Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ “გამმას” ფსიქოლოგი, აკადემიური თერაპევტი და ინტელექტუალური შესაძლებლობის შეზღუდვის გუნდის წევრი ნინო არაჩემია. 

გვესაუბრეთ, რას გულისხმობს ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვა და რა სოციალური სირთულეები ხვდებათ სასკოლო გარემოში ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვის მქონე ბავშვებს? 

ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვა  წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის, რადგან ბავშვებში მისი პრევალენტობა (გავრცელება) 2-3%-ია, რაც ნიშნავს, რომ ყოველი 35 ბავშვიდან 1-ს ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვა აქვს. 

ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვა არის ნეირობიოლოგიური დარღვევა, რომლის ნიშნებიც გამოვლინდება ადრეულ ასაკში და მთელი ცხოვრების მანძილზე გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ განვითარებაზე, გარემოსთან ადაპტაციის პროცესსა და ჩვევების ჩამოყალიბებაზე. 

ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვა გულისხმობს ინტელექტუალური და ადაპტიური ფუნქციონირების დეფიციტს კონცეპტუალურ, სოციალურ და პრაქტიკულ სფეროებში:

კონცეპტუალური (აკადემიური) სფერო – გულისხმობს მეხსიერებას, ენას, კითხვას, წერას, მათემატიკურ აზროვნებას, პრაქტიკული ცოდნის მიღებას, პრობლემების გადაჭრას და ახალ სიტუაციებზე მსჯელობას. 

სოციალური სფერო – მოიცავს სხვა ადამიანების აზრების, გრძნობების და განცდების გაცნობიერებას, თანაგანცდას, ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარებს, მეგობრობის შესაძლებლობას.

პრაქტიკული სფერო – მოიცავს სწავლებასა და თვითკონტროლს, ზრუნვას, სამუშაო პასუხისმგებლობას, ფულის გამოყენებას, დასვენებას, საკუთარი ქცევის თვითრეგულაციას, ასევე სასკოლო და სამუშაო დავალებების შესრულების ორგანიზებას. 

ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვის ნიშნები DSM-V-ის (Diagnostic and Statistical Manual Of Mental Disorders fifth edition.2013) მიხედვით განიმარტება როგორც:

ზოგადი გონებრივი შესაძლებლობების დეფიციტი (მსჯელობა, პრობლემის გადაჭრა, დაგეგმვა, აბსტრაქტული აზროვნება, განსჯა, გამოცდილებაზე და ინსტრუქციაზე დაფუძნებული სწავლება და პრაქტიკული გაგება).

ყოველდღიური ადაპტიური ფუნქციონირების დარღვევა, პიროვნების ასაკთან, სქესთან და სოციო-კულტურულ ნორმასთან შედარებით. ადაპტიური ფუნქციონირება მოიცავს ადაპტიურ აზროვნებას კონცეპტუალურ, სოციალურ და პრაქტიკულ სფეროებში.

ინტელექტუალური და ადაპტიური დეფიციტი წარმოდგენილია მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

როგორ შეიძლება გამოვლინდეს ინტელექტუალური შეზღუდვის სირთულეები? 

ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვის შემთხვევაში სირთულეები შეიძლება გამოვლინდეს: სოციალური მსჯელობისას, რისკის შეფასებისას, ქცევის თვითრეგულაციაში, ემოციებსა და ინტერპერსონალური ურთიერთობებში. 

კოგნიტური და კომუნიკაციური სირთულეების გამო ბავშვებს უჭირთ სოციალური ინტერაქცია. ისინი გვიან და რთულად ითვისებენ სოციალურ ჩვევებს: როგორ უნდა მოიქცნენ ოჯახში, სასკოლო გარემოში, საზოგადოებრივ ადგილებში. ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვის მქონე ბავშვებს, საკუთარ ასაკთან შედარებით, ნაკლებად განვითარებული სოციალური უნარები აქვთ. 

როგორ გამოიხატება სასკოლო გარემოში ეს სირთულეები

სასკოლო გარემოში ბავშვებს შეიძლება გაუჭირდეთ თანაკლასელებისა და მასწავლებლების აზრების, გრძნობების და განცდების გაცნობიერება. ასევე, მათთვის შესაძლოა სირთულეს  წარმოადგენდეს ინტერპერსონალური კომუნიკაციის დამყარება და მეგობრების შეძენა.

ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვის მქონე ბავშვებისთვის რთულია სოციალიზაცია, ამიტომ მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარებათ მოსწავლეებს სოციალიზაციის უნარის განვითარებაში:

• მიეცით მოსწავლეებს თანატოლებთან სწავლის და მათთან კომუნიკაციაში ჩართვის ხშირი შესაძლებლობები.

• მნიშვნელოვანია მოსწავლის ჩართვა ჯგუფურ აქტივობებში და სკოლაში არსებულ მოსწავლეთა კლუბებში/წრეებში.

• მიეცით ინსტრუქცია ყოველდღიურ სოციალურ უნარებზე.

• ასწავლეთ სოციალური უნარები, როგორიცაა მორიგეობა, სოციალური დისტანცია.

• დაყავით სოციალური უნარები არავერბალურ და ვერბალურ კომპონენტებად. 

• მიეცით ხშირი შესაძლებლობები უნარები გამოიყენონ პრაქტიკულად როლური თამაშების  საშუალებით.

• მიეცით შესაძლებლობა გამოიყენოს შეძენილი უნარები სხვადასხვა გარემოში.

• მიეცით მოსწავლეებს ერთმანეთთან უშუალო ურთიერთობის  შესაძლებლობა.

• სთხოვეთ მოსწავლეებს წარმოიდგინონ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ ქცევებს სხვებზე.

• კონკრეტულად და გასაგებად აღწერეთ, რა უნდა გააკეთოს მოსწავლემ. 

• მნიშვნელოვანია ტოლერანტობისა  და მიმღებლობის მოდელირება.

• მიეცით შესაძლებლობა მოსწავლეს, აიღოს პასუხისმგებლობა, მაგ.:  დაარიგოს რვეულები.

• ასწავლეთ სხვა მოსწავლეებს, ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვის მქონე ბავშვის მიერ ყურადღების მიქცევისთვის გამოყენებული არასათანადო ქცევის იგნორირება.

• სთხოვეთ სხვა მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ კარგი სოციალური უნარები, თანატოლების ტუტორები იყვნენ.

• გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთმა მოსწავლემ შეიძლება უკეთ იმუშაოს მარტო.

• გაითვალისწინეთ და ყურადღებით დააკვირდით კლასში მოსწავლეთა განლაგებას. 

• თუ მოსწავლეს უნდა მიიპყროს უფროსების ან თანატოლების ყურადღება, იპოვეთ გზები მან ეს ყურადღება მიიღოს პოზიტიური ქცევით.

სოციალური ისტორიები შეიძლება გამოყენებულ იქნას სოციალური უნარების სწავლებისთვის ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვის მქონე მოსწავლეებთან. უნდა შეირჩეს ისეთი ისტორიები, სადაც კონკრეტულად არის აღწერილი სიტუაციები, სიუჟეტი კი ხაზს უსვამს სოციალურ ნიშნებს, მოვლენებსა, რეაქციებს და გვიჩვენებს, რა შეიძლება იყოს კონკრეტული ქცევის შედეგი და რატომ. სოციალური ისტორიები შეიძლება გამოყენებულ იქნას, რათა გაიზარდოს მოსწავლის მიერ სიტუაციის გაგება, უზრუნველყოს სიტუაციისთვის შესაბამისი რეაგირება. მნიშვნელოვანია სიუჟეტებში ვიზუალური მასალაც ჩართოთ. ეს ვიზუალური მასალა შეიძლება იყოს მოსწავლის მიერ შექმნილი ნახატები და ფოტოები.

 📚 გამოყენებული ლიტერატურა:

https://do2learn.com/disabilities/CharacteristicsAndStrategies/IntellectualDisability_Strategies.html

Diagnostic And Statistical Manual Of Mental Disorders, Fifth Edition, https://doi.org/10.1176/appi.books.9780890425596

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5