Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცისს” ესაუბრება ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე.

როგორია საკმარისად კარგი მშობელი, აღზრდის რომელ სტილს იყენებს მშობელი ამ დროს და როგორ აღწევს წარმატებას ამ პროცესში?

საკმარისად კარგი მშობელი  ნიშნავს მშობელს, რომელიც ითვალისწინებს ბავშვის ინტერესებს და შეუძლია აღიაროს, რომ რაღაცები ეშლება. საკმარისად კარგი დედაც და საკმარისად კარგი მამაც არის ადამიანი, რომელიც თავიდანვე საკუთარ ქმედებებს და საკუთარ როლს, როგორც მშობელი, კრიტიკულად აფასებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ის კი არ იბრძვის იდეალებისთვის, არამედ ცდილობს საკუთარი თავი და შვილის მთელი ცხოვრებისეული ტრაექტორია მოაქციოს გარკვეულ ჩარჩოებში, არამედ კითხვებს სვამს, რომ რასაც აკეთებს მართლა მოიტანს თუ არა დადებით შედეგს და პირიქით, ხომ არ აწყენს, ხომ არ ავნებს მის შვილს, რა უნდა მის შვილს. საკმარისად კარგი მშობელი არის მშობელი, რომელსაც შეუძლია აუხსნას რომ შეიძლება ბავშვს ყველაფერი არ ჰქონდეს, მაგრამ ჰქონდეს მთავარი: უსაფრთხოების განცდა მშობელთან ურთიერთობაში, ღირსების განცდა მშობელთან ურთიერთობაში,საკუთარი თავის პატივისცემა და გრძნობდეს, რომ მშობელი მას სცემს პატივს, მიუხედავად მისი ასაკისა და ჰქონდეს იმის სივრცე, სადაც შეეძლება საკუთარი თავი გამოხატოს და იყოს რეალიზებული ისეთი, როგორიც არის, იყოს მიღებული ისეთი, როგორიც არის; ახლა ვსაუბრობ მშობლობის თითქოს მარტივ ნიუანსებზე, მაგრამ რაც ჩამოვთვალე, არის ყველაზე რთული შესასრულებელი და მისაღწევი. მშობლობის და დედობის იდეალისტურ პერსპექტივაში, ეს  ნიუანსები ხშირად  სრულიად წაშლილია.

თუ მშობელი შვილს უყურებს ასე, რომ ის უნდა იყოს “ასეთი ან ისეთი”, მაშინ ის უყურებს მას, როგორც მისი არარეალიზებული მიზნების შესაძლებლობას მასში, ხშირად ასეთ დროს ბავშვს  არც კი ვეკითხებით მისიც არის თუ არა ეს სურვილები, მისიც არის თუ არა ეს მიზნები და იქნებ სულ სხვა რაღაცაა მისი სურვილი და მიზანი, მაგრამ ხშირად მიგვყავს ის ცეკვაზე, ისე რომ არ ვეკითხებით რეალურად რა უნდა მას. კითხვის დასმა, კონტაქტში ყოფნა ბავშვთან და მთავარი ნაწილი ამ ურთიერთობისა ისაა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ბავშვს არ ეშინია მშობლის და შეიძლება უთხრას მას, რომ შეეშალა. როდესაც მშობელი ცდილობს იყოს იდეალური, ის გამორიცხავს, რომ რაღაც ეშლებოდეს  და მის შვილსაც ართმევს შეცდომის დაშვების უფლებას, შედეგად  ბავშვს ეშინია შეცდომის და ამ შეცდომის მშობელთან აღიარების. შემდეგ იწყება ყველაზე მძიმე ნაწილი, რადგან ბავშვები ყველაზე რთულ სიტუაციებში იმიტომ ვარდებიან, რომ დროულად ვერ ხდება მშობელთან ამ პატარა საწყისი პრობლემის განხილვა და ეს პრობლემა უფრო მეტად რთულდება. ყველაზე მეტად მშობლებს ეშინიათ ბოდიშის მოხდის, შვილებთან იმის აღიარება, რომ რაღაც არ იციან და ამ დროს ჩვენ შვილებს მაგალითს ვაძლევთ, რომ ნორმალურია რაღაც არ იცოდეს და ეს არის ის სივრცე, რომელიც გაძლევს შანსს, რომ ნაბიჯი წინ გადადგა, თუ რაღაც არ იცი გაქვს შანსი, რომ ისწავლო. “არ ვიცი”, “მოდი, ერთად გავარკვიოთ”,”მოდი, ვიმსჯელოთ”, “იცი რა, მეც რაღაცა მეშლება და ზოგჯერ არასწორი ვარ” – ასეთია ბავშვთან საუბრის სწორი ფორმა. ბავშვის  დასჯის ან გაწყრომის შემთხვევაშიც  იდეალისტური პერსპექტივა გვიშლის ხელს და გვიჭირს  ჩვენი ემოციები ვაჩვენოთ ბავშვს, მაგრამ ასეთ დროს სასურველია, მას ვუთხრათ, რომ არ   მოგვწონს მისი დასჯა, მკაცრი მოპყრობა და გვირჩევნია ურთიერთობის სხვანაირი სტილი გვქონდეს. როდესაც “საკმარისად კარგი მშობლის” ფუნქციას იღებ, მაშინ შეგიძლია შვილს მარტივად უთხრა, რომ მისი საქციელი არ მოგწონს, ასეთი მიდგომით მის ღირსებას არ შელახავ, არამედ ცუდ საქციელზე აკეთებ ორიენტირს. “ის რაც შენ გააკეთე, იყო ძალიან მიუღებელი და ამის გამო, რაღაც სასჯელი დაგეკისრება  გარკვეული დროით.”- შეგვიძლია ასეც ვუთხრათ. ამ დროს “სასჯელი” არ უნდა იყოს შეუსაბამო იმ დანაშაულთან, რომელიც ბავშვმა ჩაიდინა. ემოციური ნაწილია, როდესაც ბავშვის დასჯისას ჩვენ მას ვეუბნებით, რომ არ გვსიამოვნებს ამის გაკეთება, რომ განვიცდით ამას და ეს ურთიერთობის ძალიან ემოციური, ჰუმანური, მეგობრული და თანასწორი ნაწილია. მშობლებს ხშირად ეშინიათ და ფიქრობენ, რომ ბავშვმა ხომ უნდა იცოდეს, რომ ის ავტორიტეტია, რომ უფროსია და უკეთესად იცის და ამისთვის უნდა იყოს ვერტიკალური ურთიერთობები. სხვადასხვა აღზრდის სტილი არსებობს, ვიღაც ავტორიტარულ სტილს ირჩევს, ვიღაც დემოკრატიულს, მაგრამ რომ შევხედოთ მშობლის და შვილის ურთიერთობას, ეს სხვადასხვა როლები პერმანენტულად იცვლება. ზოგჯერ შეიძლება მშობელი იყოს დემოკრატიულ სტილში, ზოგჯერ გადავიდეს ავტორიტარულ სტილზე და ისევ დაბრუნდეს დემოკრატიულზე. სულ ერთი აღზრდის სტილი ძალიან ძნელი შესანარჩუნებელია და სიტუაციებიც და საკითხებიც იცვლება, მაგრამ მთავარი არის შვილთან კონტაქტში ყოფნა და ეს მშობლებს ხშირად ჰგონიათ ერთ სივრცეში ყოფნა.

რას ნიშნავს კონტაქტში ყოფნა შვილთან, რაში გამოიხატება ეს?

ერთ ოთახში, ერთ სახლში ყოფნა 24 საათის განმავლობაში არ ნიშნავს კონტაქტში ყოფნას. კონტაქტში ყოფნა გულისხმობს მშობელი ესაუბრებოდეს ბავშვს და დაანახოს საკუთარი თავი. “მოდი, ჭამე”, “მიდი, ხელი დაიბანე”, “მიდი, იმეცადინე”, ეს არ არის კონტაქტი, ეს არის მითითებები. კონტაქტი არის, როდესაც ბავშვსა და მშობელს შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთობა, ერთმანეთისთვის რაღაცების მოყოლა, პირველ რიგში საკუთარი ემოციების და განცდების გაზიარება, რაც სამწუხაროდ, ძალიან იშვიათად ხდება. ყველაზე დიდი საჭიროება ბავშვისთვის ეს არის – ურთიერთობა და ის სწორედ ამას ითხოვს. სანამ პატარაა ბავშვი “მეთამაშეთი” ეპატიჟება მშობელს თავის ემოციურ სამყაროში და მშობელიც ასევე. „დამინახეში” კი იგულისხმება – რას გრძნობს ბავშვი, რა ასევდიანებს, რა სტკივა, რა ტიპის წიგნები ან სერიალები იზიდავს, რატომ მოსწონს ის მეგობრები, რომლებთანაც მეგობრობს, რანაირი ტანსაცმელი მოსწონს, ხშირად მშობლებს ამ კითხვებზე პასუხები არ აქვთ და ამბობენ, რომ “აი ასე იქცევა, აი ისე იქცევა”. დასკვნა ისაა, რომ ხშირად მშობელი საკუთარ შვილს არ იცნობს და შეიძლება თვლის, რომ იდეალური მშობელია და შვილს ყველაფერს უკეთებს და მართლაც შეიძლება ყველაფერს უკეთებდეს – კვებავს სრულფასოვნად, ყიდულობს ტანსაცმელს და ა.შ. ზოგი არ მუშაობს და შვილებთან მთელი დღე ერთ სივრცეშია და ამბობს, რომ ურთიერთობის დეფიციტი არ აქვთ, მთელი დღე ერთად არიან, მაგრამ შეიძლება ნახევარი საათიც კი არ ჰქონდეთ სრულფასოვანი ურთიერთობა მშობელსა და ბავშვს ერთმანეთთან. როდესაც ზრდასრული ადამიანები თერაპიაზე მოდიან ამბობენ, რომ აქვთ დაბალი თვითშეფასება, არ არიან საკუთარ თავთან კონტაქტში, არ იციან რა უნდათ რეალურად და შეიძლება გაგვიკვირდეს, რა მოუვიდა ამ ადამიანს, მაგრამ არაფერი არ მოუვიდა, მთელი ცხოვრება ასე იცხოვრა, სხვის საჭიროებებს ასრულებდა და არ ჰქონია იმის განცდა, როგორია თვითონ. პატრიარქალური სამყარო გამოყოფს ყოველთვის იდეალს დედასთან მიმართებაში და მამის როლი არის ჩაჩოჩებული. თუ ჩვენ გვინდა ჰარმონია ბავშვის სამყაროში, ორივე მშობელი  უნდა იყოს საკმარისად კარგი, საკმარისად ჩართული და ეს საერთოდ არ გულისხმობს იმას, რომ მათ შეცდომები არ უნდა დაუშვან. მშობლების შეცდომები იმდენად არ ატრავმირებთ ბავშვებს (გააჩნია შეცდომებსაც), როგორც ამ შეცდომების არაღიარება. ვატკინეთ ბავშვს და ვეუბნებით – „არა, არ გტკენია, ეგ შენს სასიკეთოდ იყო”, მაგრამ აღიარება გულისხმობს, როცა ვეუბნებით – “გატკინე, მაგრამ ძალიან ვწუხვარ”,  “ჯერ შენ ხარ მთავარი, ისეთი, როგორიც ხარ და მერე სხვა დანარჩენი” – აი ეს არის ჩემთვის იდეალური მშობელი.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5