პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი ლიკა კიკნაძე.
მშობლები იყენებენ ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დასჯის მეთოდებს, რათა აღკვეთონ არასასურველი ქცევა. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ვერ აცნობიერებენ უარყოფითი ქცევის გამომწვევ მიზეზებს, ხოლო ბავშვები ვერ აღიქვამენ, რატომ ისჯებიან ამა თუ იმ ქცევის გამო. ბავშვის ქცევა შეიძლება არ შეიცვალოს იმის გამო, რომ მშობლებს ავიწყდებათ აუხსნან რატომ ისჯებიან და ასწავლონ რატომ არის ესა თუ ის ქცევა მიუღებელი.
როდესაც მშობლები მიმართავენ დასჯის მეთოდებს, ისინი ხშირად ცდილობენ ბავშვს დაანახონ: “შენ არასწორად მოიქეცი – ასე ქცევა არ არის კარგი”. მაგრამ ბავშვი, რომელსაც სჯიან, ფიქრობს, რომ მშობელი მასზე გაბრაზებულია და იგი არ მოსწონს, ამ დროს ის ძირითადად გრძნობს შიშს, ბრაზს და სევდას. მან შეიძლება ასევე იგრძნოს დაბნეულობა და დაკარგოს ნდობა მშობლების მიმართ. ის, როგორც წესი, ვერ ფიქრობს იმაზე, თუ რა გააკეთა არასწორად, შესაბამისად არ ესმის რატომ დასაჯეს.
რას გრძნობს ბავშვი, როდესაც სჯიან?
მშობლები ქცევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრის მიზნით, ბავშვებს საჯარო ადგილებში სჯიან, რაც უკიდურესად დამამცირებელია მათთვის, რადგან ბავშვი განიცდის უდიდეს ფსიქოლოგიურ დისკომფორტს. ერთ-ერთი განცდა, რომელსაც დასჯის დროს გრძნობს არის სირცხვილი. ამ დროს მშობელი უნერგავს რწმენას, რომ ის „ცუდი ბავშვია“. დასჯა, რომელიც მიმართულია დამცირებაზე, სამომავლოდ უარყოფითად იმოქმედებს მშობლისა და ბავშვის ურთიერთობაზე, შედეგად მშობელი კარგავს ავტორიტეტს, ბავშვს კი აღარ უნდა დაემსგავსოს ან ასიამოვნოს მას, რაც გამოიწვევს ნეგატიური ქცევის პროვოცირებას. გარდა ამისა, საჯარო დამცირებამ შეიძლება გაზარდოს იმის ალბათობა, რომ ბავშვი დაჩაგრული იქნება სხვების მიერ. აუცილებელი არ არის ბავშვი შევარცხვინოთ იმისათვის, რომ ესა თუ ის ქცევა მცდარად შეაფასოს.
დასჯის როგორი სტრატეგია უნდა აირჩიოს აღმზრდელმა?
დასჯის სტრატეგიების არჩევისას პირველ ეტაპზე აღმზრდელმა უნდა გააცნობიეროს ბავშვის განვითარების დონე, რაც გულისხმობს ადეკვატურ რეაგირებას ბავშვის ასაკისა და ქცევის გათვალისწინებით. მეორე ეტაპზე გააცნობიეროს, რამდენად თანმიმდევრულია მის მიერ არჩეული სტრატეგია, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება ერთი და იმავე ნეგატიური ქცევის შესრულების დროს ბავშვი ერთ დღეს წავახალისოთ, ხოლო მეორე დღეს დავსაჯოთ.
ბავშვები მიმართავენ ნეგატიურ ქცევას მშობლების ყურადღების მისაქცევად, როდესაც მშობელი მხოლოდ ნეგატიურ ქცევაზე რეაგირებს თავისდაუნებურად იწვევს კონკრეტული ქცევის განმტკიცებას. ცუდი საქციელი ხშირ შემთხვევაში მშობლის ყურადღების მიქცევის საუკეთესო საშუალებაა. მნიშვნელოვანია, მშობლებმა ყურადღება გაამახვილონ არა შეცდომებზე, არამედ იმ ქცევებზე, რომლის ნახვაც ხშირად სურთ. შეეცადეთ, ყოველთვის წაახალისოთ კარგი ქცევა, მაგალითად შეაქეთ, როცა რაიმე კარგად გამოუვა და გამოხატოთ სიხარული.
ხშირად მშობლები უშვებენ შეცდომას, როდესაც აფასებენ ბავშვს და არა ქცევას, რაც იწვევს ბავშვის თვითშეფასების დაქვეითებას განვითარების ადრეული ეტაპიდან. მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვის დასჯის დროს ყურადღება გაამახვილოს ქცევაზე და არა ბავშვზე, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი ისჯება არა იმის გამო, რომ ცუდი ბავშვია, არამედ იმის გამო, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ის ცუდად მოიქცა.
რა გავლენას ახდენს ფიზიკური დასჯა ბავშვის ფსიქო–ემოციურ განვითარებაზე?
დასჯა საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე. გარდა ტკივილისა, ფიზიკური დასჯის დროს ბავშვი გრძნობს ნეგატიურ ემოციებს, სიბრაზეს, წყენას, შიშს, რამაც შესაძლოა განსაზღვროს მისი სამომავლო ქცევა. როდესაც მშობელი იყენებს ფიზიკური დასჯის მეთოდებს, როგორიცაა: ხელის დარტყმა, თმის მოქაჩვა, ყურის აწევა და ა.შ. ბავშვი დაისწავლის, რომ პრობლემის მოგვარების საშუალება სწორედ ფიზიკური ძალის გამოყენებაა, შესაბამისად მოახდენს ქცევის მოდელირებას და თვითონაც გამოიყენებს ფიზიკურ დასჯას, როგორც მიზნის მიღწევის საშუალებას.
ფიზიკური დასჯის გამოყენება მხოლოდ ნეგატიურ შედეგებთან ასოცირდება, როგორიცაა მოტყუება და გაქცევა, რის საფუძველსაც წარმოადგენს დასჯის შიში. ბავშვი განვითარების ადრეული ეტაპიდან სწავლობს ტყუილის თქმას, რათა თავიდან აირიდოს სასჯელი. ტყუილმა კი შეიძლება მშობელში დასჯის გამოყენების მოტივი უფრო მეტად გააძლიეროს, ასევე უარყოფითად იმოქმედოს მშობლისა და ბავშვის ნდობაზე, საბოლოოდ, მათ ურთიერთობაზე დამანგრევლად აისახოს და ბავშვს თავი ისეთ ადამიანად აგრძნობინოს, რომელიც სიყვარულს არ იმსახურებს.
პოზიტიურ რეაგირებას ბევრად უფრო ძლიერი გავლენა აქვს ქცევის ფორმირებაზე, ვიდრე ნებისმიერ სასჯელს.