გვესაუბრება პედაგოგი და ოთხი შვილის დედა სუზი ბერიძე.
სხვადასხვა კვლევის მიხედვით პანდემიურ პერიოდში მოსწავლეთა აკადემიურმა ხარისხმაც მოიკლო და ბავშვებიც ბევრი სხვადასხვა პრობლემის და სიძნელის წინაშე დადგნენ – სოციალიზაციის ნაკლებობა, გაჯეტების ჭარბი მოხმარება, ნაკლები ფიზიკური აქტივობა და გართობა. ახლა, როცა ზაფხულია, როგორი უნდა იყოს პანდემიის შემდგომი საზაფხულო არდადეგები ბავშვებისთვის, რა უნდა ისწავლონ და აღმოაჩინონ და თქვენ რა დავალებები მიეცით მოსწავლეებს და რას ურჩევდით სხვებსაც?
ჩემს მოსწავლეებს საზაფხულო არდადეგების დაწყების დროს ერთადერთი დავალება მივეცი – გადაიღონ პატარა დოკუმენტური ფილმი, ორი ან სამწუთიანი იმ თემაზე, რაც გაუხარდებათ. თემა შეიძლება იყოს ერთი საინტერესო დღე მათ ცხოვრებაში, საინტერესო ბავშვი, ადამიანი, ცხოველი და შემდეგ დააკავშირონ წიგნის რომელიმე პერსონაჟთან და შედარება გააკეთონ. ჩემს მოსწავლეებს მოეწონათ დავალება და მომავალში ვნახავთ, რას გააკეთებენ. რომ მიმეცა ასეთი დავალება – მოეძებნათ ისტორიული ფაქტები, დარწმუნებული ვარ შედეგი არ მექნებოდა და არავინ შეასრულებდა. ამაზე წინასწარ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ მასწავლებლებმა და ჩვენ მთელი წელი გვაქვს ბავშვებზე დასაკვირვებლად, კარგად ვხედავთ ვის რა შეუძლია, ვინ რა მიმართულებით არის უფრო ძლიერი, ვის რა მოსწონს და ა.შ. თუ მასწავლებლებმა ბავშვების ინტერესებზე დაყრდნობით არ შევადგინეთ დავალება, წყალში ჩაყრილია ჩვენი შრომა – იტანჯება ბავშვი, ვერ ინტერესდება და პროცესი არის უსიამოვნო. ჩემი მოსწავლეები ჩართული არიან “სინედოკის” კლუბში. დოკუმენტურმა ფილმებმა მთელი კლასი დააინტერესა, ამიტომ ამ მიმართულებით მოვძებნე დავალებები, რადგან მთელი კლასის ინტერესი უკვე ცნობილი იყო და ინდივიდუალური მიდგომა არ დამჭირდა. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესში სხვადასხვა დავალება მივცე და არ ვგულისხმობ რუტინულ დავალებებს, არც იმას ვფიქრობ, რომ ძალიან უნდა დავტვირთო ბავშვი, სწავლა ვაიძულო და უსიამოვნო პროცესი გავხადო ეს მათთვის. პანდემიის პერიოდში სასწავლო პროცესში მთელი რიგი პრობლემები და დანაკარგები გაჩნდა, ამას ვერ გავექცევით და თვალი უნდა გავუსწოროთ. ეს დანაკარგები შეეხო თითქმის ყველა საფეხურს, რადგან ძალიან შემცირებული დრო გვქონდა მასწავლებლებსა და მოსწავლეებსაც დისტანციური სწავლების პირობებში. ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნებოდა მთელი სასკოლო სისტემა რომ ჩართულიყო ზაფხულში არაფორმალური განათლების აქტივობების განხორციელებაში და გეტყვით, რა აქტივობებს ვგულისხმობ: წიგნიერების დონის ამაღლება, რაშიც არ იგულისხმება მხოლოდ წიგნების კითხვა, STEM განათლების დანერგვა, მოსწავლეთა გუნდური მუშაობის ხელშეწყობა, კომუნიკაციის გაძლიერებისკენ მიმართული აქტივობების ხელშეწყობა, კრიტიკული აზროვნების გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებები და ა.შ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევ ბავშვთა ფიზიკური გააქტიურებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, რადგან ბავშვების ფიზიკური აქტივობა პანდემიის პერიოდში ძალიან პრობლემური თემა იყო.
ციფრული გაჯეტები ზაფხულში კიდევ უფრო მეტი თავსატეხია რეჟიმის არარსებობის და მეტი გამოთავისუფლებული დროის გამო. როგორ გამოვიყენოთ ციფრული ნივთები სასარგებლოდ და ამ მხრივ რას გვირჩევდით, როგორია თქვენი გამოცდილება?
ჩვენ ვერ ავუვლით გვერდს ციფრულ სამყაროს, რადგან ციფრული თაობა გვყავს. ძალიან რთულია ბავშვს გაჯეტებიდან და ტექნიკიდან გადაატანინო ყურადღება, რადგან ეს ნივთები უკვე მისთვის ძალიან ახლობელია. მუდმივი მოწოდება, რომ ბევრი იკითხონ და კითხვა ძალიან სასარგებლოა, ძალიან მარტივად შეიძლება დარჩეს მხოლოდ მოწოდებად. ახლანდელ ბავშვებს უფრო მეტი მოტივაცია სჭირდება, ვიდრე დასჭირდებოდა ტექნოლოგიების განვითარებამდე მცხოვრებ ბავშვს. ჩემი ძალიან მოკრძალებული რჩევა იქნება მშობლებთან, რომ არ აუკრძალონ შვილებს ტექნოლოგიებთან ურთიერთობა და ნუ დავკარგავთ დროს უსარგებლო ჩხუბში. მეც, როგორც ოთხი შვილის დედას ასეთი გამოცდილება მაქვს, გაჯეტებით დაინტერესებული ბავშვები, მაგრამ ვფიქრობ ურთიერთთანამშრომლობით და ურთიერთშეთანხმებით ეკრანებთან გატარებული დრო შეიძლება ვაქციოთ პროდუქტიულ, სასარგებლო საქმიანობად. ასეთივე დამოკიდებულება და მიდგომა ძალიან ამართლებს სასწავლო პროცესში. მაგ. ბავშვებს, რომლებიც თამაშობენ “პაბჯის”, “მაინქრაფთს” და სხვას, მე ვაძლევ ისეთ დავალებას, რომ „მაინქრაფთში“ ჩართონ სამოქალაქო განათლების კომპონენტები, გააკეთონ იმის პრეზენტაცია, რაც ძალიან მოსწონთ თავიანთ თამაშებში, აღმოჩნდა, რომ ერთი მოსწავლე არქიტექტურით არის გატაცებული და ძალიან საინტერესო ონლაინ რესურსი წარმოგვიდგინა (რომლითაც თანაკლასელები დაინტერესდნენ და ისარგებლეს) და მათ ძალიან მოსწონთ, როცა თავადაც ქმნიან სასარგებლო პროდუქტს. ფაქტია, რომ იმ დროს, რომელსაც ისედაც ატარებენ გაჯეტებთან, უფრო სასარგებლოდ გამოიყენებენ. ვფიქრობ, შესაძლებელია ყველა საგნის ინტეგრირება ციფრულ ტექნოლოგიებთან, რომ მოსწავლეებმა საყვარელი თამაშების მიხედვით დახატონ კომიქსები, შექმნან ანიმაციები და ა.შ. ჩემმა მოსწავლეებმა თამაშ “ბრაულ სთარის” პერსონაჟების მიხედვით შექმნეს კომიქსი. გაკვეთილზე სრული დაფარვა გვქონდა კლასში და ყველა მოსწავლე მაქსიმალურად იყო ჩართული, რადგან პოპულარული თამაშია და ყველას აინტერესებდა. ასეთივე ინტერესით დაამზადეს ხელნაკეთი სამაგიდო თამაში “ისტორიული უნო”. მე ვფიქრობ, რომ ბავშვების ინტერესების უგულებელყოფა და ამის არდანახვა არის სრულიად არასასარგებლო რამ. ნებისმიერი ასეთი აქტივობა მისაღებია ჩემთვის, თუ დამეხმარება, რომ მეტად დავაინტერესო ბავშვები საგაკვეთილო პროცესით, მეტად ჩავრთო ისინი პროცესში და გამოვავლინო მათი შესაძლებლობები. პანდემიამ მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი ძალიან დაგვაზარალა ფსიქო-ემოციურად და ეს შეგრძნებები ძალიან დიდხანს გაგვყვება, ამიტომ ვფიქრობ, საჭიროა ამ მიმართულებით მოსწავლეთა ინფორმირება. ამ მიმართულებით განხორციელდა კარგი პროექტი, სახელწოდებით “ჩვენი გონება”, რათა ფსიქიკური ჯანმრთელობის წიგნიერება დაენერგათ სხვადასხვა სკოლებში. პროექტის მონაწილეები 11-13 წლის მოზარდები იყვნენ. ვფიქრობ, ყველა საფეხურზე მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის წიგნიერების შემოტანა და კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით დანერგვა, რადგან მართლაც ყველას ძალიან გვჭირდება ვიცოდეთ როდის რა და რატომ გვემართება და როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ სტრესს და დავძლიოთ სიძნელეები მარტივად. არცოდნის შემთხვევაში კი მარტივად დაძლევადი სიძნელე მოგვეჩვენოს უდიდეს კატასტროფად, რომელიც ჩვენს თავს ხდება. ძალიან მინდა მშობლებს და მოსწავლეებს ვურჩიო, რომ უფრო მეტი დრო დაუთმონ არაფორმალურ განათლებას, რადგან ეს ძალიან ეხმარება ბავშვებს იყვნენ უფრო მეტად გახსნილები, განავითარონ კრიტიკული აზროვნება და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები. მინდა მშობლებს ვურჩიო, რომ ქულები და შეფასება არ გახდეს იდეაფიქსი, რადგან ამით ბავშვების ფსიქიკას ადგება სტრესი და სასწავლო პროცესი აღარ არის სასიამოვნო ბავშვებისთვის. მშობლისთვის და მასწავლებლისთვის პირველ რიგში პრიორიტეტული უნდა იყოს ბავშვის აღმოჩენა, მისი შესაძლებლობების ძიება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ბავშვებს იპოვონ ის მიმართულებები, სადაც თავს იგრძნობენ ბედნიერად და ამაზე მოვარგოთ სასწავლო პროცესი. ამის პარალელურად აიწევს აკადემიური ხარისხიც და პროცესიც გახდება უფრო საინტერესო და სასიამოვნო მოსწავლეებისთვის.