პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი თინათინ ქართველიშვილი.
როგორ გავუძლიეროთ ბავშვებს სწავლისადმი ინტერესი და გავზარდოთ მათი მოტივაცია?
სწავლა რთული პროცესია, რომელიც მოითხოვს თვითორგანიზებას, დაგეგმვას, თანმიმდევრულობას, მოტივაციის შენარჩუნებას, კრიტიკულ აზროვნებას და ა. შ. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ სწავლისადმი ინტერესზე, აუცილებელია სწავლების პროცესი გავხადოთ საინტერესო და მოსწავლეებს გავუღვივოთ ცნობისმოყვარეობა, ძიების სურვილი, რათა სწავლის წარმმართველი ძალა მათი შინაგანი მოტივაცია გახდეს.
რა ფაქტორები განსაზღვრავს ბავშვის სწავლის მოტივაციას?
ბავშვის სწავლისადმი მოტივაცია შეიძლება იყოს შინაგანი და გარეგანი ფაქტორებით განპირობებული. შინაგანი მოტივაციაა: ცნობისმოყვარეობა, ინტერესი, ძიების სურვილი გარკვეული წიგნის, საგნის, დარგის მიმართ, ხოლო გარეგანი მოტივაციაა: ნიშანი, შეფასება, გარკვეული ჯილდო, აღიარება და ა. შ. თავისთავად სასურველია, მშობლებმა და მასწავლებლებმა ბავშვში შინაგანი მოტივაციის, როგორც სწავლის მთავარი წარმმართველი ძალის ჩამოყალიბებას შეუწყონ ხელი, რათა სწავლის პროცესი იყოს სასიამოვნო, საინტერესო და არა დამღლელი და მოსაბეზრებელი.
რა უნდა გაითვალისწინონ მასწავლებლებმა და მშობლებმა სწავლებისას?
მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს სწავლისას ბავშვში აღიძრას სურვილი თვითგანვითარების, ახლის ძიებისა და შექმნის და არა უმაღლესი ქულის მიღების. ამიტომ ერთობლივი ძალებით უნდა შექმნან სწავლებისთვის უსაფრთხო, მიმღებელი გარემო, სადაც ბავშვისთვის შეცდომების დაშვება შეიძლება, რადგან სიახლის შემეცნება და ყოველ ახალ გამოწვევასთან შეჭიდება, თავისთავად გულისხმობს შეცდომების დაშვების ალბათობას. ეს ყოველივე კი პიროვნულ ზრდასთანაა დაკავშირებული.
აუცილებელია ბავშვს დავეხმაროთ რეალისტური, მათ შესაძლებლობებთან ახლოს მდგომი, მიზნის დასახვაში. მიზნამდე მიმავალ პატარებს უნდა დავეხმაროთ საჭიროებებისამებრ, ვაგრძნობინოთ, რომ არ არიან მარტონი და შეუძლიათ ჰქონდეთ ჩვენი იმედი, მაგრამ მათი ავტონომიურობა ჩვენი ზედმეტი ჩართულობით არ უნდა შევუზღუდოთ. აუცილებელია იგრძნონ საკუთარი რესურსები და ძალები, რომ ნამდვილად შეუძლიათ დასახულ მიზნამდე მისვლა დამოუკიდებლად. ეს არა მარტო შინაგანი მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს, არამედ თვითშეფასებაზეც ახდენს მნიშვნელოვან გავლენას.
მშობლებისა და მასწავლებლების მხარდაჭერა, მეგობრული ურთიერთობა, ბავშვის შესაძლებლობებისა და დასახული მიზნების რწმენა, რეალისტური მოლოდინი ბავშვის აკადემიური მოსწრებისადმი შესაძლოა ბავშვისთვის სწავლისას გახდეს ერთ-ერთი მთავარი ძლიერი მამოტივირებელი ძალა.