Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება ფსიქოლოგი ნათია მალანია.

როგორ ხდება ბავშვის პოზიტიური ქცევის განმტკიცება? 

არასასურველი ქცევა ბავშვის მხრიდან კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის შესამცირებლად საჭიროა ბავშვს ვასწავლოთ მიზნის მიღწევის ალტერნატიული, მისაღები ფორმა. მინდა აქცენტი გავამახვილო უფროსების მხრიდან კომუნიკაციის სტილზე, მნიშვნელოვანია, ჩვენ როგორი კომუნიკაცია გვაქვს ბავშვთან. რეალურად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უფროსის კომუნიკაციის სტილს, როგორ ქცევას ახალისებს და აღზრდის რა სტრატეგიებს იყენებს ის. თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ბავშვს  გარკვეულწილად შეუძლია დიალოგზე წამოსვლა, თუ მას შეუძლია წესების გაგება და არგუმენტირებული მსჯელობა, ამ შემთხვევაში მხოლოდ აკრძალვა შედეგს ვერ გამოიღებს, გაჩნდება კითხვა რატომ არ შეიძლება. უმჯობესია, შემოვიტანოთ წესები ერთობლივად, რაც არ ნიშნავს, მკაცრ და დირექტიულ აღზრდას. წესები და სტრუქტურა ბავშვს აძლევს განსაზღვრულობის განცდას. როცა განსაზღვრულია, რას რა მოჰყვება,  მით უფრო ნაკლებია შფოთვაც და რაც უფრო ნაკლებია შფოთვა, მით უფრო ნაკლებია ქცევითი სირთულეები. თუ ბავშვთან ერთად არის შემუშავებული წესები, რომლის დაცვა მას შეუძლია, მაშინ ვთანხმდებით ერთად რა უნდა გავაკეთოთ, როგორც ბავშვმა, ასევე მშობელმა და ვთანხმდებით წესების შესრულების შემთხვევაში რას მიიღებს თითოეული ჩვენგანი ანუ რა იქნება ჯილდო. აუცილებელია, საწყის ეტაპზე ე.წ. განმამტკიცებელი გვქონდეს, რომლის მეშვეობითაც შეძლებს ბავშვი წესების დაცვას. როცა ბავშვი ჩაალაგებს თავის სათამაშო ნივთებს ყუთში და მოაწესრიგებს ოთახს, მხოლოდ მაშინ წავიყვანოთ სასეირნოდ. მნიშვნელოვანია, რომ წესებს იცავდეს ყველა. ერთ-ერთი პრობლემა, რის გამოც არ არის ბავშვის ქცევა მისაღები, არის ის რომ ოჯახის სხვადასხვა წევრი ურთიერთობის განსხვავებულ ფორმას, განსხვავებულ სტრატეგიას ირჩევს. შესაძლებელია დედა საყვედურობდეს და ამ დროს მამა ეხუტებოდეს, ან ბებია ეფერებოდეს. თუ არსებობს წესი, ის უნდა იყოს დაცული ყველას მიერ, ამ წესებზე  სჯობს, რომ ოჯახის წევრები ერთად შეთანხმდნენ და მხოლოდ შემდგომ განიხილონ ბავშვთან.  ასევე წესებს უნდა ვიცავდეთ ყოველთვის.

იმისათვის, რომ დიაგნოსტირება მოხდეს და ბავშვის მიერ გამოვლენილი არასასურველი ქცევები ქცევით დარღვევად დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია პროფესიონალთან, ფსიქიატრთან გავიაროთ კონსულტაცია.  ჩვენ – მშობლები და ფსიქოლოგები დიაგნოზებს არ ვსვამთ. ხშირ შემთხვევაში პრობლემური ქცევა არის გარემო გამოცდილებით განმტკიცებული და როგორც წესი, თუ ლაგდება სიტუაცია სახლში და აღზრდის სწორ სტრატეგიებს იყენებენ მშობლები, ლაგდება ქცევის სირთულეც. 3 წლის ასაკში გარკვეული ქცევითი სირთულეები არ არის საგანგაშო, ნორმაა ბავშვი ტანტრუმს მიმართავდეს, იკბინებოდეს, თმებს ქაჩავდეს, მაგრამ 5-6 წლის ასაკში აღარ არის ეს ქცევა ნორმა, ამიტომაც მნიშვნელოვანია, როდესაც არასასურველ ქცევებს ავლენს ბავშვი, დავფიქრდეთ, რის მიღწევას ცდილობს ამით და რა უნდა, რომ მიიღოს. ჩვენ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ალტერნატიული ქცევა, ალტერნატიული ფორმა, რომლითაც სასურველ შედეგზე გავა. იმისათვის, რომ შევძლოთ ბავშვთან კომუნიკაცია და მისი ქცევის მართვა, მნიშვნელოვანია, ჩვენ თავად დავიწყოთ საკუთარ თავზე მუშაობა.  პოზიტიური უკუკავშირი არის ყველაზე მეტად ეფექტური გზა სოციალურად მისაღები ქცევის ხელშეწყობისთვის, რომელიც ავტომატურად ამცირებს არასასურველ ქცევას. 3-4 წლის ასაკში, იდენტობის ფორმირების ამ ეტაპზე ბავშვს საკუთარ თავზე წარმოდგენა ექმნება იმის მიხედვით, გარემო როგორ აფასებს მას. თუ გარემოში ეძახიან “ჯიუტ, “ცელქ”, “უზრდელ”, “უხეშ ბავშვს“, ის თავადაც შეიძლება იჯერებდეს, რომ არის ასეთი და ავლენდეს იმ ქცევებს, რაც არის დამახასიათებელი ამ თვისებების მქონე ადამიანებისთვის. უმჯობესია, ყოველთვის აქცენტი გაკეთდეს ქცევაზე. ჩვენ ბავშვს უნდა გავუმახვილოთ ყურადღება იმაზე, რა არ მოგვწონს, რატომ არ მოგვწონს, რას ვგრძნობთ ამ ყველაფრის გამო და რა გვინდა, რომ მომავალში გააკეთოს ბავშვმა. თუ ბავშვმა დაარტყა დედას, ამ დროს თუ დედა ეტყვის, რომ მას არ მოეწონა, რომ ხელი დაარტყა, რადგან ეტკინა და ეწყინა და თუ კი თამაში და საუბარი მოუნდება, დაუძახოს და ან ხელი მოჰკიდოს – ეს არის ალტერნატიული ფორმა და მოდელირებით ჩვენს ეს უნდა ვასწავლოთ ბავშვს. ეს მას მომავალში სასურველ შედეგამდე მიიყვანს და აღარ დასჭირდება არასასურველი ქცევების გამოვლენა. ხშირად, ბავშვებს ყურადღებას ვაქცევთ მაშინ, როცა რაღაც გააფუჭა, მაშინ, როცა ისინი კარგ რამეებს აკეთებენ, შეიძლება გამოგვრჩეს და გამოგვეპაროს. თუკი ბავშვი ჩუმად  და დამოუკიდებლად თამაშობს, ან მიირთმევს საკვებს, იცვამს დამოუკიდებლად ამ დროს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და მივცეთ პოზიტიური უკუკავშირი.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5