Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის”  ესაუბრება  საგანმანათლებლო სივრცის “ABApedia” დამფუძნებელი, ფსიქოლოგი, ქცევის ანალიტიკოსი გვანცა ჩვამანია. 

სწავლა რთული პროცესია, როდესაც მოზარდს განსაკუთრებული კონცენტრირება, დისციპლინა და მობილიზება სჭირდება ყურადღების მოსაკრებად. როგორ დავეხმაროთ ბავშვებს სასწავლო გამოწვევებთან გასამკლავებლად

იმისათვის, რომ თქვენს შეკითხვას გავცე პასუხი, პირველ რიგში საჭიროა განვმარტოთ, რა არის სწავლა – სწავლა არის გამოცდილების შედეგად მიღწეული ცვლილება ადამიანის ცოდნას, დამოკიდებულებებსა და ქცევაში. 

სწავლის შედეგად ბავშვები განსხვავებულად ხედავენ სამყაროს და ახალი ქცევებით პასუხობენ გარემოს გამოწვევებს. 

სწავლას ადამიანი დაბადებიდან 3 თვის ასაკში იწყებს და მთელი ცხოვრება აგრძელებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სწავლაში ხშირად მხოლოდ აკადემიურ აქტივობებს მოიაზრებენ, რაც სწორი არ არის. ყველაფერი ახალი, რასაც სამყაროსთან ინტერაქციით ვიძენთ: ჩვევა, უნარი თუ ცოდნა – სწავლის შედეგია. ბუნებრივია, ყველაზე კარგად და ადვილად ბავშვობიდანვე ვსწავლობთ იმას, რაც გვაინტერესებს. სწავლისადმი ინტერესს მრავალი რამ განსაზღვრავს და ყველას ვერ ჩამოვთვლით, თუმცა ვისაუბროთ ყველაზე გავრცელებულ ფაქტორებზე:

  • მზაობისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინება  რამდენად აქვს ბავშვს შემეცნებითი, ემოციური, ფიზიკური და ქცევითი მზაობა კონკრეტული უნარის ასათვისებლად. ასაკისათვის შეუსაბამო და არაგონივრული მოთხოვნები საკმაოდ გავრცელებული მიზეზია, რამაც შესაძლოა ბავშვს სწავლისადმი ინტერესი დაუკარგოს. მარტივად რომ ავხსნათ, ბავშვს რომელმაც ჯერ სიარული არ იცის, ვერ მოვთხოვთ სირბილს ან თუ ციფრების ცნობა არ იცის, ვერ შეძლებს ანგარიშს. თუ მუდმივად ვეცდებით ვასწავლოთ ისეთი რამ, რისთვისაც მზად არ არის,  მარცხისთვისაა განწირული, რაც,  ერთი მხრივ, უსუსურობის განცდას და თვითშეფასების პრობლემებს გააჩენს, ხოლო, მეორე მხრივ, ნასწავლი ყოველთვის მექანიკური იქნება და ასეთი ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებას ვერ შეძლებს.
  • შინაგანი და გარეგანი მოტივაციაშინაგანი მოტივაციაა, როცა ადამიანს თავად სიამოვნებს ის, რასაც აკეთებს, ხოლო გარეგანი – ის, თუ რას იღებს სწავლის შედეგად. მაგალითად, თუ ბავშვი სწავლობს რომელიმე მუსიკალურ საკრავზე დაკვრას, შინაგანი მოტივაცია აქვს, თუ თავად უყვარს მუსიკა და დაკვრისგან სიამოვნებას იღებს, ხოლო გარეგანი მოტივაცია შეიძლება გახდეს მშობელი, რომელიც ბავშვს გულწრფელი ინტერესით უსმენს, ინტერესდება და აღფრთოვანებით აქებს შვილს გაწეული შრომისთვის.თუ ეს ორი მოტივაცია თანხვედრაშია, ბავშვი სწავლისადმი ინტერესს არ კარგავს და სიამოვნებით აგრძელებს სწავლას.
  • ნებისყოფა – სწავლა ხანგრძლივი პროცესია და ერთბაშად არ დგება შედეგი. საჭიროა შრომა და საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი. ჩემს გამოცდილებაში, ხშირად ხდება, როდესაც ბავშვი გამოთქვამს სურვილს იაროს სხვადასხვა სპორტზე ან შეისწავლოს რომელიმე უცხო ენა და მშობელიც სიხარულით თანხმდება, იწყება სწავლა და გარკვეული დროის შემდეგ, პირველივე სირთულესთან ერთად მოსწავლე ინტერესს კარგავს და აღარ აგრძელებს წრეზე სიარულს, შემდეგ რაღაც სხვას წამოიწყებს და ცოტა ხანში იგივე მეორდება. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ბავშვს დავეხმაროთ მარცხის მიუხედავად მეტი ძალისხმევით გააგრძელოს შრომა და წამოწყებული საქმე პირველივე სირთულისთანავე არ მიატოვოს. 
  • არჩევანირამდენად აქვს საშუალება თავად აირჩიოს ის, თუ რის სწავლაში დახარჯავს დროს და ენერგიას. კვლევები ცხადყოფს, რომ ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ არჩევანის საშუალება, უფრო მოტივირებულები არიან და უკეთეს შედეგსაც აღწევენ.
  • პოზიტიური სწავლებასწავლისადმი ინტერესის შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია სასწავლო გარემოს და მასწავლებელს. არაერთხელ გაგვიგია, რომ სკოლაში არ სწავლობდნენ კონკრეტულ საგანს, რადგან მასწავლებელი არ მოსწონდათ, ან ზედმეტად მკაცრი იყო. სასწავლო გარემოში შიში და შფოთვა მნიშვნელოვნად უშლის ხელს საგნის ათვისებას.  

უნდა გვახსოვდეს, რომ სწავლა აქტიური პროცესია, ბავშვი უკეთ სწავლობს თუ სასწავლო პროცესი ინტერაქციულია, მასწავლებელი – მხარდამჭერი, სწავლების მეთოდები კი მრავალფეროვანი.

საჭიროა თუ არა სპეციალისტის ჩარევა, როდესაც ბავშვი სწავლისადმი ინტერესს არ იჩენს?

სწავლა ხანგრძლივი პროცესია და ერთბაშად არ უნდა ველოდოთ მოსწავლის ქცევაში ცვლილებებს.
ბავშვი ძირითადად სამყაროსთან უშუალო კონტაქტით და მიბაძვით სწავლობს, ამიტომ ცხოვრების პირველივე წელიწადს უნდა შევუქმნათ მასტიმულირებელი და მდიდარი გარემო,  სადაც წახალისდება წიგნიერება, ფიზიკური აქტივობა, მუსიკისადმი სიყვარული და ა. შ.

თუ მშობელი ამჩნევს, რომ პოზიტიური სასწავლო გარემოს მიუხედავად ბავშვს: არ აქვს ან უჩვეულოდ ვიწრო ინტერესები აქვს, ვერ სწავლობს თამაშით და ბუნებრივად, გაურბის სირთულეებს, მარცხის შემდეგ წამოწყებულ საქმეს აღარ აგრძელებს, მეცადინეობას მუდმივად აპროტესტებს ან აჭიანურებს, განიცდის და გაურბის სასწავლო პროცესს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა სპეციალისტთან კონსულტაცია.

რა მიდგომები გამოვიყენოთ მშობლებმა?

მშობელი დაბადებიდან აქტიურად უნდა ეთამაშოს ბავშვს, რადგან თამაში სწავლის და შემეცნების პირველი გზაა. აუცილებლად უნდა დააკვირდეს შვილს და აქტივობების შეთავაზებისას გაითვალისწინოს ბავშვის ინტერესები და ძლიერი მხარეები. როგორც უკვე ვთქვით, ბავშვები სწავლობენ მიბაძვით, მშობელი უნდა იყოს ბავშვის სწავლის ქცევისათვის მოდელი, მაგალითად: თუ უფროსი ძირითად დროს ეკრანთან ატარებს და შვილი ვერასოდეს ხედავს მას წიგნით, ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ბავშვს ეყვარება წიგნის კითხვა.

დაბოლოს, ნუ იტყვით სიამაყით: „ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი.“! მშობლის მხრიდან სწორად გამოყენებულ შექებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. არსებობს კვლევები, რომელიც ცხადყოფს, რომ უმჯობესია ბავშვი შევაქოთ არა ნიჭიერებისთვის, არამედ გაწეული შრომისთვის. ის ბავშვები, რომლებსაც ძალისხმევის გამოყენებისთვის აქებენ, ნებისყოფასა და  შრომისმოყვარეობას სწავლობენ, რაც წარმატებისათვის აუცილებელი პირობაა. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5