Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმასდედამ იცისესაუბრებამენტალ ჰაბისკლინიკური  ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი თამარ ფაცაცია.

ბავშვი დაკვირვებით სწავლობს და მასზე დიდ გავლენას ახდენს ის სოციალური გარემო, სადაც  იმყოფება; ასეთ დროს ის  აირეკლავს მის გარშემო არსებულ ურთიერთობებს, ქცევის წესებს და კომუნიკაციის სტილს. რა გავლენას ახდენს ბავშვზე, მის მომავალ ცხოვრებაზე მშობლების არაჯანსაღი (ჯანსაღიცსაკომუნიკაციო სტილი და დაძაბული ურთიერთობები?

დავიწყოთ არაჯანსაღი ურთიერთობის გავლენიდან და ვისაუბრებ, როგორ ჩანს მსგავსი ურთიერთობები ბავშვის გადმოსახედიდან. არაჯანსაღი ურთიერთობა ბავშვისთვის აღიქმება ასე: “დედა და მამა ხშირად ჩხუბობენ, კამათობენ და მე  ვერასოდეს მამჩნევენ, არ გამოხატავენ სითბოს ჩემს მიმართ,  არ გამოხატავენ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ და  სასიამოვნოს არაფერს  ეუბნებიან ერთმანეთს.” რა ხდება ამ შემთხვევაში? ბავშვი  ღრუბელივით ისრუტავს მის ირგვლივ  არსებულ ინფორმაციას და იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახი არის  პირველი ადგილი, სადაც სწავლას და განვითარებას იწყებს, როდესაც ის მუდმივად  ხედავს დაძაბულობასა და კამათს,  ერთმევა უსაფრთხოების განცდაც. ბავშვი ასეთ დროს შეიძლება იყოს აჟიტირებული, თავს გრძნობდეს დამნაშავედ, იყოს შეშინებული და ეს, რა თქმა უნდა,  გავლენას ახდენს მის ფსიქიკურ განვითარებაზე. როდესაც მშობლებს დაძაბული ურთიერთობა აქვთ და ხშირად ჩხუბობენ, ბავშვი შფოთავს, ნერვიულობს და განცდა აქვს, თითქოს თითის წვერებზე უნდა იაროს, რათა რომელიმე მშობელი  არ შეაწუხოს. ის ფიქრობს, რომ მშობლებს მისთვის არ სცალიათ.  მშობლები კი იმდენად არიან  აზარტში შესულები, ავიწყდებათ, რომ ბავშვი ხედავს ამ ყველაფერს და ესმის უსიამოვნო საუბრები. ჰგონიათ, ახლა თამაშობს, ან კომპიუტერთან ზის და  ვერ ამჩნევს, არ ესმის მათი ჩხუბი და კამათი;  სინამდვილეში ბავშვი ამჩნევს მშობლების კამათს, მას ესმის ყველაფერი, ის განიცდის მძიმედ, მაგრამ შესაძლოა ხმას არ იღებდეს. ასეთ გარემოში ბავშვში ძალიან ბევრი ნეგატიური ემოცია ტრიალებს. ასევე არსებობს ისეთი ურთიერთობები, სადაც კონფლიქტისა და სიყვარულის ბალანსირება ხდება, სადაც შესაძლოა მოხდეს სერიოზული კამათი და მეორე დღეს – სიყვარულის გამოვლენა. მსგავსი ურთიერთობის სტილი შესაძლოა არსებობდეს ბავშვის მიმართაც, მშობელი ხან ეჩხუბებოდეს ბავშვს, ხან სიყვარულს ავლენდეს მის მიმართ. ეს  ბავშვისთვის არის ძალიან დამაბნეველი, ვარდება ამბივალენტურ ემოციებში, ვერ ხვდება რა ხდება მის თავს, მას უჭირს განსაზღვროს, როგორ უნდა მოიქცეს, მისთვის ოჯახური ცხოვრება არის მოულოდნელობებით სავსე და არაპროგნოზირებადი.

როდესაც ბავშვი იზრდება არაჯანსაღ ურთიერთობაში, ეს მისთვის ხდება სამყაროსთან ურთიერთობის მოდელი და იქცევა მის ბუნებრივ მდგომარეობად. მას ზრდასრულობამდე მიაქვს ეს მძიმე  ტვირთი და  შესაძლოა მის რომანტიკულ ურთიერთობაშიც იგივე განმეორდეს, რადგან ასეთი ქცევა ნაცნობია, კომუნიკაცია მის აღქმაში მხოლოდ კამათის სახითაა წარმოდგენილი. მაგალითად, როდესაც ბავშვი აგრესიულად იქცევა სკოლაში, ეს შესაძლოა იყოს იმის მანიშნებელი, რომ ოჯახში რაღაც არ არის წესრიგში. 

ოჯახში არსებული დაძაბულობის გამო ბავშვმა შესაძლოა გამოავლინოს შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომები, გაუჩნდეს შიშები. ასევე შესაძლოა გაჩნდეს ფსიქოსომატური სიმპტომები, როგორიცაა თავის და მუცლის ტკივილი, უძილობა. მოზარდობის დროს ეს შეიძლება გადაიზარდოს ალკოჰოლის ავად მოხმარებაში.  ოჯახური პრობლემები ასევე გავლენას ახდენს ბავშვის თვითშეფასებაზე, შესაძლოა ჰქონდეს სირცხვილისა და დანაშაულის მუდმივად ცვალებადი გრძნობები, დომინირებს ისეთი შეგრძნებაც, თითქოს საკმარისი არ არის, რადგან არ აქვს მკაფიო და მყარი თვითხატი. ასევე ხშირია კონცენტრაციის პრობლემა. ბავშვს შესაძლოა გაუჭირდეს სწავლა, რადგან კოგნიტური უნარები დაქვეითებულია. ასევე გვხვდება კვებითი აშლილობები. ბავშვი ამ დროს ყურადღებას ითხოვს, თითქოს გვეუბნება: “ ჩვეულებრივ, თქვენი ყურადღება ვერ მივიქციე ისეთად ყოფნით, როგორიც ვარ და იქნებ ავად გახდომით, ან ცუდი ქცევით მაინც მივიქციო თქვენი ყურადღება, რომ  იზრუნოთ ჩემზე.” 

როდესაც უფროსები ბავშვის წინაშე კამათობენ და ჩხუბობენ ორივე პარტნიორი ბავშვის თვალში კარგავს ავტორიტეტს, შესაბამისად ესეც გავლენას ახდენს მშობლისა და შვილების ურთიერთობაზე. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ კამათი არის სტრუქტურული, მივდივართ რეზოლუციამდე და ხდება საკითხის  გარკვევა, ამ შემთხვევაში არ იკარგება მშობლების ავტორიტეტი.  არ არის ცუდი, რომ ბავშვი დაესწროს კონსტრუქციულ  კამათს, რადგან ასეთ დროს არ ხდება ყვირილი და ერთმანეთის შეურაცხყოფა, რადგან  ორი ადამიანი ზის და შესაძლოა ემოციურად, მაგრამ  განიხილავს რაიმე საკითხს და საბოლოო ჯამში მიდის გადაწყვეტამდე. ეს შესაძლოა ბავშვისთვის იყოს გამოცდილება და მაგალითი, როგორ  გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ პრობლემებს, რადგან  დედამ და მამამ ერთად იმსჯელეს და გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს ბავშვის თავდაჯერებულობის განვითარებას, რომ თვითონაც მიიღოს გადაწყვეტილებები. 

დადებითი ურთიერთობების და როლური მოდელის ფონზე რა ცვლილებები ხდება ბავშვში, როგორ აისახება ეს მასზე, რა ჩვევებს განიმტკიცებს, ემატება თუ არა თავდაჯერებულობა, აძლიერებს თუ არა სოციალურ უნარ-ჩვევებს ჯანსაღი ატმოსფერო ოჯახში?

როდესაც ბავშვი იზრდება ჯანსაღ გარემოში, სადაც მშობლები ერთმანეთს პატივს სცემენ, უსმენენ, არ უყვირიან, ერთად არიან ჩართული აქტივობებში, ასეთი ქცევაც ბავშვისთვის არის მაგალითი, ნაცნობი  და ცხოვრებისეულ გზაზე ის, დიდი ალბათობით, ეცდება იპოვოს  მსგავსი გარემო და ქცევის და ურთიერთობის ასეთი ფორმა გახდება მისთვის სტანდარტი. ამ შემთხვევაში, შესაძლოა ბავშვის ცხოვრების ხარისხი იყოს უფრო მაღალი, თავს გრძნობდეს უსაფრთხოდ, მიღებულად, აღიარებულად და გრძნობდეს, რომ ის უყვართ, არ გააჩნდეს დამაბრკოლებელი დანაშაულის გრძნობა და ბავშვი ლაღად  განვითარდეს, დააფიქსიროს საჭიროებები, უფრო თამამი იყოს გარემოს შემეცნებაში, ექსპერიმენტირებაში. მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანი ნაკლები ალბათობით დაუკავშირებს ცხოვრებას კონფლიქტურ პიროვნებას, ასეთი ქცევა არ არის მისთვის ნორმა, რადგან გაზრდილია ოჯახში, სადაც არის მიმღებლობა და პატივისცემა და როგორც კი აღმოჩნდება გარემოში, სადაც ამის საპირისპირო ხდება, ეს შესაძლოა იყოს მაფრთხილებელი ნიშანი, რომ ამ სიტუაციას უნდა გაეცალოს, რომ ეს არ არის ჯანსაღი. ხოლო კონფლიქტურ გარემოში გაზრდილი ბავშვისათვის მსგავსი გარემოა  ბუნებრივი, ნაცნობი და შესაძლოა არ ჩაირთოს განგაშის სიგნალი, რომელიც ეტყვის მას, რომ უნდა დატოვოს ეს გარემო. კვლევების მიხედვით, ჯანსაღ ოჯახურ გარემოში გაზრდილი ბავშვები  უფრო წარმატებულები, მოტივირებულები არიან და განშორების ნაკლებ ტენდენციას ავლენენ.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5