პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი, პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოკონსულტანტი მედეა გელდიაშვილი.
ოჯახი არის პირველი სოციალური ურთიერთობების გამოცდილება ბავშვის ცხოვრებაში. სივრცე, სადაც ვითარდება, როგორც ფიზიკურად ასევე მენტალურად, ითვისებს ახალ უნარებს, სავსეა მისი ყოველდღიურობა საინტერესო გამოცდილებებით. იგი შეიმეცნებს, როგორც სამყაროში არსებულ მოვლენებს, ასევე საკუთარ თავს. ბავშვს უწევს გადაამუშაოს უამრავი ახალი შთაბეჭდილება, ინფორმაცია, საგნის ნიშან-თვისებები.
პოზიტიურ და ტრანსკულტურალურ ფსიქოთერაპიაში მიიჩნევა, რომ ადამიანი იბადება ორი ბაზისური მოთხოვნილებითა და უნარით, ესენია – შემეცნება და სიყვარული. შემეცნების უნარი მოიაზრებს სწრაფვას შეიმეცნოს ბავშვმა სამყარო, საკუთარი თავი, ირგვლივ მყოფები. ასე ვთქვათ თავდაუზოგავად შრომობს ამისთვის. სიყვარულის მოთხოვნილება კი გულისხმობს მზრუნველობის საჭიროებას, ემოციურ ჩართულობას, უყვარდეს და უყვარდეთ ის, ეკონტაქტებოდნენ და ამჩნევდნენ მის იმპულსებს. ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ამ ორი მოთხოვნილების ჯანსაღი დაკმაყოფილება არ ხდება. შესაძლოა ბავშვის ირგვლივ არსებობდეს უამრავი წესი, ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელიც იმოქმედებს შემეცნების მოთხოვნილების ადეკვატურ დაკმაყოფილებაზე, ან არასაკმარის ემოციურ უკუკავშირს იღებდეს მზრუნველისაგან. ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო პირობითი ხდება დამოკიდებულება. მაგალითად, მშობელმა სიყვარული შესაძლოა გასცეს კარგი ქცევისათვის, დამჯერობისთვის, მაღალი შეფასებისთვის და სხვა. თითქოს სულ უფრო მეტი ძალისხმევის გამოჩენა სჭირდება მოზარდს, რომ დაიმსახუროს ემოციური მიმღებლობა და აღიარება. რაც, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს უპირობო მიმღებლობასა და მხარდაჭერას. ეს არის ერთგვარი ინფორმაცია, თუ რაზე შეიძლება გასცემდე სიყვარულს, რა შეიძლება იყოს ურთიერთობაში პრიორიტეტული. ზრდასრულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი კავშირები იჩენს ხოლმე თავს სწორედ ბავშვობის ამ გამოცდილებასთან.
როგორი დამოკიდებულება ექნება ადამიანს საკუთარი თავისადმი თუ სამყაროსადმი დიდწილად განსაზღვრავს ოჯახი, ახლო ურთიერთობები, ადრეული გამოცდილებები. ბავშვი ყოველთვის აკვირდება, როგორ ეპყრობიან გარშემომყოფები ერთმანეთს, თავად მას, როგორი კომუნიკაციის სტილია დამკვიდრებული, როგორ ურთიერთობენ რთულ სიტუაციებში უფროსები და საერთოდ როგორ წყვეტენ ყოველდღიურ საკითხებს, როგორი ფორმით. ეს ერთგვარი პროგრამაა, რომელსაც შემდგომ მოზარდობასა და ზრდასრულობაში ადამიანი გაუცნობიერებლად მიჰყვება, სანამ არ მოხდება გადაფასება, საკუთარი რეალური რესურსებისა და მოთხოვნილებების აღმოჩენა, რომელზეც წვდომა ხშირად დაკარგულია ოჯახის, კულტურისა და საზოგადოების გავლენით.
ადრეულ წლებში ადამიანი იღებს უამრავ ვერბალურ და არავერბალურ ინფორმაციას და ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია. როგორი მაგალითები აქვს გარშემო, რაზე იღებს წახალისებასა და დასჯას, გავლენას ახდენს მის ემოციურ განვითარებაზე, თვითშეფასებაზე, ურთიერთობებზე. რაც უფრო დამოუკიდებელი სივრცე აქვს მას, რომ გამოცადოს საკუთარი უნიკალური უნარები ცდისა და შეცდომის გზით, მით უფრო ჯანსაღად ვითარდება პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის უნარი, რაც შემდგომი სოციალური ცხოვრებისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია.