პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეონა ტაბატაძე.
თეონა, გვესაუბრეთ იმ ნიშნებზე, რომელმაც შეიძლება მშობელი მიახვედროს, რომ ბავშვს რკინადეფიციტური ანემია აქვს? რა ასაკში იჩენს თავს ეს პრობლემა და როგორ შევავსოთ რკინის დეფიციტის ბალანსი ბავშვებში?
საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, შრომის უნარის დაქვეითება, ადვილად დაღლა, თავის ტკივილი, გაღიზიანება, ქოშინი, გულისწასვლა, ხმაური ყურებში, კანისა და ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე, ტაქიკარდია, გემოვნების, ყნოსვის გაუკუღმართება, კუნთების ტკივილი, ძილიანობა, კანის სიმშრალე, სტომატიტი, პირის კუთხეებთან ნახეთქების გაჩენა, თმის სიმშრალე, მტვრევადობა, ცვენა; ფრჩხილების მტვრევადობა ან გათხელება; წითელი შეშუპებული მტკივნეული ენა, კბილებზე კარიესი, თანკბილვის დარღვევა, ემალის დეფექტები, სუფებრილიტეტი (მომატებელი ტემპერატურა), მუდმივი იმუნიტეტის დაქვეითება, ხშირი დაავადებები და ინფექციები, ლურჯი სკლერები – ეს არის ის სიმპტომები, რომელთაგან ერთ-ერთის გამოჩენისთანავე უნდა მივმართოთ ექიმს, რომ ჩატარდეს რკინის ანალიზი.
ბავშვთა ასაკში რკინის დეფიციტი ძირითადად გამოწვეულია ალიმენტური ანუ კვებითი ფაქტორით. როდესაც უკვე ლაბორატორიულად დიაგნოსტირებული გვაქვს რკინის დეფიციტი, მას მხოლოდ საკვებით ვეღარ შევავსებთ. ამიტომ ინიშნება მედიკამენტური მკურნალობა, რომლის ხანგრძლივობას ანალიზის მიხედვით წყვეტს ექიმი და პერიოდულად აკონტროლებს. მკურნალობა შესაძლოა იყოს ერთთვიანი, ორთვიანი, ხანდახან სამი თვეც არის ხოლმე საჭირო.
რკინადეფიციტური ანემიის პრობლემა თავს იჩენს წლამდე ასაკში და შემდეგ პუბერტატულ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობს რკინის გაზრდილი ხარჯვა ზრდისა და მომწიფების დროს. რისკ-ფაქტორებია, თუ პატარა დაბადებული არის დღენაკლი ან ტყუპი და დედას აღენიშნებოდა ანემია ორსულობის პერიოდში. ასევე ზოგადად მნიშვნელოვანია დროულად ჩაერთოს რაციონში ხორცი, ექსკლუზიურად ძუძუთი კვების დროს ეს გახლავთ რვა თვის ასაკი, ხოლო ხელოვნურ საკვებზე მყოფი ჩვილებისთვის ექვსი თვის ასაკი.
როგორც აღვნიშნეთ, მკურნალობა გახლავთ მედიკამენტური. ასევე მშობელს მკურნალობის შემდეგ ეძლევა რეკომენდაციები, თუ როგორ შეადგინოს ბავშვის დღის რაციონი რკინით მდიდარი პროდუქტებით, თუ პრობლემა იყო ალიმენტური გზით გამოწვეული, რათა მსგავს პრობლემას აღარ წავაწყდეთ. რკინით მდიდარი საკვები გახლავთ წითელი ხორცი, ძროხის ღვიძლი, კვერცხი, მარწყვი, ნუში. ცხადია სხვა საკვებშიც გახლავთ რკინა, მაგრამ ყველაზე დიდი რაოდენობის რკინას ეს პროდუქტები შეიცავენ.