Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცისს” ესაუბრება ფსიქოლოგი თამუნა მახარაშვილი.

გვესაუბრეთ მოზარდობის პერიოდზე, რა ცვლილებები ხდება ამ დროს მოზარდში და რასთან უწევს გამკლავება მას ?

მოზარდობა არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ფაზა ადამიანის ცხოვრებაში. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ფიზიკური და ფსიქიკური ცვლილებები ურთიერთდაკავშირებულია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სოციალურ განვითარებაზეც.  კერძოდ, თავის ტვინში მიმდინარე პროცესები ცვლის მოზარდის შემეცნებით და სოციალურ-ემოციურ უნარებს. ერთი მხრივ, ვითარდება აბსტრაქტული აზროვნება, კრიტიკული მსჯელობისა და პრობლემის მრავალმხრივი განსჯის უნარი,  ხოლო მეორე მხრივ იზრდება ემოციების აღქმის ინტენსივობა, მოზარდი ხდება მეტად იმპულსური, მასში იზრდება  დაძაბულობის განცდა და მუდმივად ეძებს მძაფრ შეგრძნებებს ამ დაძაბულობის გამოსათავისუფლებლად. 

გარდატეხის ასაკი გარკვეულ სხეულებრივ ცვლილებებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა  მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება, ძვლებისა და კუნთების არაპროპორციული ზრდა, აკნესადმი მიდრეკილება. ამას ემატება სხვების მხრიდან შეფასების გადამეტებული მნიშვნელობა, რაც მთლიანობაში უარყოფითად აისახება მოზარდის თვითშეფასებაზე. 

რა არის მნიშვნელოვანი რომ გავითვალისწინოთ მათთან ურთიერთობისას?

დავიწყოთ იმით, რომ მოზარდი აღარ არის ბავშვი, შესაბამისად მასთან ურთიერთობის სტილი  და მიდგომა შესაცვლელია. სამყაროს რომ მისი პოზიციიდან შევხედოთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ პერიოდში ის ორ უმნიშვნელოვანეს ამოცანას ეჭიდება – ესენია თვითიდენტობის ჩამოყალიბება და მშობლებისგან გამოყოფა  დამოუკიდებლობის მოთხოვნის მიზნით.  თვითგამორკვევა საკმაოდ მტკივნეული პროცესია. მოზარდი აერთიანებს ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ, ეძებს პასუხს კითხვებზე: ვინ ვარ? როგორი ვარ? რა როლი მაქვს საზოგადოებაში? მიღებული და აღიარებული ვარ?  თვითგამორკვევის ამ პროცესში ის მიმართავს ექსპერიმენტებს, ირგებს როლებს, ცდის სხვადასხვა შეგრძნებებს, კრიტიკა შეაქვს მანამდე არსებულ წესებში, ღირებულებებში, ავტორიტეტებში და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში გარშემომყოფებისგან ის იღებდეს მხარდაჭერას. სასურველია, გარემო აძლევდეს მოზარდს თვითგამოხატვის, გადაწყვეტილების მიღების, ექსპერიმენტების შესაძლებლობას და სთავაზობდეს საკუთარი თავის გამოცდის უსაფრთხო გზებს.  

მოზარდობისთვის დამახასიათებელია წინააღმდეგობრიობა. მოზარდი შეიძლება წინააღმდეგობას წევდეს, არა განსხვავებული ხედვის, არამედ წინააღმდეგობის გაწევის სურვილის გამო, რაც მისთვის ერთგვარი დამოუკიდებლობის დატესტვაა. შესაბამისად, მიზანშეწონილია მასთან ურთიერთობის  მოქნილი მიდგომა, მკაცრი კონტროლის თანამშრომლობითი კომუნიკაციით ჩანაცვლება. ამით შევამცირებთ  მის  სარისკო ქცევებში ჩართვის ალბათობას.  

გარშემომყოფებისგან პატივისცემა, ქცევის და არა პიროვნების შეფასება, მხარდაჭერა და თანამშრომლობა არის მოზარდის პიროვნული ზრდისა და მასთან დადებითი კომუნიკაციის უალტერნატივო საშუალება.