Skip to content Skip to sidebar Skip to footer

არის თუ არა მნიშვნელოვანი საკუთარი ფიზიკური თუ ფსიქიკური ლიმიტების გაცნობიერება მშობლობაში და შეიძლება თუ არა გადაწვამ/უკიდურესმა გადაღლილობამ გამოიწვიოს დეპრესია? მშობლობის სტრესის მართვაზე პლატფორმას დედამ იცისესაუბრება ფსიქოლოგი მეგი საჯაია.

რა უნდა ვიცოდეთ მშობლებმა მშობლობის სტრესის შესახებ და რატომ არის მნიშვნელოვანი საკუთარი ფიზიკური თუ ფსიქიკური ენერგიის ლიმიტების გაცნობიერება?

აუცილებელია ყველა ადამიანს  ჰქონდეს ინფორმაცია საკუთარი შესაძლებლობებისა და რესურსების  შესახებ.  სასურველია დაწესდეს შესაძლებლობების საზღვრები/ლიმიტები. ეს პირობითი საზღვრები არის ის, რასაც  ადამიანი უწესებს საკუთარ თავს, იმისთვის რომ ფიზიკურად/მენტალურად კარგად იგრძნოს თავი. მარტივად, ლიმიტი – ეს არის ის, რისი გაკეთებაც მე შემიძლია. ლიმიტს იქეთ ყველა ქმედება, ჩემი შესაძლებლობების მიღმაა. პირობითად ადამიანს შეუძლია დღის მანძილზე იმუშაოს 8 საათი, 9 ან 10 საათი უკვე ლიმიტს მიღმაა და აუცილებლად მოახდენს უარყოფით გავლენას.  ლიმიტის დაწესება  საჭირო არის იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს ჯანსაღი ფუნქციონირება. 

თუ მხოლოდ ერთი მშობელი აიღებს საკუთარ თავზე ყველაფერს, პასუხისმგებლობებს არ გადაანაწილებს, ყოველდღე მოსთხოვს საკუთარ თავს, რომ ყველაფერი ჰქონდეს იდეალურად და იმაზე მეტი გააკეთოს, ვიდრე ფიზიკურად შეუძლია, თავისი ლიმიტიდან გამომდინარე, აუცილებლად დადგება სირთულეების წინაშე. თუ ადამიანს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ,  როგორ უნდა გადაანაწილოს აქტივობები, რა იქნებოდა სწორი, რომ გაეკეთებინა, რისთვის შეუძლია დრო მისცეს საკუთარ თავს, რა უფრო უკეთ გამოსდის და ა.შ. ეს ქმნის პრობლემას, შფოთვას.  ადამიანი ფიქრობს, რომ ყველაფერს აკეთებს იდეალურად და ყველაფერს იღებს საკუთარ თავზე, არადა პირიქით, ამ დროს რისკის ქვეშაა მისი  მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა. 

მნიშვნელოვანია დედებმა გაითვალისწინონ, რომ წარმოუდგენელია საკუთარ თავს მოსთხოვო, ყველაფერში იყო იდეალური და ყველაფერი ზედმიწევნით კარგად შეასრულო. ასევე წარმოუდგენელია, რომ 24 საათის რეჟიმში კონცენტრირებული  და მომართული იყო იმაზე, რომ რაღაც გააკეთო. ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე ფოკუსირება და დასვენება.

როგორ უნდა მივხვდეთ, რა არის ჩვენი ლიმიტი, რადგან ზოგიერთ ადამიანს განუწყვეტლივ შეუძლია ფიზიკური საქმიანობა და საოფისე საქმიანობის შესრულება? 

ადამიანმა, პირველ რიგში, უნდა მოუსმინოს საკუთარ თავს და დაფიქრდეს იმაზე, თუ  რისი გაკეთება შეუძლია სიამოვნებით. ის იქამდე ასრულებს სიამოვნებით ნებისმიერ აქტივობას, სანამ არ ექმნება პრობლემა, არ იზღუდება, არ იწვევს დაღლილობას მისი საქმიანობა. ხშირად  დგება გადაწვის (Burnout) მომენტი, რომელიც თანამედროვე მსოფლიოსთვის ნაცნობია. ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელი პირველი ნიშანი არის შფოთვა, გამუდმებული ღელვა. ადამიანი  ვერ მშვიდდება, აქვს დაღლილობის შეგრძნება, კონცენტრირების სირთულე, კუნთური დაძაბულობა. 

ხშირად ადამიანს უნდა იყოს კარგი მშობელი, და ეს არ გამოდის, იმიტომ რომ მან საკუთარ  ლიმიტებს გადააჭარბა და იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე  შეუძლია და ვიდრე საჭიროა, ეს საფრთხეს უქმნის მის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას. შესაძლოა გაუარესდეს თვითშეფასების ხარისხი.  

რეკომენდაციები

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ საკუთარ თავს მოვუსმინოთ. საკუთარ თავთან ჰარმონია მიიღწევა მაშინ, როდესაც ადამიანს ესმის საკუთარი თავის და ემოციების. თან უნდა იცოდეს საკუთარი საზღვრები, რომ ამ საზღვრებში გამოიყენოს საკუთარი რესურსები იყოს აქტიური და არ მოსთხოვოს მაქსიმუმი, რესურსებს მიღმა. აუცილებელია ადამიანმა იცოდეს როგორ შეისვენოს, როგორ იფიქროს საკუთარ თავზე, ჰქონდეს თერაპიული მომენტები, გამონახოს დრო, არა მხოლოდ ბავშვისთვის, საკუთარი თავისთვისაც, შეისწავლოს საკუთარი რესურსები, ინტერესები და აქედან გამომდინარე იმოქმედოს და ააწყოს მშობლობა. მისცეს საკუთარ თავს იმის უფლება, რომ შეჩერდეს, გააცნობიეროს „აქ და ახლა“ რა ხდება მის ირგვლივ. არ არსებობს გაწერილი რეცეპტები, ადამიანმა თვითონ უნდა მოირგოს, ის რაც მისთვის საინტერესოა, მნიშვნელოვანი და მისი კარგად ყოფნისთვის მისაღები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კარგად ყოფნის ამომავალი წერტილი არის საკუთარი თავის კარგად გაცნობა და საკუთარი სურვილების მოსმენა.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5