Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცის” ესაუბრება პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი.

გვესაუბრეთ, რა არის ტანტრუმი? რას ითხოვს ასეთ დროს ბავშვი?


ტანტრუმი არის ბავშვის რეაქცია, როდესაც სასურველ მიზანს ვერ აღწევს, იქცევს ყურადღებას და ცდილობს დაიკმაყოფილოს სურვილი. ეს ერთგვარი თავდაცვის მექანიზმი და “იარაღია” ბავშვის ხელში, რითიც ემოციურ ზეგავლენას ახორციელებს თავის მეურვეზე და ცდილობს ის შედეგი მიიღოს, რაც სურს.

ბავშვების რა ასაკობრივ კატეგორიაში გვხვდება ბავშვის ასეთი ქცევა?


როგორც წესი, მეორე წელიწადში გადასვლისას იწყება, შეიძლება გაუარესდეს მესამე წელში და შემდგომ ნელ-ნელა უნდა გაუმჯობესდეს მდგომარეობა.

რა შეიძლება გახდეს ტანტრუმის გამომწვევი მიზეზი?

ტანტრუმის გამომწვევი მიზეზი რა არის, ზუსტად ვერ ვიტყვით. პირველი, რაც პედიატრმა უნდა ასწავლოს მეურვეს, არის ის, რომ ეს მისი ბრალი არ არის და ეს არის ქცევა, რომლის დროსაც ბავშვი ცდილობს ყურადღება მიიპყროს, ზეგავლენა მოახდინოს მშობელზე და მიაღწოს ამა თუ იმ მიზანს.

თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, როგორ შეიძლება შევამციროთ მინიმუმამდე ტანტრუმის ეპიზოდები – ბავშვს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული რუტინა, უნდა ჭამდეს და სვამდეს განსაზღვრულ დროს, თუ დილის საათებში იძინებს, უნდა დაიძინოს, თუ არ იძინებს, უნდა მოვიფიქროთ სხვადასხვა აქტივობა, რაც შეამცირებს ტანტრუმებს, მაგალითად: ზღაპრის წაკითხვა ან ნებისმიერი სხვა საერთო აქტივობა.

როგორ ვმართოთ ბავშვის ქცევა ასეთ დროს, რომ ის ნაკლებად დაზიანდეს?

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წყობიდან გამოსვლა, ჩხუბი, ხელით შეხება. ასევე გამოსავალი არ არის მშობლის მიერ დადგენილი წესების გადახედვა ტანტრუმის გამო, ეს, პირიქით, წაახალისებს მსგავს ქცევას.

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მეთოდი, თუ ბავშვის მიერ საკუთარი თავის დაზიანება არ არის სავარაუდო, არის ამ ქცევის იგნორირება. ასევე კარგი მეთოდია, ბავშვის ყურადღების სხვა რამეზე გადატანა, გართობა და მხიარული ხმით მისთვის სხვადასხვა აქტივობის შეთავაზება. თუ ვართ ხალხმრავალ ადგილას, სტრესის შემცირებისთვის გამართლებულია განმარტოვება.

თუ იგნორირებაც არ გამოდის და არც ბავშვთან ერთად განმარტოვება, ბავშვს უნდა ვესაუბროთ მშვიდი ტემბრით და განვიხილოთ პრობლემა.

ისეთ შემთხვევებში, როდესაც  ბავშვი აზიანებს თავის თავს, ტანტრუმები უარესდება 4 წლის მერეც, აზიანებს ქონებას, ზედმეტი მიჯაჭვულობა ვითარდება მეურვეზე და/ან ამ ყველაფერს ემატება სხვა დასწავლილი ქცევების გაუარესება, უნდა მივმართოთ სპეციალისტს. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5