Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ბავშვთა ფსიქიატრი და ნევროლოგი მედეა ზირაქაშვილი.

ვფიქრობ, სასკოლო ბულინგის  თემაზე მსჯელობა უნდა გასცდეს საკუთარი კონსულტირების ოთახს და ფართო საზოგადოებაში გავრცელდეს, რათა ბევრ ბავშვს, მშობელს და პედაგოგს მიეცეს სწორი ნაბიჯების დაგეგმვის შესაძლებლობა. აღმოვაჩინე, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის  საკმაოდ ბუნდოვანია, თუ რას ნიშნავს ბულინგი. წარმოუდგენიათ, რომ  მას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც ძალიან აგრესიული სახითაა წარმოდგენილი, მაგ. ფიზიკური აგრესიით, ბილწსიტყვაობით  და შედარებით მოგვიანებითი ბავშვობის ან თინეიჯერული ასაკისათვისაა მხოლოდ დამახასიათებელი, ზრდასრულობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ხოლო  ქმედებები, როგორიცაა:

– ფეხი წამოუდო და წააქცია, 

– წიგნი დაუხია,

– ნახატზე დასცინა, 

– თანაკლასელის გაკვეთილის მოყოლისას  ხმამაღლა იცინა,

– თანაკლასელს თავში წამოარტყა,

– თითის ქნევით წონაზე მიუთითა,

– დამამცირებელი სახელი ეძახა კლასის წინაშე. 

– ასეთი ფაქტები და შემთხვევები ხშირად უგულებელყოფილია გარშემომყოფების მხრიდან და, როგორც წესი, კლასელებს შორის ურთიერთობის ფორმად ყალიბდება ხოლმე, ხოლო როდესაც ფესვებგამდგარი კლასტერები: მჩაგვრელები და მსხვერპლნი ყალიბდებიან, ისინი, ვინც ამაზე არ რეაგირებდნენ, გაოცებულ სახეს მოირგებენ და იკითხავენ, “ნეტა, რატომ? ნეტა როდის? “

მე ვფიქრობ, პრობლემა ადვილად მოგვარებადია, თუ პედაგოგები და მშობლები გაერთიანდებიან და ერთობლივი ძალებით დაიწყებენ, ნაბიჯ-ნაბიჯ,  მდგომარეობის დეესკალაციას, მაგრამ შესაძლებელია მჩაგვრელი ბავშვების მშობლებისგან ხშირად გაიგონოთ მსგავსი ფრაზები:

რა მოხდა, თუ თამაშით და სიყვარულით წამოარტყა“?

რა მოხდა, თუ ხუმრობით გაიცინა რამეზე“?

„ჩემი შვილი ცელქია, თუმცა არავის არაფერს დაუშავებს, ბუზს არ ააფრენს, ის ისეთი ბავშვურია…. დედამ ენაცვალოს“…

ალბათ არავის არაფერი ექნებოდა ასეთი მშობლების საწინააღმდეგო, რადგან, ეს წამომრტყმელი, დამცინავი ბავშვები, მათი შვილები არიან და თვითონ უკეთ იციან აღზრდის როგორ მეთოდებს იყენებენ სახლში, თუმცა თუ ასეთი “დედამ ენაცვალოს” სხვის  შვილს ეხება, მარტივად რომ ვთქვათ:

  • დასცინის,
  • „შემთხვევით“ დაეჯახება და მის წიგნს მოისვრის,
  •  ან „შემთხვევით“ ხელი გაექცევა და წამოარტყამს თანაკლასელს,
  •  ან მთელი საღამოს განმავლობაში რუდუნებით დახატულ ცუგაზე, „ფუ ეს რა დაგიხატავს“ – იტყვის და  ამფსონებსაც მოიხმობს საკუთარი ხარხარის გასამყარებლად…
  • ან იქვე ძმაბიჭს წააქეზებს თვალის ჩაკვრით, რომ ნახატი უნდა დაიხეს, 
  • ან „შემთხვევით“  დავარდნილ სახატავ რვეულზე… უპს – დაებიჯება…. და ამ ყველაფერს სისტემატური სახე აქვს და უსიამოვნოა თანაკლასელებისთვის, მარტივად – ბულინგი ჰქვია და სხვა არაფერი. ხოლო ამ საქციელის გამართლება კი მასწავლებლის, ან დედიკოს მხრიდან – უბრალოდ ამ ბულინგის წახალისებაა. 

Bullying is when one or more kids are mean or hurtful to another kid over and over (ბულინგი არის, როცა ერთი ან მეტი ბავშვი გამუდმებით ვნებს ან ძალადობს სხვა ბავშვზე) – ვკითხულობთ მასწავლებლების გზამკვლევში KidsHealth in the classroom რუბრიკაში.

ძალიან საინტერესოა, რომ ასეთ ვითარებაში იკვრება მანკიერი წრე: ამ დროს ზიანდებიან: თვითონ მსხვერპლი, მსხვერპლის ოჯახის წევრები, ამ ყველაფრის შემსწრე სხვა ბავშვები – თანაკლასელები და რა თქმა უნდა მჩაგვრელიც ასევე.

 „ მსხვერპლ“ ბავშვებს უჭირთ ამ ყველაფერთან გამკლავება, რადგან საკუთარ გარემოცვაში მათ არ სჭირდებათ სხვისი დამცირებით საკუთარი თავის წარმოჩინება, მათთვის უცხოა მეგობრების დაცინვა ან უარესი ფიზიკურად გასწორება.

რას ვერ აკეთებენ მშობლები ასეთ დროს სწორად და როგორი უნდა იყოს დახმარების სტრატეგია

მშობლებმა ხშირად არ იციან, როგორ მოიქცნენ ასეთ სიტუაციებში. მაგ. მშობელმა მსგავს სიტუაციაში შესაძლოა შვილს ურჩიოს არ შეიმჩნიოს ეს სიტუაცია,  რაც ცეცხლზე ნავთის დასხმაა. პატარა ასრულებს, რასაც ეუბნებიან, მაგრამ რას იღებს სამაგიეროდ? უარესს…

არც მჩაგვრელს ულხინს – ძალაუფლებაჩაგდებული ბავშვი, რომელსაც უბრალოდ არ ასწავლეს, რომ ეს ყველაფერი ცუდია, ან მკაცრ და ძალადობრივ გარემოში გაზარდეს და უბრალოდ არ დაუტოვეს გარემოში თავის დამკვიდრების სხვა რესურსი უფროსებმა, უფრო მეტად იკრებს ძალას, შემოიკრებს ასევე სხვა ბავშვებს, რომლებსაც უბრალოდ არ უნდათ მსხვერპლის როლში ყოფნა, თუმცა შესაძლოა სულაც არ მოსწონთ, რასაც აკეთებენ და “ატამანის” წახალისებით გუნდურად იწყებენ მოქმედებას. აძლიერებენ ზეწოლას მსხვერპლზე და უმეტეს შემთხვევაში სხვებზეც. ამ დროს უმნიშვნელოვანესი როლი ეკუთვნის დედების გვერდში დგომას, საკუთარი შვილების მოსმენას, მასწავლებლის ჩართულობას და სწორ ნაბიჯებს. მთავარია, ეს ყველაფერი დედებს არ გამორჩეთ. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5