომების გამორჩევა, რადგან იმ შემთხვევაში თუ ვერ დაეხმარებიან აღსაზრდელებს მოახდინონ დროული და სწორი გადამისამართება პროფესიონალთან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღსაზრდელისათვის შევარჩიოთ მშვიდი და ჯანსაღი გარემო (იქნება ეს ბაღი თუ სკოლა). აუცილებელია, როდესაც მშობელი შენიშნავს, რომ ბავშვი ვერ/არ ვითარდება ასაკის შესაბამისი კრიტერიუმებით, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და მიმართოს სპეციალისტს – იქნება ეს ბავშვთა ფსიქოლოგი, თერაპევტი თუ სხვა, რათა მიიღოს ზუსტი რეკომენდაციები, რაც დაეხმარება მას მაქსიმალურად ჩაერთოს თერაპიულ პროცესებში. არასწორია, როდესაც პრობლემა არ არის აღიარებული და გათავისებული, ხშირად მშობლებმა არ იციან რას ნიშნავს „აუტისტური სპექტრი“ და, ცხადია, აქედან გამომდინარე არ იციან, როგორ იმუშაონ, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მათი ინფორმირებულობა.
გვესაუბრეთ, როგორ დავეხმაროთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს გაიუმჯობესონ უნარები ?
მნიშვნელოვანია გადამისამართება შესაბამის გარემოსთან, როგორიცაა ცენტრები, რომლებიც სპეციფიკურად მუშაობენ ბავშვებთან, ასევე ბავშვთა ფსიქოლოგებთან, რომელთაც აქვთ საკმაოდ დიდი და პროდუქტიული გამოცდილება ამ რაკურსით.
როდესაც აუტისტურ სპექტრთან გვაქვს საქმე ხშირია ჩაკეტილობა, სოციალური ურთიერთობების დეფიციტი, ამიტომ მნიშვნელოვანია ბავშვი ვატაროთ ბაღში, სადაც დღის საკმაოდ დიდ დროს გაატარებს და ექნება ურთიერთობა თანატოლებთან. ცხადია პირველ ეტაპზე დასჭირდება ბავშვს დახმარება, როგორც აღმზრდელებისგან ასევე ფსიქოლოგისგან, რომ ადაპტირდეს ჯანსაღად გარემოსთან და დაეხმარონ ბავშვებთან სრულფასოვან კომუნიკაციაში. ბაღის პარალელურად აუცილებელია ბავშვმა იაროს სხვადასხვა თერაპიებზე, რა თქმა უნდა, საჭიროებიდან გამომდინარე.
დაბოლოს, იმისათვის, რომ ბავშვებს გავუუმჯობესოთ და განვუვითაროთ უნარ-ჩვევები, მნიშვნელოვანია მათთან უწყვეტი თერაპია, სადაც წამყვანი როლი მშობელმა უნდა ითამაშოს მისი მაქსიმალური ჩართულობით.