Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის”  ესაუბრება მ. იაშვილის  სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ბავშვთა კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი მირანდა შერვაშიძე. 

სპორტი და ვარჯიში შესანიშნავი საშუალებაა ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, რომ ისწავლონ ახალი უნარები, წესები და წესრიგი, დისციპლინა და მისი დაცვა,  თავშეკავება, შეინარჩუნონ ფორმა. იქნება ეს საბრძოლო ხელოვნების კლუბი, ციგურების გაკვეთილი, ფეხბურთი თუ კალათბურთი. სპორტი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ნაწილი ზრდისა და უფრო მეტი დამოუკიდებლობის სწავლისთვის. სადაც არ უნდა იყვნენ ბავშვები და ახალგაზრდები, მნიშვნელოვანია, რომ იყვნენ უსაფრთხო და ბედნიერები, გარდა ამისა, გუნდური სპორტის სახეობები იძლევა სოციალიზაციის, მეგობრებისა და გუნდური მუშაობის მნიშვნელობის შესწავლას.

რა სახის სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს ბავშვმა, სანამ სპორტით დაკავდება და რა არის ამ შემოწმების მიზანი? 

სამედიცინო შემოწმების მიზანი არის პოტენციური დაავადებების ან დარღვევების გამოვლენა, რათა  უსაფრთხო გახდეს ფიზიკური დატვირთვა.

ძალიან მნიშვნელოვანია გამოკვლეული იქნეს   მხედველობა, ძვალ-სახსროვანი სისტემა, ნერვული სისტემა, ალერგიული დაავადებები… როგორც კარდიოლოგი, დღეს ყურადღებას გავამახვილებ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებზე და ეს ეხება უეცარ სიკვდილს.

რა არის უეცარი კარდიალური სიკვდილი  ახალგაზრდა სპორტსმენში? რამდენად გავრცელებულია უეცარი კარდიალური სიკვდილი   ახალგაზრდა სპორტსმენებში?

უეცარი კარდიალური  სიკვდილი ახალგაზრდა სპორტსმენებში ძალიან იშვიათია. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საქართველოს სტატისტიკური მონაცემები. 

აშშ-ში   ყოველწლიურად დაახლოებით 100  SCD შემთხვევა ფიქსირდება საშუალო სკოლის სპორტსმენებში. NCAA-ის  კვლევებით, უეცარი კარდიალური  სიკვდილის (SCD) სიხშირეზე დაახლოებით 1:200,000 სპორტსმენებში  წელიწადში აშშ-ში. (Athlete participation statistics from the National Federation of State High School Associations and the National Collegiate Athletic Association (NCAA) were used to calculate incidence rates per athlete-years (AY)

კვლევა აჩვენებს, რომ მთავარი მიზეზი არის გულის რითმის დარღვევა, როგორიცაა გახანგრძლივებული QT ინტერვალი და მოკლე QT სინდრომი, ბრუგადას სინდრომი, WPW სინდრომი, იონური ჩენელოპათიები.

ყოველივე ეს დიაგნოსტირდება ეკგ კვლევაზე, ეს არაინვაზიური, მარტივი და თანაც იაფი კვლევაა!

ორი რამ უნდა ვიცოდეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე – როგორია  რიტმი და გულის ანატომია.

უეცარი სიკვდილის ყველაზე გავრცელებულ მიზეზს   სპორტსმენებში ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია (HCM) წარმოადგენს. ამ დროს გულის კუნთი არანორმალურად გასქელებულია და ვეღარ ასრულებს ტუმბოს ფუნქციას.

მეორე მიზეზი არის თანდაყოლილი კორონარული არტერიების  ანომალიური გამოსვლა.

ეს ნიშნავს, რომ  უმნიშვნელოვანესი  კორონარული არტერია  პათოლოგიურად უკავშირდება მთავარ სისხლძარღვს – აორტას.

მრავალ მიზეზთაგან ერთ-ერთი არის სარქვლოვანი პათოლოგია, მაგ. თანდაყოლილი აორტული სტენოზი,  მირტალური სარქვლის პროლაფსი.

ასევე, მარფანის სინდრომი და შედეგად მიღებული აორტის დისექცია ყველაზე გავრცელებულია მამრობითი სქესის კალათბურთელებში.

მთავარი, რაც უნდა უზრუნველვყოთ, ეს არის უსაფრთხო სპორტული აქტივობა, ვინაიდან ეს დაავადებები, რომლებიც აღვნიშნეთ, არის უსიმპტომო – კომპენსირებული – და შესაძლოა გამოვლინდეს მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში. სკრინინგი, ოჯახის ისტორია უნდა გადაიხედოს  ყოველწლიურად ექიმის მიერ, რათა თავიდან იქნას აცილებული  ტრაგიკული გამოსავალი.

ამდენად, პროფილაქტიკური ელექტროკარდიოგრაფია  და გულის ულტრასონოგრაფია – ერთხელ მაინც, ძალიან მნიშვნელოვანია – ჩვენი შვილების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის! 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5