Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი, პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოკონსულტანტი მედეა გელდიაშვილი.

გვესაუბრეთ სოციალურ შფოთვაზე ბავშვებში. რა განაპირობებს ამ ტიპის შფოთვას და როგორ დავეხმაროთ ბავშვებს, რომელსაც მოჭარბებული სოციალური შფოთვა ახასიათებთ?

შფოთვა ბავშვებისთვის დამახასიათებელია და ის ასაკთან ერთად იცვლება. მაგ: ჩვილობის ასაკში პატარას უცხო ადამიანის, უცხო სტიმულების მიმართ აქვს შიში, სასკოლო ასაკში ბავშვებს ეშინიათ ზღაპრის გმირების, სიბნელის, ცხოველების. მოზარდობის ასაკში დომინანტური ხდება სოციალური სიტუაციები და პიროვნული საკითხები. 

ხშირად ვხვდებით ბავშვებს, რომელთაც უჭირთ ურთიერთობის დამყარება,  თანატოლებთან ერთად სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება, ინიციატივის გამოჩენა, თავს არაკომფორტულად გრძნობენ უცხო გარემოში და ცდილობენ ყურადღების მიღმა დარჩნენ. როგორც წესი, ასეთ ქცევას სიმორცხვედ განიხილავენ, თუმცა ამას შესაძლოა გაცილებით ღრმა საფუძველი ჰქონდეს, მაგალითად, სოციალური შფოთვა. 

სოციალური შფოთვის დროს ბავშვს აქვს ძლიერი შიში უცნობებთან ურთიერთობის, ეშინია, რომ შეარცხვენენ, წარუმატებლობის შემთხვევაში დაამცირებენ. მას მუდმივად უსიამოვნო ფიქრები და მოლოდინები აწუხებს. მოჭარბებული შფოთვის დროს ბავშვში იცვლება ქცევა. უსიამოვნო მდგომარეობის პრევენციის მიზნით პატარა ამჯობინებს იზოლირებულად ყოფნას, უარს ამბობს ხალხმრავალ ადგილებში წასვლაზე და თავს არიდებს თანატოლებთან ურთიერთობას. შფოთვა შესაძლოა  გამოწვეული იყოს ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორებით, ადრეული ტრავმული გამოცდილებით.

პირველ რიგში უნდა მოხდეს დიფერენცირება დაბალი ინტენსივობის შფოთვისა და ჭარბი, ირაციონალური შფოთვის. თუკი მცირეწლოვანი ცვლის ჩვეულ ქცევას, თავს არიდებს აქტივობებს, ზღუდავს სოციალურ ურთიერთობებს, მშობელმა უნდა მოიძიოს ის მეთოდები, რომელთა საშუალებით შეძლებს ბავშვის მხარდაჭერას. რაც მთავარია, მუდმივი ინტერაქცია უნდა გვქონდეს ბავშვთან. ვკითხოთ თავისი განცდების შესახებ, გავაჟღეროთ, რომ მზად ვარ მოსასმენად, ნებისმიერ  საკითხში ჩვენ მის გვერდით ვართ. მნიშვნელოვანია, რომ ეს დამოკიდებულება გაცდეს ვერბალურ გამოხატულებას და ბავშვს ემოციურ დონეზე სჯეროდეს ჩვენი. ყოველი მოვლენის, სიტუაციის შესახებ მივაწოდოთ წინასწარ ინფორმაცია, შევუქმნათ წარმოდგენა იმისთვის, რომ შფოთვის ხარისხი შევამციროთ. გავაკეთოთ აქცენტები მის რესურსებზე. ნუ გავკიცხავთ, პიროვნულ ტერმინებში ნუ შევაფასებთ, არამედ გვქონდეს ემპათია და მიღება მისი მდგომარეობის. მხოლოდ ასე შევძლებთ რეალურ მხარდაჭერას.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5